8 სექტემბერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთში იმყოფებოდა, სადაც მან კრემლში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართა შეხვედრა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და აღნიშნეს, რომ არსებული ვითარება ცხადყოფს, რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობები სტაბილურია და კიდევ უფრო გაღრმავდება.
სომხეთისა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრას საქართველოში მყისიერი შეფასებები მოჰყვა.
„ალიქ მედიასთან“ საუბრისას პოლიტოლოგმა გელა ვასაძემ სომხეთისათვის რუსეთის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„დავიწყოთ იქიდან, რომ რუსეთი და სომხეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. აღვნიშნოთ ისიც, რომ ნიკოლ ფაშინიანი ხელისუფლებაში პირდაპირი, საარჩევნო გზით არ მოსულა და მან მოსკოვის ნდობა უნდა მოიპოვოს. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ სომხეთს რუსეთიდან ორი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამ სჭირდება. ეს არის ენერგეტიკა და გაზი“.
პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს კი მიაჩნია, რომ ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლა პირდაპირ ცვლის სომხეთის გეოპოლიტიკურ მდგომარეობას. მისივე განმარტებით სტრატეგიული პარტნიორულ ურთიერთობებს სომხეთისთვის “სარგებელი“ არ მოუტანია და ზუსტად ამის გათვალისწინებით ახალი ხელისუფლება ცვლის საგარეო პოლიტიკას და გეზს დასავლეთისა და ევროპისკენ იღებს.
„ფაშანიანი, მისი საგარეო პოლიტიკით, ცვლის სომხეთის ტრადიციულ პოლიტიკას, რომელსაც ყოფილი მთავრობა ატარებდა. ის, თუ რა როლი ჰქონდა რუსეთს წარსულში, შეიცვალა, თუმცა ყველას კარგად გვესმის სომხეთისთვის რუსეთის სტრატეგიული მნიშვნელობა“, – განაცხადა ბერიძემ.
ვაჟა ბერიძე სომხეთის საგარეო პოლიტიკაში ქართული მხარის ჩართულობის აუცილებლობაზეც საუბრობს: „ბუნებრივია, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკის განვითარებაში დიდი როლი ექნება საქართველოსაც, ჩვენ არა მარტო ეკონომიკური ზრდა, არამედ ერთიანი საგარეო პოლიტიკაც გვექნება” – ამბობს ბერიძე.
პოლიტოლოგი ასევე იმედოვნებს, რომ საქართველო მისი გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებშიც. „ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის შენარჩუნება’- აღნიშნავს პოლიტოლოგი.
რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ, 11 სექტემბერს, ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ კოლეგას უმასპინძლა. მხარეებმა 1 მილიარდ დოლარამდე სავაჭრო ბრუნვის პროგრამის დეტალები განიხილეს.
„ფაშინიანმა „ბრწყინვალე“ ასე შეაფასა როგორც სომხურ-ქართული, ასევე სომხურ-რუსული ურთიერთობები. “ყველაფერი მართლაც ასე ბრწყინვალედ არის, თუ ფაშინიანს მოსწონს ეს სიტყვა“? კითხულობს პოლიტოლოგი გელა ვასაძე.
შეგახსენებთ, რომ სომხეთში პოსტ რევოლუციურ პერიოდში მომხდარ მოვლენებს რუსული მხარე საკმაოდ მტკივნეულად გამოეხმაურა. 2008 წლის მარტში პოსტსაარჩევნო პერიოდში ოპოზიციასა და პოლიციას შორის მომხდარი ინციდენტის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა. რევოლუციის შემდეგ ამ საქმეზე გამოძიება განახლდა და ბრალი წარუდგინეს CSTO- ს გენერალურ მდივან იური ხაჩატუროვს, რომელიც 2008 წელს თავდაცვის მინისტრის მოადგილე და დედაქალაქის გარნიზონის ხელმძღვანელი იყო. ამასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სომხეთში მიმდინარე მოვლენები ეწინააღმდეგება ქვეყნის ახალი ლიდერების იმ განცხადებებს, რომ თავიანთ წინამორბედთა მიმართ პოლიტიკური დევნისგან თავს შეიკავებენ.
შემდეგ, ბრალი წაუყენეს სომხეთის მეორე პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანსაც, რომელსაც, თითქოსდა მხარდასაჭერად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაბადების დღე მიულოცა.
ქოჩარიანი, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა რუსეთის მხარდაჭერა, ბოლო დღეებში უფრო აქტიური გახდა და პოლიტიკაში დაბრუნებაზეც დაიწყო საუბარი.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021