Latest posts by Aliq Media (see all)
თბილისში, მეიდანზე, ერების მეგობრობის სიმბოლურ ადგილას, 3 ენაზე (სომხურად, ქართულად, თურქულად) შემოქმედ საიათნოვასადმი მიძღვნილი ვარდატონი გაიმართა.
ტრადიციის თანახმად, წელსაც მაისის ბოლო კვირა დღეს, მეიდანზე ხალხმრავლობა იყო. ქართველი და სომეხი ერების წარმომადგენლები 300 წლის წინ მეგობრობის, ჰუმანურობისა და სიკეთის მქადაგებელმა აშუღმა შეკრიბა.
საიათნოვასადმი მიძღვნილ ღონისძიებას – „ვარდატონი 2017“ – ოგრანიზება გაუწია თბილისის მერიამ, სომხეთისა და საქართველოს კულტურის სამინისტროებმა და თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა. ღონისძიების ორგანიზებას ხელი შეუწყო ასევე საქართველოში სომხეთის საელჩომ.
დიდი აშუღისადმი მიძღვნილი დღესასწაული თბილისის სურბ გევორგის სომხური ეკლესიის ეზოში, საიათნოვას საფლავზე თითო ვარდის დადებით დაიწყო. რის შემდეგაც ღონისძიება საკონცერტო პროგრამით, საიათნოვას ძეგლის მიმდებარე ტეიტორიაზე , გორგასლის მოედანზე გაგრძელდა.
ვარდატონი, ტრადიციისამებრ, საქართველოსა და სომხეთის პოეტების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწეების გამოსვლებით დაიწყო. დამსწრეთა წინაშე წარსდგნენ საქართველოსა და სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარეები – მაყვალა გონაშვილი და ედუარდ მილიტოსიანი. ღონისძიების ფარგლებში მრავალჯერ აღინიშნა სომხურ-ქართული მეგობრობის გაღრმავების მნიშველობა.
ალიქ მედიასთან საუბარში ღონისძიების ორგანიზატორმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველ სომეხთა გაერთიანების“ პროექტების კოორდინატორმა, მარი არაქელოვამ ყველას მოუწოდა დავეხმაროთ 10 წლის მარიამ სარგათიანს.
„ჩვენ გადავწყვიტეთ წლევანდელი ვარდატონი მივუძღვნათ პატარას, რადგან მას ჩვენი ერთიანობა სჭირდება“-აღნიშნა არაქელოვამ.
ვარდატონში მონაწილეობის მისაღებად თბილისში ტრადიციისამებრ ჩამოვიდა სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს, აშუღური სიმღრის ანსამბლი „საიათნოვა“.
შეგახსენებთ, რომ ვარდატონი სომეხი დიდი მწერლის ჰოვჰანეს თუმანიანის, მხატვარ გევორგ ბაშინჯაღიანისა და ქართველი ლიტერატურათმცოდნე იოსებ გრიშაშვილის ინიციატივით თბილისში პირველად 1914 წელს ჩატარდა.