Latest posts by Aliq Media (see all)
ნიკოლ ფაშინიანი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მაქსიმალურად მოკლე ვადებში ჩატარებას ითხოვს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რესპუბლიკური პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარესთან, ვაგრამ ბაგდასარიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენი აზრით, არჩევნები მაქსიმალურად სწრაფად უნდა ჩატარდეს, მაგალითად, 2-3 თვის ვადაში“, – განაცხადა ფაშინიანმა.
პრემიერმა გამორიცხა საპარლამენტო არჩევნების 2022 წელს ჩატარების შესაძლებლობა, რასაც ოპოზიციური რესპუბლიკური პარტია ითხოვს.
„ეს არაკონსტრუქციული მიდგომაა. ხალხისთვის ნომერ პირველი საკითხი ახლა რიგგარეშე არჩევნებია. ამის გარეშე ვერც ერთი სხვა საკითხი ვერ მოგვარდება“, – განაცხადა პრემიერმა.
თავის მხრივ, ბაგდასარიანი მიიჩნევს, რომ უახლოეს თვეებში ვადამდელი არჩევნების ჩატარება შეუძლებელია.
„ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად დრო არის საჭირო. არ მიმაჩნია ეს შესაძლებლად ნოემბერში. ვადებზე მომავალში ვისაუბრებთ, შესაბამისი განხილვების შემდეგ“, – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა.