პატრულისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავეს

პატრული

14 სექტემბერს, მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა 1955 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს, რომელიც პატრულის თანამშრომლებს ქრთამს სთავაზობდა.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურატურის წარმომადგენელმა დაუდასტურა. სომხეთის მოქალაქე, თავდაპირველად, დუშეთის რაიონის სოფელ ნადიბაანთან (ფასანაური-გუდაურის მონაკვეთი) საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გააჩერეს.

,,საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისა და მისი არსის განმარტების მიცემამდე მოქალაქემ პატრულის თანამშრომლებს – კუპრაშვილს და ხაბალაშვილს ქრთამის სახით 10 ლარი მისცა” – აღნიშნულია პროკურატურის ბრალდებაში.

ბრალდებულს იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომელი მაია გაგლოშვილი იცავდა. მისი თქმით, საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, როდესაც დაკავებული საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვდა.

პროკურატურამ სომხეთის მოქალაქესთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. შეთანხმების მიხედვით, მძღოლს ჯარიმის სახით 3 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა, ხოლო ნივთმტკიცებად ამოღებული 10 ლარის კონფისკაცია მოახდინეს. ბრალდებული გაათავისუფლეს.

წყარო: qartli.ge