8-12 ივნისს, „პენ არმენიას“, „პენ საქართველოსა“ და „პენ ამერიკის“ ინიციატივით, ერევანში, პირველად, ქართულ-სომხური სამენოვანი ლიტერატურული დღეები იმართება. 4 დღის განმავლობაში ქართველი და სომეხი თანამედროვე პოპულარული პოეტები შეხვედრებს გამართავენ, ისაუბრებენ თავიანთ ნაწარმოებებზე და პანელურ განხილვებს გამართავენ. აუდიტორიას აქვს საშუალება მოუსმინოს და გაეცნოს ქართულ-სომხურ ლიტერატურას სამ ენაზე – სომხურად, ქართულად და ინგლისურად. რატომ სამი ენა? „ალიქ მედია ჯორჯიასთან“ საუბარში კითხვაზე პასუხობს „პენ არმენიას“ პრეზიდენტი არმენ ოჰანიანი.
“სამენოვანი სომხურ-ქართულ-ინგლისური ლიტერატურული კრებულები ან არ არსებობს, ან თუ არსებობს – ძალიან ცოტაა (მაგალითად, ამ სამ ენაზე საინტერესო მხატვრული შინაარსის მქონე წიგნს რთულად იპოვით). ადრე ჩვენი დიალოგის ძირითადი ენა იყო რუსული და სომეხი და ქართველი მკითხველი ერთმანეთს რუსულად უკავშირდებოდა. ახლა ეს როლი ინგლისურზე გადადის, რომელიც მსოფლიოს უნივერსალურ ენად იქცა. თუმცა ჩვენ ასევე გვჯერა, რომ თარგმანი რეალური დიალოგის ენაა, ამის გამო ჩვენ წარმოვადგენთ საკუთარ თავს ისეთ ექსპერიმენტულ ფორმატში, რომელიც არის მთარგმნელზე ორიენტირებული და საშუალებას აძლევს ყველას, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, გაიგოს ჩვენი გზავნილები ინგლისური ენის წყალობით“, – ამბობს ოჰანიანი.
ლიტერატურული დღეები უპრეცედენტოა ასევე სხვა ჭრილშიც: მონაწილეობენ ისეთი პოეტები, რომლებიც განსაკუთრებით თავისუფალ სტილში წერენ, არიან პოპულარულები და ამავდროულად იზიარებენ ერთმანეთის ღირებულებებს, დაინტერესებული არიან სომხურ-ქართული ურთიერთობების ლიტერატურულ-სამოქალაქო დიალოგის დონემდე ამაღლებით.
ამასთან ერთად, ოჰანიანი აღნიშნავს, რომ „მწველი პოეტები“ მოიცავს უამრავ ქვეღონისძიებას, ხოლო გალა-საღამო 9 ივნისს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების სტუმრებად მოწვეულები არიან პაატა შამუგია, ლია სტურუა, ეკა ქევანიშვილი, რატი ამაღლობელი, თეა თოფურია, შოთა იათაშვილი, დიანა ამპემიადი, ასევე რომანისტი თამთა მელაშვილი, არჩილ ქიქოძე, ივა პეზუაშვილი, დრამატურგი, მწერალი დავით გაბუნია, რომელთაგან თითოეული იქნება სპეციალური ღონისძიების სტუმარი.
ორივე ქვეყნის მონაწილეებს პოზიტიური მოლოდინი გააჩნიათ, რომ ეს ღონისძიება იქნება გარდამტეხი, როგორც სომხურ-ქართული ლიტერატურული დიალოგის განახლების, ასევე რეგიონის PEN ცენტრებს შორის კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით.
შეგახსენებთ, 8 ივნისს გაიმართა ლიტერატურული დღეების გახსნითი ღონისძიება, სადაც ცალკეული პანელების ფარგლებში პოეტებმა თავიანთი გამოცდილება კოლეგებს გაუზიარეს. აუდიტორიას მიესალმნენ ამერიკის, სომხეთისა და საქართველოს „პენ ცენტრების“ თავმჯდომარეებმა, ხოლო შემდეგ- სიტყვით გამოვიდნენ დავით გაბუნია, ასევე ახალგაზრდა პოეტი ნოველისტი ნანა აბულაძე სომეხ კოლეგა არევიკ ასხაროიანთან ერთად, ხოლო სომხურიდან ქართულ ენაზე თარგმნილი ნაწარმოების შესახებ პრეზენტაციის სახით ვაჰრამ მარტიროსიანმა ისაუბრა.