მზე ჩვენთვის მუშაობს, ჩვენს ნაცვლად

სომხეთს მზის ენერგიის დიდი პოტენციალი აქვს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში სომხეთში ყოველწლიურად ვითარდება მზის ენერგეტიკა. მზის სადგურების გამოყენება ეკონომიკურად მომგებიანია, ამასთან, შესაძლებელია ენერგიის დაზოგვაც.

„ენერგეტიკის შესახებ“ სომხეთის კანონის 23-ე მუხლის თანახმად, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ საკუთარი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად დაამონტაჟონ 150 კვტ-მდე სიმძლავრის ავტონომიური მზის ელექტროსადგურები, აწარმოონ ელექტროენერგია, ჭარბი ენერგია კი მიჰყიდონ კომპანია „სომხეთის ელექტრო ქსელებს“.

ლიბერალიზებულ ბაზარზე გასვლამდე 150 კვტ-ზე მაღალი სიმძლავრის სადგურებმა შესაბამისი ლიცენზიის მისაღებად უნდა მიმართონ საჯარო სერვისების მარეგულირებელ კომისიას. ხოლო თუ სადგურის სიმძლავრე 150 კვტ-მდეა, მწარმოებელი თავისუფალ ბაზარზე გადის ლიცენზიის გარეშე. ლიცენზირებული კომპანიების სია ხელმისაწვდომია საჯარო სერვისების მარეგულირებელი კომისიის ვებგვერდზე.

2024 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით „სომხეთის ელექტროქსელებს“ შეერთებულია 274 658 430 კვტ სიმძლავრის 17 689 ავტონომიური მზის ელექტროსადგური, 7 449.4 კვტ საერთო სიმძლავრის 216 ელექროსადგური კი მშენებლობის პროცესშია.

მზის სადგურებმა 2023 წელს 252 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს. მზის ელექტროსადგურების ჯამური სიმძლავრე უკვე 473 მეგავატს აღწევს.

2022 წელს კი ჩვენს ქვეყანაში გამომუშავებული 8,9 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგიიდან 241,3 მილიონი მზის ელექტროსადგურებიდან იქნა მიღებული.

არარატ ჩობანიანმა, რომელმაც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა მზის ენერგეტიკის დარგში, 2012 წელს დააარსა მზის ელექტროსადგურების დაპროექტების, აშენების, დამონტაჟების, მომსახურების მიმწოდებელი კომპანია „არფი სოლარი“ და 2018 წლამდე ორგანიზაციის გენერალური დირექტორი იყო.

2018 წელს დააარსა და დღემდე მართავს კომპანია „ფრინერჯი“-ს. ჩობანიანის თქმით ყოველწლიურად იზრდება მოთხოვნა მზის სადგურებზე, მატულობს მზის ელექტროსადგურების დამმონტაჟებელი ფიზიკური და იურიდიული პირების რაოდენობა. სახელმწიფოს სუბსიდირებით მზის ელექტროსადგურები დამონტაჟდა ბევრ სახელმწიფო დაწესებულებასა და საზღვრისპირა დასახლებებში არსებული სახლების სახურავებზე. სუბსიდირების წყალობით იზრდება ასევე მომხმარებელთა რაოდენობა.

„ჩვენ ჩავატარეთ სამუშაოები სომხეთის რესპუბლიკის ყველა რეგიონში და ასევე ერევანში. თავის დროზე ფილიალი გვქონდა არცახშიც. სახელმწიფო სტრუქტურების შენობებზე მზის ელექტროსადგურების დამონტაჟებამდე მონაწილეობას ვიღებთ ტენდერებში. როგორც წესი, დამკვეთი სახელმწიფოა ან სხვადასხვა ფონდები.

2019-2023 წლების განმავლობაში ტავუშის რეგიონის სხვადასხვა თემში (ლუსაძორი, აკნაღბიური, დიტავანი, ხაშთარაკი, ვოსკეპარი, ბერქაბერი, ქალაქი ნოემბერიანი, პარავაქარი, აიგეპარი, აიგეძორი, ნერქინ კარმირაღბიური, ნორაშენი…) „ფრინერჯიმ“ მზის სისტემები დაამონტაჟა 15-ზე მეტი სკოლისა და მაგდენივე საბავშვო ბაღის სახურავებზე.

სიუნიქის ოლქში სადგურები დამონტაჟდა 8 საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, ხოლო კოტაიქში გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის მიერ დაახლოებით 25 სკოლის შენობაზე.
მზის სისტემების ყველაზე გავრცელებული და მოთხოვნადი დარგებია მზის თერმული ენერგიის სისტემები, რომლებიც ცხელ წყალს უზრუნველყოფენ და მზის ფოტოვოლტური სისტემები, რომლებიც აწარმოებენ ელექტროენერგიას.
„ელექტროენერგიის მწარმოებელი ფიზიკური პირები და კომპანიები ზაფხულის განმავლობაში გამომუშავებულ ჭარბ ენერგიას აწვდიან სომხეთის ელექტროქსელებს, შემდეგ კი 1 მაისამდე იმავე რაოდენობით უკან იბრუნებენ. ანუ, სომხეთის ელექტროქსელებიდან დაბრუნებულ ელექტროენერგიას სხვადასხვა დაწესებულებები და პირები ზამთრის თვეებში გათბობისთვის იყენებენ“, – განმარტავს არარატ ჩობანიანი.

საგანმანათლებლო დაწესებულებებში გათბობის სხვადასხვა ტიპი არსებობს. ზოგიერთ სკოლას არ აქვს გათბობის შიდა ქსელი, ამიტომ გათბობის საერთო სისტემის შექმნამდე დროებით სარგებლობს ინდივიდუალური სისტემით.

ზოგიერთი სკოლა გაზით თბება, თუმცა მზის სადგურების დამონტაჟების შემდეგ გასათბობად იყენებს ასევე ჭარბ ელექტროენერგიას. ზოგ სკოლაში, სადაც ადრე ცხელი წყალი არ იყო, მზის სისტემების დამონტაჟების შემდეგ ბავშვებს უკვე ცხელი წყლით ხელების დაბანის საშუალება აქვთ.

„მზის ელექტროსადგურების დაყენების მთავარი მიზანია ელექტროენერგიის წლიური ხარჯების განულება. მშენებარე სკოლების დაპროექტების ეტაპზე დაგეგმილია მზის ენერგიით წყლის გამაცხელებლებისა და ფოტოვოლტური სისტემების დამონტაჟება. ჩვენ განვახორციელეთ ოთხი მსგავსი პროექტი. დამკვეთი იყო სკოლის მშენებელი კომპანია. დამონტაჟებული მზის ელექტროსადგურების მეშვეობით გარდა ელექტროენერგიის მოხმარებისა შესაძლებელია ასევე შენობის გათბობა“ – განმარტავს არარატ ჩობანიანი.
იმისათვის, რომ ნაგებობა მზის სისტემის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით გათბეს, საჭიროა სწორი გათვლა და შესაბამისი სიმძლავრის პანელების დამონტაჟება. შენობა უნდა იყოს თბოიზოლირებული. ყველა დეტალის შესწავლის შემდეგ სპეციალისტები აკეთებენ შესაბამის გამოთვლებს და გასცემენ რჩევებს. გარდა ამისა, მზის ელექტროსადგურების მონტაჟის განმახორციელებელი კომპანიების ვებსაიტებზე არსებობს ავტომატური კალკულატორები. შეგიძლიათ შეავსოთ გარკვეული დეტალები კონკრეტული დაწესებულების შესახებ (ადგილმდებარეობა, ზედაპირის ფართობი, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა და ა.შ.) და დაადგინოთ, თუ რომელი პანელების დამონტაჟებაა შესაძლებელი და რამდენია მათი ღირებულება.

2021 წლიდან მოქმედი კომპანია „ვოლტას“ დირექტორი ნორაირ დუმოიანი ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანაში მზის ელექტროსადგურების დამმონტაჟებელი კომპანიები სისტემის კომპონენტების იმპორტს ახორციელებენ ჩინეთიდან, რუსეთიდან და ჩეხეთიდან (კომპონენტების უმეტესი ნაწილი ჩინეთიდან შემოაქვთ).

„ვოლტა“ მზის ელექტროსადგურებს ძირითადად საცხოვრებელი სახლებისა და ბიზნეს კომპანიების სახურავებზე ამონტაჟებს.

„ვოლტა“ 2018 წელს ვარდენისში დაარსებული კომპანიის „ვოლტას“ უფლებამონაცვლეა. ასე რომ ამ სფეროში ჩვენ 2018 წლიდან ვმუშაობთ. როცა ჩვენს ქვეყანაში მზის ენერგეტიკა ჯერ კიდევ განვითარების დასაწყის ეტაპზე იყო ყველაზე მეტი პანელი გეღარქუნიქსა და ვაიოც ძორში მონტაჟდებოდა. გეღარქუნიქში ბიზნეს კომპანიების შენობების უმეტესი ნაწილის სახურავებზე მზის ელექტროსადგურებია დაყენებული. ახლა უკვე ნაგებობების აშენებისას ხალხი ამაზეც ზრუნავს, მზის ელექტროსადგურებს ამონტაჟებენ“, – ამბობს ნორაირ დუმოიანი.

ავტორი: ჰასმიკ ბალეიანი, “ალიქ მედია არმენია”