საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 3 მარტს საქართველოს სომხური თემის წარმომადგენლებს შეხვდა.
ზემოაღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობას იღებდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლენა ნაზარიანი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი არაიქ არუთიუნიანი, მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრი აკოფ არშაკიანი, ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი სურენ პაპიკიანი.
„ჩვენ არ ვარ იდეალურები და ეს კარგია, რადგან თითოეული ადამიანისთვის ყველაზე კარგი მასწავლებელი მის მიერ დაშვებული შეცდომაა. თუ თქვენს გარშემო ყველაფერი იდეალურია, მაშინ ცვლილებების საჭიროება არ არის. შეცდომები უნდა არსებობდეს, მაგრამ არის საკითხი – ეს შეცდომები არ უნდა იყოს საბედისწერო. ზოგადად შეცდომა პროგრესის უმთავრესი გარანტიაა“, – განუცხადა ფაშინიანმა რუსთაველის თეატრში შეკრებილ სომხურ თემს.
„დიახ, ჩვენი საკადრო პოლიტიკა სრულყოფილი არ არის, მაგრამ ამის აღიარების არ გვეშინია. თუნდაც ჩვენი ოფიციალური პირის (იგულისხმება კონტროლის პალატის თავმჯდომარე დავით სანასარიანი, რედ.) მიმართ, კორუფციის ბრალდებით აღძრული სისხლის სამართლის საქმე იმაზე მიანიშნებს, რომ ყველაფერი სრულყოფილი არ არის. ზოგადად, ყველაზე მნიშვნელოვანი ნდობის არსებობაა და ჩვენ ხალხს არ ვატყუებთ. მოსახლეობა 100%-ით უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ხელისუფლება მათ არაფერს უმალავს. ჩვენს ნაკლოვანებებს არ ვფარავთ. ამას წინათ სამართალდამცავ სისტემაში არსებულ „გამყიდველებზე/მოღალატეებზე“ ვისაუბრე და ესეც აღიარებაა“, – განაცხადა ფაშინიანმა.
„დღესდღეობით საქართველო-სომხეთის სტრატეგიულ ურთიერთობებზე საუბარი არც ისე ადვილია. ოფიციალური ერევანი „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ წევრია, ხოლო ოფიციალურ თბილისს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. გარდა ამისა, სომხეთი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) წევრია, საქართველოს კი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის (ნატო) წევრობას გეგმავს, ანუ არსებობს გარკვეული გეოპოლიტიკური „გამყოფი ხაზები“, მაგრამ შევძელით მიგვეღწია იმისთვის, რომ ორი სახელმწიფო ჩვენი ურთიერთობებისთვის სტრატეგიული ხასიათის მინიჭებაზე ვსაუბრობთ. დავსახეთ ამოცანა, რომ საქართველო-სომხეთის ურთიერთობები გეოპოლიტიკური განვითარებიდან და ჩარჩოდან ამოვიყვანოთ. ვთქვი, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ახალი, ცალკეული პლაცდარმის შექმნა არის საჭირო. ახალი სივრცე, სადაც ჩვენს შორის ურთიერთობები დაცული იქნება გეოპოლიტიკური მოვლენებისგან. აღნიშნული პლაცდარმის ფორმირება დღეს დაიწყო“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს სომხურ თემთან შეხვედრისას.
„მოდით გულწრფელად ვაღიაროთ, ჩვენ ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებდით საქართველოს, საპასუხოდ ისინიც ანალოგიურად გვიყურებდნენ. ერთმანეთის მიმართ უნდობლობა და „ზურგსუკან შეთქმულებების არსებობის“ გვჯეროდა. როგორც ვთქვით, ეს ყველაფერი შეიცვალა, რადგან მსგავსი განწყობები არ უნდა არსებობდეს. უნდა გავყვეთ სომხურ-ქართული ურთიერთობების ახალ გზას, მაგრამ ეს ერთიანად ვერ მოხდება, ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განხორციელდეს. აღნიშნულისთვის პოლიტიკური ნება არსებობს და ქართული მხარისგანაც ამას ვხედავთ. საქართველო და ქართველი ხალხი დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ სომხეთი და სომეხი ხალხი რაიმე სახის „ანტიქართულ შეთქმულებაში“ მონაწილეობას არ მიიღებენ. ჩვენ არ გვაქ ნეგატიური დამოკიდებულება ქართული საზოგადოების მიმართ, პირიქით, დაინტერესებულები ვართ, რომ საქართველო განვითარდეს, გახდეს სტაბილური სახელმწიფო. გასული წელიწადნახევრის მანძილზე, ორი ქვეყნის ურთიერთობები სწორედ ამ ფორმულაზე იყო დაფუძნებული. აღნიშნული ახალ შესაძლებლობებს აჩენს საქართველოსა და სომხეთისთვის. ჩვენი მომდევნო წინადადებაა, ურთიერთობები საუკუნოვანი ისტორიიდან განვიხილოთ და ამჟამინდელი ურთიერთგაგება ამ გადმოსახედიდან ავაგოთ, რადგან ათასწლეულების მანძილზე რეგიონში გვერდიგვერდ ვცხოვრობდით. ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ეს ორი საზოგადოება საერთო გამოწვევების წინაშე მრავალჯერ დამდგარა და ერთად უპირისპირდებოდნენ არსებულ საფრთხეებს. აუცილებელია საქართველო-სომხეთის სამომავლო ურთიერთობების ამ კუთხით გათვალისწინება“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, თბილისელი სომხები სომხეთის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენენ.
„ჩვენი კულტურის და თვითმყოფადობის მრავალი წარმომადგენელი ჩამოყალიბდა და მოღვაწეობდა თბილისში, ამ ქალაქის სომხურ საზოგადოებაში. რთული სათქმელია, როგორი იქნებოდა ჩვენი იდენტობა, რომ არა საქართველოს დედაქალაქში შექმნილი დიდი კულტურული მემკვიდრეობა“
სომხეთის პრემიერმა საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა სომხური მემკვიდრეობის მიმართ გამოჩენილი დამოკიდებულების გამო. მისი თქმით, აღნიშნული ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ქართულ-სომხურ თანამედროვე ურთიერთობებს ქმნის.
„ჩვენ ქრისტიანობა და ქრისტიანული მემკვიდრეობა გვაერთიანებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოსთან ურთიერთობებს გრძელვადიანი სტრატეგიული შინაარსი ჰქონდეს. დაინტერესებულები ვართ, რომ საქართველოს სომხური მოსახლეობა ამ ქვეყნის სრულუფლებიანი, ინტეგრირებული, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეები იყვნენ, რადგან ეს ერთ-ერთი წინაპირობაა ნორმალური ურთიერთობების გასავითარებლად. დამატებით მიგვაჩნია, რომ სომხეთის სახელმწიფოს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს მათ მიმართ, ვინც ქვეყნის გარეთ ცხოვრობს, უნდა გახდეს მეტად კონსტრუქციული და სტრატეგიული. სწორედ ამიტომ ვცდილობთ, რომ პან-სომხური იდეა ჩვენი პოლიტიკის საფუძველი იყოს. სომხებს აქვთ პოტენციალი, რათა ძლიერი, დამოუკიდებელი სომხური სახელმწიფოს არსებობა უზრუნველყონ. უნდა გვესმოდეს, რომ მსოფლიოს მასშტაბით რაც შეიძლება მეტი მეგობარი გავიჩინოთ და ისინი ჩვენთან ახლოს იდგნენ. შესაბამისად, საქართველო-სომხეთის ურთიერთობების მთავარი ამოცანა საიმედო, მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობების დამყარებაა და ამ გზას მივყვებით.
„ვთვლი, რომ თბილისელი სომხები თავიანთ სამშობლოში ცხოვრობენ“. აღნიშნული განცხადება სომხეთის პრემიერმა ერთ-ერთი კითხვის პასუხად გააკეთა – აქვს თუ არა სომხეთის მთავრობას ე.წ. რეპატრიაციის (იმ პირთა დაბრუნება სამშობლოში, რომლებიც სხვადასხვა იძულებითი გარემოების გამო სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ, რედ.) სახელმწიფო პროგრამა.
„ჩვენ დაინტერესებულები უნდა ვიყოთ, რომ საქართველო იყოს ძლიერი და განვითარებული ქვეყანა. საპასუხოდ საქართველო სომხეთის მიმართ უნდა იყოს ზემოაღნიშნულით დაინტერესებული. რეპატრიაციის შესახებ კანონი დამუშავების ეტაპზეა. აქ მრავალი პრობლემა არსებობს, მაგალითად, რა სახის ქონება/საკუთრება უნდა წამოიღოს თითოეულმა ადამიანმა მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დასახლებისას. რიგი საკითხები მოსაგვარებელია და ეს „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ საკანონმდებლო რეგულირების საკითხია. უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემების გადაწყვეტა. 2018 წელს ვთქვით, რომ რეპატრიანტებს შეღავათები, სესხები უნდა მიეცეთ, მაგრამ შემდეგ წამოიჭრა საკითხი – სომხეთის მოქალაქეები აცხადებენ, ჩვენ აქ წლებია ვცხოვრობთ და არანაირი შეღავათები არ გვაქ, თქვენ კი ჩამოსულებს პირდაპირ სთავაზობთ სარგებელს. ანუ რა გამოდის, უნდა წავიდეთ ქვეყნიდან, შემდეგ უკან დავბრუნდეთ, რომ ამ დივიდენდებით ვისარგებლოთ?“, – განაცხადა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით დღესდღეობით სომხეთში, ნებისმიერ სფეროში მაღალი დონის კადრებზე მოთხოვნაა.
„რთულია საქმის კარგი სპეციალისტის მოძებნა. მაგალითად გზების მშენებლობის საკითხი. წინა წლებთან შედარებით ამ მიმართულებით უკეთესობაა, მაგრამ მაინც არ ვარ კმაყოფილი. ხარისხი სულ მცირე უნდა გაორმაგდეს. დღესდღეობით სახელმწიფო სისტემაში ინტეგრირებულები არიან ადამიანები, რომლებიც განსხვავებული ლოგიკით ცხოვრობენ. მათ არ სურთ მუშაობა ახალი მიდგომებით. ისინი ჩვენზე გაბრაზებულები არიან, რადგან მანამდე ისხდნენ და „ფულს აკეთებდნენ“, მაგრამ ახლა ასე აღარ ხდება. ამას საკუთარ თავზე პირველ რიგში ინვესტორები გრძნობენ. მე სომხეთის სახელმწიფო კონტროლის პალატას დავავალე შეესწავლათ და დაედგინათ იმ კონკრეტულ პირთა წრე, რომლებიც ხელს უშლიან ინვესტიციების შემოდინებას“, – აღნიშნა სომეხმა ლიდერმა.
ვიზიტის ფარგლებში პრემიერი ფაშინიანი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და კათოლიკოს-პატრიარქთან ილია II-სთან.
რევოლუციის შემდეგ, სომხეთის ახალმა მთავრობამ, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით განაცხადა, რომ ქვეყნის საგარეო კურსში მკვეთრი ცვლილებები არ იქნება. აღნიშნული ჩანს არსებული სტატისტიკიდანაც – პრემიერის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, ფაშინიანმა 37 საგარეო ვიზიტი განახორციელა, რომელთაგან 10 რუსეთის მიმართულებაზე მოდის. ევროკავშირის წევრ-სახელწიფოებში ფაშინიანი 12-ჯერ იყო. აქვე, აღსანიშნავია, რომ 37 ვიზიტიდან, 3 მეზობელ სახელმწიფოებში – ორჯერ საქართველოში (3-4 მარტის ვიზიტი რიგით მესამეა, რედ.), ხოლო ერთხელ ირანში განხორციელდა.
ავტორი: რატი ერისთავი – M2B-ის ანალიტიკოსი
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021