როგორ მოქმედებს „რუსული კანონის“ მიღება ლარის კურსზე?

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ („აგენტების კანონი“ – რედ.) და საერთაშორისო პარტნიორების განცხადებების ფონზე, აშშ-ის სანქციები საქართველოს ზოგიერთი ოფიციალური პირის მიმართ და სხვა პარტნიორების მიერ ფინანსური დახმარების შეჩერება, სავალუტო შემოსავლებს კიდევ უფრო შეამცირებს, რაც ლარის დევალვაციას გამოიწვევს. ასე ფიქრობენ ექსპერტები.

„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) ანალიტიკოსმა გიორგი ელიზბარაშვილმა „ალიქ მედია ჯორჯია“-სთან“ საუბარში განაცხადა, რომ 

საქართველოში მცურავი სავალუტო რეჟიმი მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოკლევადიან პერიოდში კურსი შესაძლოა მერყეობით ხასიათდებოდეს.

მისი თქმით, რეალურ გაცვლით კურსზე ერთდროულად მოქმედებს, როგორც ფუნდამენტური, ასევე მოკლევადიანი ფაქტორები. მოკლევადიან პერიოდში მნიშვნელობა ენიჭება იმ მოლოდინებს, რომელიც, როგორც წესი, რაღაც პროცესს ან ერთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას მოსდევს ხოლმე.

„ლარის ბოლო რყევები მოლოდინებთან იყო დაკავშირებული. 14 მაისს პარლამენტმა ე.წ. „რუსული კანონი“ მესამე მოსმენით მიიღო, 28 მაისს პრეზიდენტის ვეტო დაძლია, 6 ივნისს კი შეერთებულმა შტატებმა საქართველოში მოქმედ 30-მდე მაღალჩინოსანს სანქციები — სავიზო შეზღუდვები დაუწესა“ – თქვა ელიზბარაშვილმა.

მისი მტკიცებით, მოკლევადიან პერიოდში — ერთ თვეში, ლარი დოლართან მიმართებით 18 თეთრით 2.68-დან 2.86-მდე გაუფასურდა. ვარდნის შესაჩერებლად ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციებს მიმართა, კერძოდ სებმა სამ სხვადახვა აუქციონზე გასაყიდად ჯამში 180 მლდ დოლარი გამოიტანა, საიდანაც 169 მლნ გაყიდა.

„შოკების დროს პანიკის ჩასაცხრომად რეზერვების ხარჯვა მიღებული პრაქტიკაა, თუმცა ანალოგიური მეთოდით გაუარესებული მაკროეკონომიკური ფაქტორების დროს კურსის დაჭერა, გაუფასურებას მხოლოდ დროში ავადებს.

გრძელვადიან პერიოდში ზუსტი კურსის პროგნოზირება შეუძლებელია. იმ შემთხვევაში, თუ კურსი მეტად აღარ შეიცვალა, არსებული გაუფასურების მასშტაბი ეკონომიკაზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს“,- დასძინა ელიზბარაშვილმა.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ეკონომისტი გიორგი პაპავა 15 მაისს აცხადებდა, რომ უახლოეს პერიოდში მოკლევადიანად შესაძლოა, ლარის კურსთან მიმართებაში რყევები ყოფილიყო. მისი თქმით, გრძელვადიანი ეფექტი დამოკიდებული იქნებოდა ქვეყანაში არსებულ რისკებზე, მიმდინარე მოვლენებზე, საბოლოოდ მიიღებს თუ არა მმართველი პარტია ვეტოს შემდეგ კანონს და როგორ ჩაატარებს არჩევნებს.

„პროგნოზი გაუფასურებასთან დაკავშირებით რთულია, მოკლევადიანი რყევები შეიძლება ჰქონდეს, რაც უფრო მერყევი იქნება გარემო ქვეყანაში, ეს რყევებიც ორივე მიმართულებით უფრო მეტი იქნება. ხან შეიძლება პოზიტიურად შეიცვალოს, ხან ნეგატიურად, მაგრამ რისკები არსებობს“.

საქართველოში „აგენტების შესახებ კანონის“ მიღების შემდეგ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი იკლებს.

საქართველოში შიდა პოლიტიკური ვითარება კვლავ დაძაბულია. ლარი აგრძელებს გაუფასურებას. მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ „რუსული კანონი“ მესამე მოსმენით მიიღო საზოგადოების ფართო პროტესტისა და დასავლელი პარტნიორების კრიტიკის ფონზე.

რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა გააყინა საქართველოსთვის განკუთვნილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება, რომელიც ევროპის მშვიდობის ფონდის (EPF) მიერ უნდა გადაერიცხა.

აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან დაგეგმილი „Noble Partner“ სამხედრო წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო. ვაშინგტონის თქმით, მიზეზი საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვაა.

ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ბერლინმა თბილისთან ურთიერთობის გადახედვაზეც ისაუბრა.