„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ენზელ მკოიანი, რომელიც ადგილობრივი მაფიოზია აქ, პირადად გაუსწორდა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს” – ნიკა მელია

ახალქალაქში, სადაც რამდენიმე საათის წინ გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში შეიჭრნენ და ოპოზიციის წარმომადგენლებს სასტიკად გაუსწორდნენ, ოპოზიციის ლიდერები ჩადიან.

ახალქალაქში იმყოფება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია. მისი განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს, გარკვეული პროვოკაციები მოაწყოს, რაც მერე სურს, ოპოზიციას დაბრალდეს.

მელია ამბობს, რომ მეორე ტურის კამპანიისას და არჩევნების დღეს გაერთიანებული ოპოზიცია საგანგებო რეჟიმში დაიცავს ახალქალაქის უბნებს.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, მათ დადასტურებული ინფორმაცია აქვთ, რომ გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრებს ქართული ოცნების დეპუტატი, ენზელ მკოიანი, ოჯახის წევრებთან და აქტივისტებთან ერთად, გაუსწორდა.

“ქართული ოცნების დეპუტატი, რომელიც ადგილობრივი მაფიოზია აქ – ენზელ მკოიანი, პირადად გაუსწორდა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს ცესკოში. პირადად გაუსწორდა, შვილებთან და ძმასთან ერთად. 20-მდე ხელკეტებითა და ე.წ. კასტეტებით შეიარაღებული ადამიანები გაუსწორდნენ უკვე მთელ  გაერთიანებული ოპოზიციის შტაბს.

“ამ ყველაფერს მხოლოდ სათავეში უშუალოდ კი არ ედგა ქართული ოცნების დეპუტატი, ენზელ მკოიანი, არამედ პირადად მონაწილეობდა ამ დარბევაში იმიტომ, რომ ვერ აიტანეს ის შედეგი, რომელიც დაუფიქსირდა ბატონ გრიგოლ ვაშაძეს,“ – აცხადებს ნიკა მელია.

rustavi2.ge