Latest posts by Aliq Media (see all)
ჯავახელების დიდ ნაწილს არ სურს ბაქო-თბილისი-ყარსი რკინიგზაზე საუბარი, ხოლო უმეტესობას, ვინც კი თანხმდება კითხვებზე პასუხის გაცემაზე, დადებითი მოლოდინი არ აქვს.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო და უკვე 10 წელია გრძელდება. მშენებლობის დამთავრების ვადები რამდენჯერმე გადაიდო და ბოლო მონაცემების მიხედვით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა 2017 წლის ბოლომდე ამუშავდება.
jnews.ge-მ გადაწყვიტა ჯავახელებისგან გაიგოს, რა მნიშვნელობა აქვს ხსენებულ რკინიგზას ჯავახეთის მოსახლეობისთვის, რომელიც, სხვათა შორის, მათ ტერიტორიაზე გადის.
გამოკითხვა ჩატარდა ნინოწმინდასა და ახალქალაქში. 67-მა გამოკითხულმა შემდეგ კითხვებზე გასცა პასუხი:
1. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა?
2. რა სარგებელს ხედავთ თქვენთვის?
3. რა საფრთხე შეიძლება მოიტანოს აღნიშნულმა რკინიგზამ?
გამოკითხვის საერთო შედეგების მიხედვით 49% -მა გამოკითხულმა კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა, ერთმა რესპონდენტმა საერთოდ არ იცოდა რკინიგზის მშენებლობის შესახებ, 40% კარგს არაფერს ელის და მხოლოდ 10% ოპტიმისტურადაა განწყობილი.
რაც შეეხება ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების გამოკითხვის შედეგებს, აქ შემდეგი სურათია: ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 37 ადამიანი გამოიკითხა, აქედან 10-მა არ უპასუხა
კითხვებს, ერთმა ადამიანმა არ იცოდა მშენებლობის შესახებ. 20 ადამიანი კარგს არაფერს არ ელის, დანარჩენ შვიდს კი დადებითი შედეგის იმედი აქვთ.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 30 ადამიანი გამოიკითხა, აქედან 23-მა კომენტარზე კატეგორიული უარი განაცხადა, ხოლო დარჩენილი 7 კარგ შედეგს არ ელის.
ქვემოთ წარმოგიდგენთ რესპონდენტთა ყველაზე საინტერესო კომენტარებს:
“ეჭვი მეპარება, რომ რკინიგზა რაიმე სარგებელს მოუტანს ჯავახელებს და საერთოდ ჩვენს რეგიონს. იგი სომხეთისა და საქართველოს საზიანოდ იმუშავებს. ვერც ერთ სამუშაო ადგილს ჩვენ ვერ მივიღებთ, და თუ მივიღეთ კიდევაც, დაბალანაზღაურებადი იქნება. ეს თურქულ-აზერბაიჯანული პროექტია, რომელიც ხორციელდება თავიანთი ტერიტორიის გაფართოების მიზნით. ჩვენდამი კარგად განწყობილი მეზობლები რომ გვყოლოდა, შეშფოთების მიზეზი არ გვექნებოდა, რადგან რკინიგზის აშენება დადებითად მოქმედებს ვაჭრობის განვითარებაზე “, – განაცხადა გრიგოლ გევენიანმა.
“რკინიგზის გახსნა დიდ პერსპექტივებთანაა დაკავშირებული, მაგრამ საშიშროება არსებობს, ვინაიდან მეორე მხარეს თურქები დგანან”, – ამბობს ირინა თუმანიანი.
“შესაძლებელი იქნება საქონელი გადავიტანოთ ევროპაში. ბიზნესისთვის კარგი იქნება. თუ ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ამას გავლენა აქვს ჩვენს ეროვნულ ღირსებაზე, ეს ლიდერების გადასაწყვეტია, ხოლო ჩვეულებრივ ხალხს – თურქებსა და სომხებს – ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა “, – განაცხადა რესპონდენტმა, რომელმაც არ მოისურვა ვინაობა გაემხილა.
ვიმედოვნებ, რომ ბევრი სამუშაო ადგილი გაჩნდება, და ჩვენი ხალხი სამუშაოს იპოვის. რაც შეეხება საფრთხეს, იგი ყველგან არის, უბრალოდ ჩვენი პოლიცია უკეთესად უნდა მუშაობდეს. საფრთხე უკვე მაშინ გაჩნდა, როდესაც საზღვარი გაიხსნა. მაგრამ მე პირადად, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე მინდა, რომ ჩემმა შვილმა ქართული ენა ისწავლოს, რათა სწავლის გასაგრძელებლად თბილისში გავგზავნო, რომ შემდგომ რკინიგზაში შეძლოს მუშაობა”, – ამბობს ანაიდა ასატრიანი.