Latest posts by Aliq Media (see all)
საქართველოსა და სომხეთს შორის მიმოსვლა არასდროს წყდება, მაგრამ დიდი ალბათობით ცოტამ თუ იცის სომხეთში ქართული სათვისტომოს არსებობის შესახებ.
საქართველოზე საუბრისას პირველ რიგში რა ასოციაციები გიჩნდებათ? ასე დავიწყებ – ხინკალი, ხაჭაპური და ალბათ სიმღერა „თბილისო“.
ამ მულტიმედია პროექტში ერთად დავიწყებთ კულტურულ მოგზაურობას, დავაკავშირებთ უძველეს ტრადიციებსა და თანამედროვე ცხოვრების რიტმს.
ბოლო მონაცემებით სომხეთში 222 ქართველი ცხოვრობს, აქედან 45 მამაკაცი, 177 ქალი. ქართულ სათვისტომოს უფრო ახლოს გაცნობისას აღმოვაჩინეთ, რომ ქალები მამაკაცებს აღემატებიან, რადგან ქართველ ქალებს სომეხი მამაკაცები შეუყვარდათ და სომხეთში გადმოვიდნენ საცხოვრებლად.
ქართული სათვისტომო
ქართული საქველმოქმედო სათვისტომო „ივერია“ დააარსდა 1997 წელს, რომლის პირველი თავმჯდომარე თინა ასათიანი იყო. ქართული სათვისტომოს დაარსების მთავარი მიზანი, საქართველოს ფარგლებს გარეთ, ეროვნული და კულტურული იდენტობის შენარჩუნება იყო. ასევე სომხეთსა და საქართველოს შორის მეგობრული, კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირების დამყარება.
„ივერიამ“ არაერთი კონცერტი, გამოფენა, სემინარი და საგანმანათლებლო ლექცია გამართა. სომხეთსა და საქართველოში სათვისტომოსა და ეროვნული უმცირესობების ერთობლივ ღონისძიებებში, ფესტივალებში მონაწილეობას იღებდნენ საკვირაო სკოლის მოსწავლეებიც.
წლების წინ სათვისტომოში არსებობდა ახალგაზრდული ფრთა „იმედი“, რომლის ხელმძღვანელი ანა ბარსეღიანი იყო.
სათვისტომოს აქვს საკვირაო სკოლა, სადაც მსურველები ქართულს სწავლობენ. ნინო სპანდერაშვილი სათვისტომოში შვილებთან ერთად წლების წინ აღმოჩნდა. ბავშვები საკვირაო სკოლის მოწაფეები გახდნენ, მოგვიანებით კი ნინო საკვირაო სკოლის მასწავლებელი გახდა.
ნინო სპანდერაშვილი: „დიდი სიხარულით დავთანხმდი შემოთავაზებას, რადგან ჩემთვის ეს იყო მშობლიურ ენაზე საუბრის საუკეთესო შესაძლებლობა“.
ქართული ენის გაკვეთილებთან ერთად საკვირაო სკოლაში მოსწავლეებს ქართული, ეროვნული ცეკვების სწავლაც შეუძლიათ. ცეკვას ლიანა სამადალაშვილი ასწავლის. ლიანა ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროიდან ესწრებოდა ცეკვის სხვადასხვა წრეს.
ლიანა სამადალაშვილი: „მოხდა ისე, რომ ცეკვა ჩემთვის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად, ცხოვრების აზრად იქცა“.
ქართველები რეგიონებში
სომხეთში ქართველები არა მხოლოდ ერევანში, არამედ რეგიონებშიც ცხოვრობენ და განსხვავებული ისტორიები აქვთ. გეზი ალავერდისკენ ავიღეთ, ტარიელაშვილების რვაკაციან ოჯახში.
„ხის ნაფორტზე ამოტვიფრული სიყვარულის ახსნა 19 წლის გიორგი ტარიელაშვილს ეკუთვნის, რომელმაც 1938 წელს ალავერდიდან თბილისში მცხოვრებ საყვარელ ეკატერინე სუხიშვილს გაუგზავნა. ერთ წელიწადში სიყვარულმა ეს უკანასკნელი ალავერდში ჩამოიყვნა. ის და გიორგი დაქორწინდნენ. ეროვნებით ქართველი გიორგისთვის ეს ქალაქი ბავშვობიდანვე იქცა სახლად, როცა მშობლების გარდაცვალების შემდეგ უფროსმა დამ შვიდი წლის ბიჭი თბილისიდან ალავერდში ჩამოიყვანა. მათი აღზრდა თავის თავზე უნდა აეღო სოფელ მადანში მცხოვრებ დედის ბერძენ ნათესავს“.
მიმართულება – გიუმრი
„ქართველი სოფიკო გიუმრიში რძლად ჩავიდა, წლების შემდეგ კი მისი შვილთაშვილი სოფია დაიბადა, რომელსაც ყველა, ვინც ხედავს იგივე კითხვას სვამს: „შენში ქართული სისხლი ჩქეფს?“
პასუხის გარეშეც ცხადია. მაღალი, ქართველთათვის დამახასიათებელი გამომხატველი სახის ნაკვთებით სოფია ქართველი სოფიკო ბებოს შვილთაშვილია. ოჯახში თითქმის ყოველდღე იხსენებენ ცხონებულ ბებიას, მისი ცხოვრების ისტორიას კი საყვარელი ფილმივით ყვებიან და არასოდეს იღლებიან“.
2004 წელს მაყვალა გეურკოვა-სააკიანისა და ნაირა ჭოველიძის ძალისხმევით დააარსდა ქართული სათვისტომოს გაზეთი „ივერია“. ოთხი წლის განმავლობაში გაზეთი სათვისტომოს სახსრებით იბეჭდებოდა. 2008 წელს კი სომხეთის მთავრობამ დაიწყო ეთნიკური უმცირესობების მედიის ფინანსური მხარდაჭერა. გაზეთში ძირითადად საქართველოს სიახლეები, სათვისტომოს წევრების ლექსები და „ივერიის“ ღონისძიებები ქვეყნდებოდა.
სამწუხაროდ, გაზეთი დაიხურა, ახლა იგივე პრობლემის წინაშე დგას სათვისტომოც. ერევნის ცენტრალური ფოსტის შენობა, სადაც სომხეთის ეროვნული უმცირესობები კვირაობით იკრიბებოდნენ, გაიყიდა.
„არ ვიცით სად გადავალთ, ცენტრიდან შორს თუ წაგვიყვანეს და ხალხი ვერ შევკრიბეთ, ეს დასასრული იქნება“, – ამბობს ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი სვეტლანა ნამჩევაძე.
ფართის საკითხზე ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიის საკითხთა დეპარტამენტის უფროსს ვარდან ასცატრიანს ვესაუბრეთ.
„ზუსტად ვერ გეტყვით სად გადავლენ სათვისტომოები, რადგან ეს საკითხი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. ადგილი უნდა შევარჩიოთ, მოვაწესრიგოთ და შემდეგ უკვე გადავიყვანოთ“, – განაცხადა ასცატრიანმა და დაამატა, რომ სადაც არ უნდა გადავიდნენ სათვისტომოები, ისინიც მათთან ერთად იქნებიან, რადგან იმავე შენობაში მუშაობენ.
ავტორები: ასტღიკ ჰოვჰანესოვი, ფრუნზ ავეტისიანი, “ალიქ მედია არმენია”