Latest posts by Aliq Media (see all)
როგორც jnews.ge იუწყება, ჯავახეთის კურსდამთავრებულები სწავლის გასაგრძელებლად ძირითადად თბილისის ან ერევნის უნივერსიტეტებს ირჩევენ. მიუხედავად გარკვეული განსხვავებისა სახლიდან შორს სწავლას თავისი სიძნელეები და დადებითი მხარეები აქვს. ამ ყველაფრის შესახებ თვითონ სტუდენტები გვიყვებიან.
თუ 2010 წლამდე ისინი ძირითადად ერევანში ჩადიოდნენ, საქართველოში 4+1 სისტემის ჩამოყალიბების შემდეგ, ზოგი ერევანს ანიჭებს უპირატესობას, ზოგი თბილისს.
არტურ გედელიანი, რომელიც დღეს მაგისტრანტია, 2010 წლიდან თბილისში სწავლობს. ის ფლობდა ქართულს, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა მის არჩევანში. სტუდენტების ფინანსურ მდგომარეობაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ „სტუდენტი ყოველთვის მშიერია“. საცხოვრებელი ადგილის პოვნაც პრობლემას წარმოადგენს. იმ დროს, როცა ჯავახელებს ერევანში ბევრი ნათესავი და ნაცნობი ჰყავთ, თბილისში ჩასვლისას მათ დასარჩენი ადგილი არ ეგულებათ. თბილისში ყოფნის დადებით მხარეებზე საუბრისას, არტურმა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის სტუდენტთა პრივილეგიები მოიყვანა მაგალითად. მაგრამ მისივე თქმით, მიუხედავად ყველანაირი პრივილეგიებისა, სტუდენტს თვეში 300-800 ლარი ეხარჯება (კვება, კომუნალური გადასახადები და ა. შ.).
რაც შეეხება იმ სტუდენტებს, რომლებმაც ერევნის სასწავლებლები აირჩიეს, მათ ენის ბარიერი არ აქვთ, რაც თავისთავად, მათ ინტეგრირებაში უწყობს ხელს.
ჯავახელი აბიტურიენტები დიდხანს ფიქრობენ, სად გააგრძელონ სწავლა. გადაწყვეტილების მიღება მათი შესაძლებლობების, სურვილების და სხვა ფაქტორების საფუძველზე ხდება.
სედრაკ მურადიანმა, რომელიც უკვე ერთი წელია რაც ერევანში სწავლობს, აღნიშნა რომ სახლიდან შორს ყოფნამ მას ბევრი რამ ასწავლა. რაც შეეხება ერევანში მყოფ სტუდენტთა პრივილეგიებს, იგი ამბობს რომ, ენობრივი ბარიერის არქონის ფონზე, სომხეთში უფრო მარტივია სწავლის პარალელურად იმუშაო და თავი ირჩინო.
სტუდენტებისთვის ყველაზე უსიამოვნო საგამოცდო პერიოდია, მაგრამ მიუხედავად სიძნელეებისა და იმისა თუ სად აგრძელებ სწავლას, სტუდენტთა ცხოვრება საინტერესოა და მხიარული.