ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

„პრეზიდენტ ალიევს ვთხოვდი, ასე ისტორიას არ ჩაეძიოს, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, სამხრეთ კავკასიაში და მსოფლიოში არ არსებობდა ისეთი სახელმწიფო, როგორიცაა აზერბაიჯანი. არ ვფიქრობ მართებული იყოს ისტორიაში ასე ჩაძიება, ვინაიდან ქრისტეს შობამდე 400 წლიდან შემიძლია დავიწყო, მაგრამ ამას არ ვიზამ, არ მგონია ეს სწორი იყოს“, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

დებატების დასაწყისში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია და ეს ისტორიული ჭეშმარიტებაა.

„კონფლიქტის გადაჭრის გზებზე რომ ვისაუბროთ, ისტორიას უნდა მივმართოთ. მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია. ეს ისტორიული ჭეშმარიტებაა, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეფუძნება. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია მსოფლიოს მიერ. ისტორიული თვალსაზრისით, 1805 წელს ყარაბაღის ხანმა იბრაჰიმ ხანმა ხელშეკრულება დადო რუსეთის იმპერიის გენერალ ტიციანოვთან. ამ ხელშეკრულების თანახმად, ყარაბაღი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. არაფერია ნათქვამი ყარაბაღის სომხურ მოსახლეობაზე. 1813 და 1828 წელს დადებული ხელშეკრულებების თანახმად, აზერბაიჯანის სხვა ნაწილები რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

2020 წლის მიუნხენის უსაფრთხოების 56-ე კონფერენცია 14-16 თებერვალს იმართება. საქართველოს დელეგაცია, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მონაწილეობს.

წყარო – imedinews.ge