რომელი პარტიები დაგვხდება ბიულეტენებზე?

საქართველოში 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველი 18 საარჩევნო სუბიექტს შორის გააკეთებს თავის არჩევანს.

ქართული ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი არჩევნებში კოალიციების სახელით, ერთიანი სიის სახით მიიღებს მონაწილეობას. მიზეზი მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონია, რომლის მიხედვითაც პარლამენტში შესული ოპოზიციური ძალები თავად პარლამენტში ვერ გაერთიანდებიან. გაერთიანების ერთ-ერთი მიზეზი ასევე არის მაღალი საარჩევნო ბარიერი, რომელიც 5 პროცენტია.

“ალიქ მედია საქართველო” წარმოგიდგენთ მოკლე ინფორმაციას ყველა მხარის შესახებ. ამ არჩევნებისთვის ქვეყანაში 4 კოალიცია შეიქმნა. ერთ-ერთი მათგანია ასოციაცია „კოალიცია ცვლილებებისთვის“.

“ქართული ოცნება: დემოკრატიული საქართველო”

საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტია 41-ე ნომრით მონაწილეობს.

ბიძინა ივანიშვილმა პარტია 2012 წელს დააარსა და ქვეყანას მესამე ვადით მართავს. ივანიშვილი ამ პარტიის სიაში პირველად არის ნომერ პირველი. პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატები მოქმედი და ყოფილი პრემიერ-მინისტრები ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი არიან. სიის ათეულში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილიც მოხვდნენ.

“ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამის შესაბამისად მინიმუმ 130 მილიარდ ლარამდე გაიზრდება ეკონომიკა 2028 წლისთვის, ამას კი მოჰყვება ქვეყნის ბიუჯეტის პირდაპირპროპორციული ზრდა. 2028 წლისთვის “ქართულ ოცნებას” აქვს “ამბიციური ამოცანა” და ქვეყნის ბიუჯეტი 50 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. საგარეო პოლიტიკის კუთხით “ოცნება” გვპირდება, “აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა, ასევე რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება”.

ამასთანავე, „ქართული ოცნება“ პირობას დებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში – დაიწყება სამართლებრივი პროცესი, „რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება“.

ოპონენტების დასჯას „ქართული ოცნება“ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გეგმავს; ხოლო “კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას”, როგორც წესი, თითქმის ყველა იმ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიას არქმევს, რომელიც მონაწილეობს არჩევნებში.

“ერთიანობა”

შემდეგი კოალიცია, რომელიც 5 ნომრის ქვეშ გამოჩნდება, არის კოალიცია „ერთიანობა“.

უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამჯერად არჩევნებზე „ერთიანობის“ სახელით დარეგისტრირდა. თავად „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ერთ პლატფორმაზე გაერთიანდნენ გიორგი ვაშაძის პარტია „სტრატეგია აღმაშენებლი“ და „ევროპული საქართველო“. ამ უკანასკნელმა კოალიციაში გაწევრიანების გადაწყვეტილება 17 აგვისტოს, თავმჯდომარის გიგას ბოკერიასა და გუნდის ნაწილის წასვლის დღეს მიიღო.

პარლამენტის წევრი და კოალიციის წევრი თამარ კორძაია გვპირდება, რომ საქართველოს ექნება 14 მილიარდი მხარდაჭერა, უვიზო რეჟიმი აშშ-სთან, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.

“ძლიერი საქართველო”

კოალიცია „ძლიერი საქართველო“ აერთიანებს მამუკა ხაზარაძის „ლელოს“, ანა დოლიძის „ხალხისთვის“, ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“ და სამოქალაქო მოძრაობას „თავისუფლების მოედანი“.

„ძლიერი საქართველო“ არჩევნებში მე-9 ნომრით მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციურ კოალიციას საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც შეუერთდა.

კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამა აერთიანებს მასში შემავალი სუბიექტების მიერ აქამდე გახმიანებულ არაერთ ინიციატივასა თუ ხედვას. მათ შორისაა, “მარშალის გეგმა” და “საქართველოს დაცვის აქტი“. კოალიციაში აცხადებენ, რომ დაიცავენ პრეზიდენტის “ქართული ქარტიით” განსაზღვრულ პრინციპებსაც. გარდა ამისა, კოალიციის საარჩევნო პროგრამა მოიცავს კონკრეტულ დაპირებებსა და ხედვებს სხვადასხვა სფეროს რეფორმების შესახებ.

კოალიციის სამი ძირითადი დაპირება ასეთია: ევროპული მომავალი; 200 000 სამუშაო ადგილი, ღირსეული ხელფასით; 1000-ლარიანი პენსია.

“გახარია საქართველოსთვის”

პარტია „საქართველოსთვის“ 25-ე ნომრით მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. პარტიის თავმჯდომარე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა. 

პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, მიზანია თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე დაფუძნებული პრაგმატული ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება, სოციალური დაცვის სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ძირითად სოციალურ მომსახურებას მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ჯგუფებს, კანონის უზენაესობის გაძლიერებას, რეფორმებს განათლების სისტემაში, შექმნას კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალი, შეამციროს ბიუროკრატია და ცენტრალიზაცია, მიიღოს აქტიური ზომები კორუფციისა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე ინტერესთა ჯგუფების გავლენის წინააღმდეგ, ხელი შეუწყოს საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში.

“კოალიცია ცვლილებისთვის”

კოალიციაში შედიან “ახალი” (დამფუძნებლები: ნიკა მელია, ნიკა გვარამია), “დროა” (დამფუძნებელი: ელენე ხოშტარია), “გირჩი- მეტი თავისუფლებ” (დამფუძნებელი: ზურაბ ჯაფარიძე) და “აქტივისტები მამვლისთვის” (დამფუძნებელი ოქტაი კაზუმოვი). მათი კამპანიის პროგრამა ხელმისაწვდომია აქ.

“კოალიცია ცვლილებებისთვის” საარჩევნო პროგრამის ოთხი ძირითადი მიმართულებაა “ქართული ქარტია”, განათლების რეფორმა, ეკონომიკური განვიტარება და რეგიონების განვიტარება.  

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ წინასაარჩევნო ნომერი 4-ია.

“გირჩი”

პარტია „გირჩი“ 36-ე ნომრით არის წარმოდგენილი. პარტიის თავმჯდომარე იაგო ხვიჩიაია. „გირჩი“ ერთ-ერთი გამონაკლისია იმ პარტიებს შორის, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ „საქართველოს ქარტიას“.

“გირჩი” ამომრჩეველს ჰპირდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ხალხისთვის თანაბრად და უსასყიდლოდ განაწილება, საყოველთაო საბაზისო შემოსავალი – რომლის მეშვეობით ჩვენ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება უკიდურესი სიღარიბე, ინფლაციის პრობლემის მოგვარება ბრუნვაში ლართან თანაბრად დოლარის, ევროსა და სხვა ვალუტების დაშვება. ეკონომისტები ასეთი სისტემას – მულტისავალუტო რეჟიმს ეძახიან, საპენსიო ფონდის ფულის ხალხისთვის დაბრუნება და საპენსიო შენატანის გაუქმება.

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ მომავალ არჩევნებზე მე-8 ნომრით გამოვა, ეს არის მემარჯვენე კონსერვატიული პოლიტიკური პარტია საქართველოში. პრეზიდენტი დავით თარხან-მოურავია. სია 76 ადამიანისგან შედგება და პირველი ნომერი ირმა ინაშვილია. ათეულში არის პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფის, „ალტ ინფოს“ ლიდერი ზურაბ მახარაძე.

საქართველოს ლეიბორისტული პარტია

საქართველოს ლეიბორისტული პარტია არჩევნებში მე-10 ნომრით მიიღებს მონაწილეობას. პარტიის დამფუძნებელი-პრეზიდენტია შალვა ნათელაშვილი. პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, იგი მხარს უჭერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლის გაზრდას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ტრადიციული კულტურული ღირებულებებისა და ცხოვრების წესის გაძლიერებასა და შენარჩუნებას. ამავე დროს, მას მიაჩნია, რომ ყველა სხვა რელიგიის უფლებები დაცული უნდა იყოს.

“საქართველოს ერთიანობისა და განვითარების პარტია”

„საქართველოს ერთიანობისა და განვითარების პარტია“ არჩევნებში მე-3 ნომრით გამოვა. პარტიის ლიდერია კამალ მურადხანოვი.

ევროპელი დემოკრატები

პარტია „ევროპელი დემოკრატები“ არჩევნებში მე-6 ნომრით მიიღებს მონაწილეობას. პარტიის დამფუძნებლები არიან აფხაზეთიდან დევნილები. პარტიის თავმჯდომარეა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის იუსტიციის ყოფილი მინისტრი პაატა დავითაია. პარტია ყურადღებას ამახვილებს აფხაზეთისა და დევნილთა კონფლიქტის მოგვარებაზე. იგი ცნობილია თავისი დევიზით: „ჩვენ თვითონ“.

“ჩვენი ერთიანი საქართველო”

პარტია „ჩვენი ერთიანი საქართველო“ მე-12 ნომრით მუშაობს, პარტიის ლიდერი გოჩა ცოფურაშვილია. პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, ძირითადი მიმართულებებია შიდა და გარე მიგრაციის რეგულირება, განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული პრობლემების მოგვარება.

საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია

პარტია იმოქმედებს მე-13 ნომრით. პარტიის ლიდერი ჯემალ კახნიაშვილია. პოლიტიკური მიმართულება მემარცხენე-ცენტრულია.

“შეცვალე საქართველო”

პარტია იმოქმედებს 16 ნომრით. პარტიის თავმჯდომარე გიორგი გაგნიძეა. პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, პარტიისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებებია სოციალური პასუხისმგებლობა, მდგრადი განვითარება, განათლება და გარემოს დაცვა.

“საქართველო”

პარტია „საქართველო“ არჩევნებში 17 ნომრით მიიღებს მონაწილეობას, პარტიის ლიდერი გიორგი ლილუაშვილია.

“თავისუფალი საქართველო”

„თავისუფალი საქართველო“ კონსერვატიული პარტიაა, რომელიც მე-20 ნომრის ქვეშ გამოჩნდება. იგი შეიქმნა 2010 წლის შემოდგომაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შემდეგ. პარტიის ლიდერია კახა კუკავა.

“ტრიბუნა”

პარტია იმოქმედებს 21 ნომრით. პარტიის დამფუძნებელი-ლიდერი დავით ჭიჭინაძეა, მან პარტია 2019 წლის 22 ივნისს დააარსა, როცა „ქართული ოცნებიდან“ ჩამოაშორეს.

“ჩვენ”

„ჩვენ“ პარტია 23-ე ნომრით გამოჩნდება. პარტია 12 აგვისტოს ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავანმა დააარსა. პარტია „რეგიონები საქართველოსთვის“ წინასაარჩევნოდ „ჩვენ“-ს შეუერთდა.

“მემარცხენე ალიანსი”

„მემარცხენე ალიანსი“ 26-ე ნომრის ქვეშ გამოჩნდება. ის დარეგისტრირებულია 2013 წლის 5 ივნისს, თანათავმჯდომარეები არიან ლეიბორისტული პარტიიდან გამოყოფილი კახა ძაგანია და იოსებ შატბერაშვილი.

“ქართველთა კავშირი”

პარტია 27 ნომრით წარდგება. პარტიის ლიდერი მერაბ ჩუხუა.

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, კვლევითმა კომპანია Edison Research-ის მიერ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, პარტიების რეიტინგები ალოკაციით, შეწონვის მეთოდით შემდეგნაირად განაწილდებოდა:

  • ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობა – 34%
  • ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო – 19.2%
  • გახარია – საქართველოსთვის – 10.6%
  • ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები – 9.8%
  • ახალი ერთობა გვარამია მელია – 9.1%
  • გირჩი (იაგო ხვიჩია) – 5.9%
  • ლეიბორისტული პარტია – 5.1%
  • პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო – 3%
  • ჩვენ – დავით ქაცარავა – 2.1%
  • სხვა პარტიები – 1.2%

“სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმაც ” (ISSA) საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს ამავე წლის აპრილში გამოქვეყნა, რომელიც  ჩაატარა “მთავარი არხის” დაკვეთით. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს პირველ რიგში? ალოკაციით შედეგები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება – 37.4%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი – 18.8%
  • ახალი – 13.8%
  • საქართველოსთვის -5.2%
  • ლელო საქართველოსთვის -4.7%
  • ლეიბორისტული პარტია – 2.7%
  • ევროპული საქართველო – 2.3%

ხოლო რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია იმედის დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრ გორბის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ქართული ოცნება ხმათა 59.5%-ს მიიღებდა.

გორბის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმა? შედეგები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება — 59.5%;
  • ნაციონალურ მოძრაობას გაერთიანებულ პარტიებთან ერთად აქვს — 13.6%; 
  • გვარამია, მელია, ხოშტარია, ჯაფარიძის გაერთიანებას — 10.3%;
  • ხაზარაძის გაერთიანებას — 4.5%;
  • გიორგი გახარია პარტიას — 3.8%;
  • იაგო ხვიჩიას გირჩს – 2.7%;
  • პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფოს — 2.5%;
  • სხვა პარტიები – 3 .1%.

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. საქრთველოს მე-11 პარლამენტი პირველად სრულად პროპორციულ არჩევნებით ჩამოყალიბდება. ამასთან ერთად შეიცვალა არჩევნებზე რეგისტარაციის და ხმის დათვლის სისტემა, ამომრჩევლების თითქმის 90 პორცენტი ხმა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართვლოს პრეზიდენტი, სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური პარტიებ ამ არჩევნებს “რეფერენსდუმს” უწოდებენ, რადგან, მათი შეფასებით ამ არჩევნებით საქართველო საგარეო ვექორის ბედი უნდა გადაწყდეს- კერძოდ, წავა ის ევროკავშირისკენ, თუ პირიქით ბრუნდება რუსული იმპერიალიზმისკენ.