რუსეთის პრეზიდენტმა ფაშინიანს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 27 წლისთავთან დაკავშირებით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უცხო ქვეყნების მეთაურებისგან მილოცვებს იღებს.

ნიკოლ ფაშინიანს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

“მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა სომხეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის ეფუძნება მეგობრობის, ურთიერთპატივისცემისა და სულიერი ურთიერთობების კარგ ტრადიციებს.

დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ მოკავშირეების ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობას, ასევე პარტნიორობას ევრაზიის ინტეგრაციის პროცესში. ეს, რა თქმა უნდა, შეესაბამება რუსეთისა და სომხეთის ხალხების ინტერესებს და შეესაბამება რეგიონალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებას,” -ნათქვამია წერილში.

ზუსტად 27 წლის წინ, 21 სექტემბერს, სომხეთის მოსახლეობის 99,5%-მა მხარი დაუჭირა სომხეთის სსრკ-ს შემადგენლობიდან გასვლასა და სომხეთის დამოუკიდებელ დემოკრატიულ ქყეყნად აღიარებას. ორი დღის შემდეგ, 23 სექტემბერს, ქვეყნის უმაღლესმა საბჭომ სომხეთი დამოუკიდებელ, სუვერენულ რესპუბლიკად გამოაცხადა.