Latest posts by Aliq Media (see all)
„ქართველ სომეხთა კავშირი“ 2015 წელს, საზოგადოებრივად აქტიური ადამიანების გაერთიანებით და ხელშეწყობით დაარსდა, რომლის მთავარი ამოცანა მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების შენარჩუნება, ქართულ-სომხური ურთიერთობების გაღრმავება და საქართველოში მცხოვრებ სომეხთა ინტეგრაციის პროცესში აქტიური მონაწილეობაა.
„საერთოდ, საქართველოში ეთნიკური უმცირესობების საკითხების მიმართულებით, დოკუმენტურად არაერთი ორგანიზაცია არსებობს. თუმცა, სამწუხაროდ, სხვადსხვა მიზეზების და პრობლემების გამო, მოქმედი მათგან მხოლოდ რამდენიმეა. ჩვენი ძირითადი მიზეზი, სწორედ ეს იყო, რომ შეგვექმნა ორგანიზაცია, რომელიც აქტიურად იმუშავებდა ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე და საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებს დაეხმარებოდა, საკუთარი თავის და იდეების რეალიზაციაში“, – ამბობს „ქართველ სომეხთა კავშირის“ გამგეობის წევრი და პროექტების მენეჯერი მარი არაკელოვა.
„ქართველ სომეხთა კავშირის“ მიზანი თავიდანვე იყო: ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია; ტოლერანტული და ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადეობის ჩამოყალიბების პროცესში უშუალო მონაწილეობა; ადამიანის უფლებების, მათ შორის ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა; საქართველოსა და სომხეთს შორის საზოგადოებრივი და სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების განვითარებისა და გაძლიერებისათვის ხელშეწყობა; საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროცესების მონიტორინგი და გამჭირვალობის უზრუნველყოფა; სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესისთვის ხელშეწყობა უშუალო მონაწილეობით; ახალგაზრდების უფლებებისა და თავისუფლების დაცვისთვის, მათი ნიჭისა და უნარის განვითარებისათვის და საზოგადოებაში დამკვიდრებისათვის ხელშეწყობა; ტრენინგების, მასტერკლასებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება, ქალთა პროფესიული განათლება.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ორგანიზაციის სახელწოდება „ქართველ სომეხთა კავშირია“ და ძირითადი მუშაობის თემა არის სომხურ-ქართული ურთიერთობები, ჩვენ ერთგვარი საინტერესო მიდგომა შევიმუშავეთ. ჩვენთან საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი მოდის და ღონისძიებებში მონაწილეობას იღებს. ძირითადი თემა ინტეგრაცია და ადამიანის უფლებებია, მაგრამ ვმუშაობთ ასევე, კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებზე. გვაქვს ენის კურსები, გაცვლითი პროგრამები, რაც ხელს უწყობს, ინტეგრაციის პრობლემის მოგვარებას. თითქოს, საქართველოში არ უნდა იყოს, ინტეგრაციის პრობლემა, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, გარკვეულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, ხელოვნურად, მაგრამ მაინც შექმნა პრობლემები და მოხდა გაუცხოვება“, – ამბობს მარი არაკელოვა.
გარდა იმისა, რომ საქართველოში არსებობს ეთნიკური ჯგუფების ინტეგრაციის და სხვა პრობლემები, ენობრივი ბარიერი, მარი არაკელოვა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად საინფორმაციო ვაკუუმს ასახელებს: „მართალია, ჩვენ გადავედით ციფრულ მაუწყებლობაზე, ინფორმაციის გავრცელების არაერთი საშუალება არსებობს, მაგრამ რეგიონებში მაინც არის ინფორმაციის მიწოდების პრობლემა.
სამწუხაროდ, მედიასაშუალებები ნაკლებად, ან საერთოდ არ უთმობენ დროს ეთნიკურ ჯგუფებს. თუ რეგიონებს ინფორმაცია მიეწოდებათ, მხოლოდ, უარყოფითი. ვთვლი, რომ ეთნიკურმა ჯგუფებმა, აუცილებელია დაინახონ, რომ ქართულ მედიაში მათი ადგილი არის, რაც მთავარია დადებითი, პოზიტიური კუთხით. საზოგადოებრივი მაუწყებელი მეტ-ნაკლებად ცდილობს მედიის ეს მინუსები შეავსოს. თუმცა, ვფიქრობ, ეს ძალიან ცოტაა“.
არსებობის არც ისე დიდი ხნის მანძილზე „ქართველ სომეხთა კავშირმა“ არაერთი საინტერესო ღონისძიება განახორციელა, რომელთა შორის არის: სერგო ფარაჯანოვის სახელობის კონკურსი და საქართველოს კულტურის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში დაფინანსებული „სომხური კულტურა მულტიეთნიკურ საქართველოში”, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის „კულტურის სახლში“ გაიმართა.
„მინდა გითხრათ, რომ სერგო ფარაჯანოვის სახელობის კონკურსი 2015 წელს დაარსდა და დიდი ყურადღება, მოწონება დაიმსახურა. გასულ წელს, საქართველოს ფარგლებს გავცდით და კონკურსში მონაწილეობა რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს.
რაც შეეხება, საგრანტო კონკურსს „სომხური კულტურა მულტიეთნიკურ საქართველოში“, შევეცადეთ სომხური კულტურა საქართველოს ზეგავლენით წარმოგვედგინა. რადგან საქართველოს, როგორც კოლორიტული ქვეყნის გავლენა, მართლაც, ძალიან დიდი და დადებითია. ამასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, მსგავსი ღონისძიება პირველად ჩატარდა.
ჩვენ მიერ განხორციელებულმა პროექტებმა, გარკვეული დადებითი შედეგები მოიტანეს. მაგალითად, გაცვლითი პროგრამებით ოჯახები დამეგობრდნენ. ზოგადად, საზოგადოება განიცდის კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების სიმცირეს. როგორც წესი, ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში განიხილება. ამიტომ, ახალგაზრდა თაობაში თვალში საცემია კულტურული გაუცხოვებაც. ვცდილობთ, საზოგადოების მოთხოვნებიდან და საჭიროებიდან გამომდინარე ვიმუშაოთ და სწორედ, კულტულურ-საგანმანათლებლო ღონისძიებებით შევქმნათ ეთნიკურ ჯგუფებს შორის ხიდები. აუცილებელია, ახალგაზრდება იცოდნენ, ერთმანეთის კულტურა, ტრადიციები, რაც ყველაზე მეტად უწყობს ხელს დიალოგს“, – ამბობს მარი არაკელოვა.
მიუხედავად ჯერ კიდევ უამრავი პრობლემისა, მარი არაკელოვა მიიჩნევს, რომ ბოლო წლების განმავლობაში მდგომარეობა გარკვეული თვალსაზრით, სასიკეთოდ შეიცვალა, რასაც პირველ რიგში ხელი შეუწყო, ეთნიკური უმცირესობებისთვის შექმნილმა „1+4“ პროგრამამ. ეფექტური აღმოჩნდა სტაჟირების პროგრამაც, რაც ადამიანებს დასაქმებაში ეხმარება.
„რთულია, ადამიანების ცნობიერების ერთიანად შეცვლა. რთულია, იმის გააზრება რომ, ეს ქვეყანა ყველასია და არა ცალკეული ადამიანების. მაგრამ, დღეს საბედნიეროდ გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები, რაც ძალიან მახარებს. ტენდეცია, სიტუაცია, პოლიტიკური ნებაც შეიცვალა. მაგრამ, მაინც მინდა პოლიტიკოსებს მივმართო, რომ ეთნიკური თემა არ გამოიყენონ პოლიტიკური ქულებისთვის. მსგავსი მანიპულაცია, ზოგადად, ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის“.
მზევინარ ხუციშვილი