აზერბაიჯანული მედიის თანახმად აზერბაიჯანული ქალაქი თართარი ბოლო დღეებში კონფლიქტის ეპიცენტრშია. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ზაქირ ჰასანოვი უკვე 2 დღეა თართარში იმყოფება. Report.az საიტის ცნობით, ჰასანოვი გუშინ ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სიტუაციის დაძაბულობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი დღეს შეხების ხაზთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ მობილურ საავადმყოფოში იმყოფებობდნენ. აზერბაიჯანული მხარე კვლავ აცხადებს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები ბომბავენ დასახლებულ პუნქტებს თართარის რაიონში. თართარის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მუსტაგიმ მამედოვმა ტელეკომპანია ANS-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა: „მტრის დაბომბვის შედეგად დაზიანებულია ერთ-ერთი ელექტრო ქვესადგური. ამის შედეგად, თართარის რაიონის 11 სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. დაბომბვის შედეგად, ასევე, დაზიანებულია რამოდენიმე საცხოვრებელი სახლი“. აზერბაიჯანულ წყაროებზე დაყრდნობით, თართარი უკვე მეორე დღეა იბომბება. მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანულ მხარეს მსხვერპლი არ არის. თუმცა, სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა, არწრუნ ჰოვჰანისიანმა თავის ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერი, სადაც დაფიქსირებულია რამდენიმე აზერბაიჯანელის საუბარი არსებული სიტუაციის შესახებ. „საღამოს უკვე 30 დაღუპული იყო და რამდენიმეჯერ განახორციელეს შეტევა განჯაზე“-ნათქვამია სატელეფონო საუბარში. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელმარ მამედიაროვმა, დღეს ოფიციალური წერილით მიმართა გაერო-ს გენერალურ მდივან პანგიმუნს, უშიშროების საბჭოს პრეზიდენტ ლიოხ ზეის და ეუთო-ს მუდმივი საბჭოს მოქმედ პრეზიდენტ პოლ ებერჰარდს, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ წარუდგინოს მკაფიო მოთხოვნა სომხეთს, „პატივი სცეს საერთაშორისო ნორმებს“ . აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადობას „დაგმოს 5 აპრილს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმების არშესრულება“.
მთიან ყარაბაღში სიტუაცია რჩება დაძაბული
ჟურნალისტი