Latest posts by Aliq Media (see all)
1-ელ მაისს, რელიგიათა საბჭომ თბილისში, აღმაშენებლის N38-ში მდებარე ისტორიული სომხური ტაძრის, თანდოიანც სურბ ასტვაწაწინის (თანდოიანცის ღვთისმშობლის ეკლესია) საპატრიარქოსთვის გადაცემის საკითხზე განცხადება გაავრცელა.
2017 წელს სახელმწიფომ სომხური ტაძარი საკუთრებაში გადასცა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. განცხადებაში ნათქვამია, რომ “არაერთი ისტორიული წყარო და ფაქტი ადასტურებს, რომ საბჭოთა ოკუპაციამდე ნაგებობა სომეხთა სამოციქულო ეკლესიას ეკუთვნოდა. დღეს ტაძრის ტერიტორიაზე მიმდინარეობს სამუშაოები, რომელიც ცვლის ძეგლის იერსახეს და შლის ჩვენი სომეხი თანამოქალაქეების ისტორიულ კვალსა და ღვაწლს.”
რელიგიათა საბჭო აღნიშნავს, რომ თანდოიანცის ეკლესიის საკითხი არ არის ცალკე აღებული შემთხვევა და ის რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის გადაუჭრელი პრობლემის ნაწილი და თვალსაჩინო მაგალითია.
“რელიგიათა საბჭოს წევრები მრავალი წელია გულისტკივილით ვსაუბრობთ, რომ სახელმწიფო არ იჩენს ნებას, დაუბრუნოს რელიგიური ნაგებობები ისტორიულ მესაკუთრეებს. ამასობაში, ძეგლების დიდი ნაწილი ინგრევა, იცვლება მათი იერსახე, იშლება არაერთი რელიგიური ჯგუფის უმნიშვნელოვანესი კვალი საქართველოს ისტორიაში და ირღვევა მრავალფეროვნებით მდიდარი ქართული კულტურის მთლიანობა,”- ნათქვამია განცხადებაში.
მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას:
- დაუყოვნებლივ შეწყდეს თანდოიანცის ეკლესიაზე მიმდინარე ზემოქმედება;
- სამართლიანად გამოიკვლიოს აღნიშნული ეკლესიის ისტორია და უზრუნველყოს მისი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიისათვის დაბრუნება;
- უმოკლეს დროში გადადგას რეალური ნაბიჯები რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ისტორიული საკუთრების დასაბრუნებლად;
- ხელი შეუწყოს საქართველოს სიმდიდირის – რელიგიური, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებას და წარმოჩენას;
- მოუფრთხილდეს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას და მის თვალსაჩინო ნაწილს – სხვადასხვა კონფესიების საკულტო ნაგებობებს.
მიმართვას ხელს აწერს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი 18 რელიგიური გაერთიანება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ 2017 წლის ივლისში აღმაშენებლის გამზირის #38-ში მდებარე საჰაკ თანდოიანცის ეკლესია და მისი მიმდებარე ტერიტორია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცა. სომეხთა სამოციქულო მართმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ საჯარო რეესტრის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.