Latest posts by Aliq Media (see all)
რამდენიმე დღის წინ, 1 აგვისტოს, გამოქვეყნდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ბრძანება, რომლითაც დაამტკიცა „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესი“. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს რეესტრების ვებგვერდის განახლებიდან ვიგებთ, რომ 5 აგვისტოს სამინისტრომ „უცხოური ინტერესების გამტარებლების რეესტრის“ ვებგვერდი ამოქმედდა.
საქართველოში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოება და მედია ორგანიზაციები, რომლებსაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნები აფინანსებენ, უნდა დარეგისტრირდნენ „უცხოური ინტერესების გამტარებლების რეესტრში“, სადაც მათი იდენტიფიცირება შესაძლებელი იქნება საიდენტიფიკაციო ნომრით და სახელწოდებით.
საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ „აგენტების კანონის“ („რუსული კანონის“) მიღება და აღსრულება პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის კრიტიკულ, თავისუფალ, სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს საქმიანობის გაგრძელებას, ასე ფიქრობს ზოგიერთი ქართველი ექსპერტი.
მათივე თქმით, კანონი მხოლოდ ზემოხსენებულ ორგანიზაციებს არ აზიანებს, არამედ ზიანს აყენებს თავად „ქართულ ოცნებასაც“, რადგან პირდაპირ იწვევს პოლიტიკურ კრიზისს. ექსპერტების აზრით, კანონის მიღებითა და ამოქმედებით „ქართული ოცნება“ ქვეყანას დემოკრატიული განვითარების კურსს აშორებს და ისევ, რუსეთის გავლენის ქვეშ აბრუნებს.
საქართველოს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ (SJC) იურისტმა ქეთი ჩუთლაშვილმა „ალიქ მედია საქართველოს“ განუცხადა, რომ მმართველი გუნდის მიერ მიღებული ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (აგენტების კანონი“) კანონის მიზანი საქართველოში მოქმედი ორგანიზაციების გამჭვირვალობა არ არის , მისი რეალური მიზანია კრიტიკული, თავისუფალი ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა.
„ამ კანონის ამოქმედებით ის ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ადამიანის უფლებების, რელიგიის თავისუფლების, თანასწორობის, ეთნიკური უმცირესობების, ქალთა და ოჯახში ძალადობის უფლებების, სოფლის მეურნეობისა და სოციალური საკითხების მიმართულებით, და მათი საქმიანობა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ფაქტობრივად უცხოური ქვეყნის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად გადაიქცევიან, რაც, რა თქმა უნდა, არის უსამართლო და უკანონო“, – განაცხადა ჩუთლაშვილმა.
ქართულ-ევროპული ინსტიტუტის (EGI) ხელმძღვანელის, პოლიტოლოგი გიორგი მელაშვილის თქმით, „რუსული კანონი“ არის ბოლო მაჩვენებელი, რომელიც ადასტურებს „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ ანტიდემოკრატიულ და ანტიდასავლურ კურსს.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ კანონი მიღება მოხდა ქვეყნისათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებამდე, ადასტურებს, რომ მმართველი გუნდი ცდილობს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ჩაშალოს.
მან ასევე აღნიშნა, რომ სამოქალაქო არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დამოუკიდებელნი არიან და არ ემორჩილებიან ხელისუფლების ნებასა და ბრძანებას, არ დარეგისტრირდებიან „აგენტთა რეესტრში“.
„რა თქმა უნდა, არსებობს ამ ორგანიზაციების დაჯარიმების რისკი, მაგრამ ამ ზეწოლას ოქტომბრამდე უნდა გაუძლონ. დარწმუნებული ვარ, ოქტომბერში ქართველი ხალხი მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას და ეს ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური კურსი შეიცვლება, საქართველო დაუბრუნდება დასავლურ კურსს, რის შემდეგაც ეს რუსული კანონი, ჯარიმები უეჭველად გაუქმდება. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები განაგრძობენ ფუნქციონირებას ისე, როგორც ამ კანონმდებლობამდე მოქმედებდნენ“, – განაცხადა პოლიტოლოგმა „ალიქ მედია საქართველოსთან“ საუბარში.
SJC-ის „სამართლიანობა და დემოკრატიის“ პროგრამის დირექტორის გურამ იმნაძის თქმით, კანონი არ უნდა იყოს გამიჯნული პოლიტიკური კონტექსტიდან, რადგან თავიდანვე ის იყო პოლიტიკურ-ტექნოლოგიური ბრძოლის ნაწილი.
„პირველ რიგში, ხაზი უნდა გაესვას, რომ ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციასთან არათავსებადია. ფაქტობრივად, არაერთ დებულებას ლახავს. ამიტომ, ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში ერთობლივი სარჩელიც შევიტანეთ და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებასაც ვფიქრობთ. ეს კანონი იძულებითი რეგისტრაციის კომპონენტს ითვალისწინებს. ეს ჩადებულია, რომ ორგანიზაციები, რომლებიც უარს აცხადებენ რეგისტრაციაზე და მონიტორინგის შედეგად გამოირკვევა, რომ უცხოური ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, იუსტიციის სამინისტრო ასეთ ორგანიზაციებს იძულებით დაარეგისტრირებს“, – განაცხადა გურამ იმნაძემ.
აქვე აღვნიშნოთ, რომ კანონის მიხედვით „უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციისათვის დეკლარაციის წარუდგენლობა ან თავიდან აცილება გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით.
კანონის მიღებული ვერსიით, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, ინფორმაციის მიუწოდებლობისთვის დააჯარიმოს ყველა პირი, მათ შორის ფიზიკური პირები, 5000 ლარის ოდენობით. ფიზიკური პირები ასევე შეიძლება დაჯარიმდნენ კონფიდენციალური ინფორმაციის მიუწოდებლობისთვის.
არასამთავრობოები ამტკიცებენ, რომ არ დარეგისტრირდებიან „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ „აგენტების“ ბაზაში.