Latest posts by Aliq Media (see all)
უკვე მე-10-ე წელია რუდოლფ ერემიანი პროგრამირებითაა დაკავებული. ჯერ კიდევ 2007 წელს კომპიუტერის უქონლობის პირობებში, რუდოლფის ინტერესი ტექნიკის მიმართ მისი ახალი მობილურიდან დაიწყო.
ახალქალაქის ნომერი 2 რუსული სკოლის დამთავრების შემდეგ, კომპიუტერული მეცნიერების პროფესიის არჩევაში ეჭვი არ შეპრვია. ბათმში, ერთი სემესტრის განმავლობაში, სკოლის მოსწავლეების გაცვლითი პროგრამის შედეგად, რუდოლფმა ქართული ენის საბაზისო ცოდნა მიიღო. ასე მას საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების იდეა დაებადა.
რუდოლფი აღიარებს: ქართულ გარემოში მისი ინტეგრაციის პროცესი „1+4“ პროგრამის მოსამზადებელი კურსიდან დაიწყო“.
„არა მხოლოდ გავაძლიერე ქართულის ცოდნა, არამედ ადაპტაცია გავიარე, შესაძლებლობისდაგვარად თბილისელების კულტურა ავითვისე. ყოველდღე ქართულად ვსაუბრობდი, გარემო შევიცვალე, ქართველებთან ვმეგობრობდი, ვცდილობდი ინტეგრაციის პროცესი ამეჩქარებინა“-ამბობს რუდოლფი.
დღეს რუდოლფი საკუთარ თავს 80%-ით ინტეგრირებულად თვლის. თავს კარგად გრძნობს ჯგუფში, სადაც ერთადერთი სომეხია.
„მე ჩემი მეგობრები და კურსელები დამეხმარნენ. ახლა კი, საჭიროების შემთხვევაში, ერთმანეთს ვეხმარებით გინდ სამსახურის ძიების საკითხში, გინდ სხვა საკითხებში. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ვარ და ლექტორების კარგ დამოკიდებულებასაც ვგრძნობ. თავიდან, როდესაც ხედავდნენ, რომ სემინარზე პასუხის გაცემა
მინდოდა, ისინი გვერდში მედგნენ, მხარს მიჭერდნენ. ხანდახან ლექციების შემდეგ საკითხებს უკვე რუსულად მიხსნიდნენ“.
„1+4“ პროგრამის ნაკლოვანებებზე საუბრისას, მან აღნიშნა:
„ჩვენ ვსწავლობდით ზოგად თემებს.მე კი მათემატიკის მიმართულებით ვაბარებდი. ვფიქრობ, კარგი იქნებოდა ამ ერთი წლის განმავლობაში სტუდენტებს პროფესიული ტერმინოლოგიაც ესწავლათ“.
1+4 პროგრამის სტუდენტებს რუდოლფი ურჩევს ქართული ენის საბაზისო ცოდნა თბილისში გადმოსვლამდე შეიძინონ, ხოლო უკვე თბილისში ყოფნისას ქართულად საუბრისას არ დაკომპლექსდნენ. ამბობს, რომ ენას მხოლოდ მისი გამოყენებით ისწავლი.
დღესდღობით რუდოლფი ორგანიზაცია Pulsar Al-ში მუშაობს, მას ფრანკფურტის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით რამდენიმე პროექტიც აქვს განხორციელებული, ახალი კი „თიბისი“ ბანკთან თანამშრომლობს. „თიბისი ბანკთან თანამშრომლობით პროექტ Ti Bot-ზე ვმუშაობთ. ეს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ონლაინ საინფორმაციო მომსახურებაა, რომელიც ქართულ ენაზე ბანკის მომხმარებლების შეკითხვებს პასუხობს“ – აგვიხსნა რუდოლფმა.
რუდოლფი მომავალში სწავლის გაგრძელებას გერმანიაში აპირებს, ოცნებობს იმუშაოს საერთაშორისო, მაღალრეიტინგულ ორგანიზაციებში, როგორიცაა : facebook , google ან amazon.