Latest posts by Aliq Media (see all)
„ალიქ მედიის“ დამფუძნებლის, არსენ ხარატიანის საქართველოში არ შემოშვება, ქართულ პოლიტიკურ წრეებსა და მედიაში ფართო დისკუსიის მიზეზი გახდა. ოპოზიციის წარმომადგენლები ხარატიანის არ შემოშვებას მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ პრორუსულ პოლიტიკას უკავშირებენ. გამოხმაურების მიხედვით, „ქართული ოცნება“ რუსეთის მსგავსად, კრძალავს დემოკრატიული ღირებულებების მქონე პირებს ქვეყანაში შემოსვლას.
აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ხარატიანი საქართველოში შემოსვლაზე შეაფერხეს. თითქმის ერთი კვირის წინ, 11 სექტემბერს, ხარატიანს აეროპორტში შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ აცნობა, რომ მისთვის საქართველოში შესვლა აკრძალული იყო, მაგრამ 2 საათის შემდეგ შესვლის უფლება მისცეს. „ალიქ მედია საქართველოსთან“ საუბარში ხარატიანმა განაცხადა, რომ არ იცის რა გახდა მისი საქართველოში არ შემოშვების მცდელობის მიზეზი. მისი თქმით, მსგავსი ვითარება აქამდე არასდროს ყოფილა.
მე-2 შემთხვევა უკვე 17 სექტემბერს მოხდა, როცა ხარატიანი გამთენიისას 4 საათზე მეტი ხნის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახსნა-განმარტების გარეშე დააყოვნეს და შემდეგ, დააბრუნეს ევროპაში.
„ამ დროისთვის ეჭვი არ მეპარება, რომ ეს უარი, ანუ დეპორტაცია, პოლიტიკურია, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ან ეშინია ჩემნაირი ადამიანების, ან ჰყავთ პატრონები მოსკოვიდან ან ბაქოდან, რომლებიც ეუბნებიან, რომ „გაწმინდონ სივრცე“ არჩევნებამდე.
საპარლამენტო არჩევნებამდე ექვსი კვირით ადრე მმართველი პარტია „ქართული ოცნება” თითქოს არ ზრუნავს ახალი მეგობრების შეძენაზე, თუმცა, მსგავსი ქმედებებით ახალ მტრებსაც იძენს. ერთი რამ ჩემთვის ძალიან ცხადია, საქართველოში დავბრუნდები და ეს ძალიან მალე მოხდება“ – წერს ხარატიანი საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე.
ოპოზიციური პარტია „ლელოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ „ალიქ მედია საქართველოს“ განუცხადა, რომ ხარატიანის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ნებისმიერი თავისუფალი ადამიანის ეშინია, მათ შორის, ეშინიათ იმ ადამიანების, რომლებიც ისტორიულად გვერდში უდგანან საქართველოსა და მის ინტერესებს.
„საქართველოს მთავრობა რუსული ხელისუფლებაა. მათ ეშინიათ დემოკრატიულად მოაზროვნე თავისუფალი ადამიანების, აზროვნებით პროევროპული ადამიანების. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანა რუსულ ავტოკრატიად აქციოს. სწორედ, ამიტომ ეკრძალებათ არსენ ხარატიანის მსგავს, აქტიურ ადამიანებს ქვეყანაში შესვლა“, – განაცხადა გეგელიამ.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლის სოფო ხორგუანის თქმით, ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ ასე იქცევიან მეგობარი, მეზობელი ქვეყნის მოქალაქის მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როცა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მანამდე საქართველოში იმყოფებოდა.
„ასეთი ნაბიჯები ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს. იურიდიული თვალსაზრისით, ამიერკავკასიის მხოლოდ ეს ორი ქვეყანაა, რომელთაც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განცხადება აქვთ გაკეთებული და იმის მაგივრად, რომ ერთმანეთს დაეხმარონ ამ გზაზე, ასეთი მავნე ნაბიჯებით ხელისუფლება აფუჭებს ურთიერთობებს“ – განაცხადა ხორგუანმა.
ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ „ალიქ მედია საქართველოსთან“ საუბარში განაცხადა, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ გახშირდა შემთხვევები, როცა ჟურნალისტებს პოლიტიკური მოტივით უკრძალავენ საქართველოში შემოსვლას. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა რა შეხედულებები აქვთ ჟურნალისტებს, საქართველო არ უნდა გახდეს მსგავსი ქვეყანა.
„ზუსტი მიზეზები არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში ხშირია შემთხვევები, როცა ახსნა-განმარტების გარეშე, რიგ ჟურნალისტებს ქვეყანაში არ უშვებენ“ – განაცხადა ხოშტარიამ.
მომხდარს პოლიტიკური პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე გამოეხმაურა. მისი აზრით, ეს არის იმ ხაზის გაგრძელება, რაც აქვს “ქართულ ოცნებას” – არ გააღიზიანოს რუსეთი და შეამციროს საქართველოში დემოკრატიის ქომაგები.
„თუ არის ვინმე ადამიანი, რომელსაც აქვს თავისუფალი აზრი, მხარს უჭერს დასავლეთს, მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიას და ამისთვის იბრძვის, მის შემოსვლას უშლიან ხელს“,- ამბობს დოლიძე.