Latest posts by Aliq Media (see all)
„აგენტად რეგისტრაციას არ ვაპირებთ“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ წარმომადგენლები. “საფარი” წლების განმავლობაში მუშაობს ქალთა სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებასა და განმტკიცებაზე. საქართველოში მომუშავე მრავალი არასამთავრობო ორგანიზაციის (NGO) აზრით, „აგენტების“ შესახებ კანონი ქალებსა და გოგოებს მხარდაჭერის გარეშე დატოვებს, რადგან მათ უფლებებსა და ინტერესებს არასამთავრობო სექტორი იცავს.
ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობდნენ თბილისში გამართულ მასშტაბურ საპროტესტო აქციებში 2023 და 2024 წლებში, პარლამენტში განხილული „აგენტების“ კანონის წინააღმდეგ.
„ჩვენ არ ვაპირებთ დარეგისტრირებას „აგენტად“, რასაც რუსეთის კანონმდებლობა ავალდებულებს, ამიტომ თუ ეს კანონი არჩევნების შემდეგ ძალაში დარჩება, სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს, ჩვენს ბენეფიციარს, ჩამოერთმევა მთელი რიგი სერვისები“, – ამის შესახებ საზოგადოებასთან კომუნიკაციების მენეჯერმა ნინა აგლაძემ „ალიქ მედიასთან“ საუბარში განაცხადა.
რაც შეეხება იმას, თუ ვის შეიძლება დაემუქროს ეს კანონი ძალაში შესვლისა და არჩევნების შემდეგ მოქმედების შემთხვევაში, „საფარის“ წარმომადგენელი დარწმუნებულია, ქალთა უფლებების დაცვა დაზარალდება.
„ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს მომსახურება სჭირდება: ქალები, ბავშვები, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები. ყველას, ვისაც ჩვენ და სხვა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმარებით მრავალი წლის განმავლობაში, საფრთხის წინაშე აღმოჩნდება საკუთარი უფლებების დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის კუთხით”.
არასამთავრობო ორგანიზაციის მიზნებზე საუბრისას, რომელსაც, ალბათ, ასევე საფრთხე ემუქრება და შესაძლოა მისი ნორმალური მუშაობა შეწყვიტოს, ნინა აგლაძე რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას გამოყოფს:
„ჩვენი ორგანიზაცია „საფარი“ მრავალი წელია ეხმარება ქალებს, ბავშვებს და ყველას, ვისაც დახმარება სჭირდება. ჩვენ ვთავაზობთ ქალებს იურიდიულ მომსახურებას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური და ეკონომიკური ძალადობის საკითხებზე, ჩაგრული ადამიანების მხარდაჭერასა და გაძლიერებაში. ჩვენ ვატარებთ კვლევით და სოციალურ კამპანიებს. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ გარემო, რომელშიც თანაბრად იქნება დაცული ადამიანების უფლებები და ყველა მოქალაქეს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები საზოგადოებაში“.
რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს. ის გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის” სტატუსს, ხოლო, აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
კანონის მიღებას წინ უძღოდა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები, მშვიდობიან დემონსტრანტებზე, აქტივისტებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებზე ძალადობა და მათი დაშინების მცდელობები. კანონის ამოქმედების შემდეგ შეჩერდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. გარდა ამისა, როგორც ევროკავშირმა, ისე სტრატეგიულმა პარტნიორმა, აშშ-მა საქართველოს ხელისუფლებას სანქციები დაუწესა. დაანონსებულია სანქციების პაკეტის გაფართოება.