სომხური ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა, რომელიც სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად არჩევის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციას ხელმძღვანელობს, მომხრეებს მოუწოდა, ხვალ კვლავ შეიკრიბონ და დემონსტრაციები განაგრძონ.
„ხვალ ისევ უნდა განვაგრძოთ შენობების, ქუჩებისა და მაგისტრალების ბლოკირება“ – განაცხადა ფაშინიანმა და აღნიშნა, რომ დღეს ქუჩაში დარჩენის აუცილებლობა არ არსებობს.
პოლიციის ინფორმაციით კი, ამ დროისთვის, პოლიციის განყოფილებებიდან უკვე გაათავისუფლეს საპროტესტო აქციის მონაწილე ყველა პირი, რომლებიც პოლიციამ დააკავა. სომხეთის პოლიციის მედიასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის ედგარ ჯანოიანის განცხადებით, სამშაბათს, საპროტესტო აქციის მსვლელობისას, 82 ადამიანი დააკავეს. მისი თქმით, ყველა მათგანი უკვე გათავისუფლებულია.
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ქვეყნის პარლამენტის დღევანდელ საგანგებო სხდომაზე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე აირჩიეს. სარგსიანს ხმა 77 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი – 17 იყო. მისი კანდიდატურა სომხეთის მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ წარადგინა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021