Latest posts by Aliq Media (see all)
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში სრულად პროპორციული არჩევნები ჩატარდება, პარლამენტში მოსახვედრად კი 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა იქნება საჭირო. პროპორციული არჩევნების დროს პოლიტიკური ლანდშაფტი უფრო ფრაგმენტირებულია, პარლამენტში ბევრი პარტია შედის და პარლამენტი მრავალპარტიული ხდება, რაც თავის მხრივ კარგია, რადგან ერთ, მმართველ ძალას არ აქვს იმის საშუალება, რომ კანონები ერთხმად, ოპოზიციის გარეშე, მიიღოს.
რატომ არის კარგი მრავალპარტიული სისტემა?
მრავალპარტიული სისტემები მეტი პოპულარობით სარგებლობენ და შესაბამისად უფრო მეტად გვხვდება საპარლამენტო სისტემებში, ვიდრე საპრეზიდენტო სისტემებში. გარდა მრავალპარტიული სისტემისა არსებობს ერთპარტიული დომინანტური და ორპარტიული სისტემა. აღსანიშნავია, რომ ძირითადად პროპორციული არჩევნების შედეგად მრავალპარტიული საკანონმდებლო ორგანო ფორმირდება, სადაც შესუსტებულია ერთი პოლიტიკური ძალის გავლენა და საზოგადოების თითქმის ყველა ჯგუფის ინტერესია წარმოდგენილი. მრავალპარტიულობის მისაღწევად, პროპორციული არჩევნებთან ერთად, მნიშვნელოვანია დაბალი საარჩევნო ბარიერი, რადგან ეს უზრუნველყოფს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის მისაღები ძალების საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენას. საქართველოს შემთხვევაში ბარიერი 5 პროცენტია, რაც არსებული ვითარებიდან გამომდინარე პოლიტიკური აქტორებს გამსხვილებისკენ უბიძგებს.
როგორ მივედით სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემამდე?
2024 წლის არჩევნების შედეგად მე-11 მოწვევის პარლამენტი აირჩევა. ქვემოთ ცხრილში კი ასახული სხვადასხვა წლებში საქართველოს პარლამენტის შემადგენლობა.
საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით,, მრავალპარტიულობით ყველაზე გამორჩეული იყო საქართველოს მე-3 და მე-4 მოწვევის პარლამენტი. მე-3 მოწვევის პარლამენტში იყო 24 პარტია/პოლიტიკურია გაერთიანება, მე-4 მოწვევის პარლამენტში იყო 12 პარტია/პოლიტიკურია გაერთიანება, და 29 დამოუკიდებელი დეპუტატი. აქვე აღსანიშნავია, რომ მე-3 პარლამენტის არჩევნები 1992 წლის შემოდგომაზე ჩატარდა. არჩევნებში იმ დროისთვის მოქმედი ყველა პოლიტიკური ძალა იღებდა მონაწილეობას- ეს არჩევნები კი შერეული სისტემით გაიმართა. მისი ჩატარების წესი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა სხვა არჩევნებისაგან. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩიეს 75 დეპუტატი, პროპორციული სისტემით კი 150 დეპუტატი. საარჩევნო ბარიერი 2% იყო. შედეგად, საქართველომ ჯერჯერობით ისტორიაში ყველაზე მრავალპარტიული პარლამენტი მიიღო – არჩევნებში მონაწილე 36 პოლიტიკური სუბიექტიდან, 24-მა გადალახა ბარიერი.
მე-4 მოწვევის პარლამენტის არჩევნები, რომელიც 1995 წლის 5 ნოემბერს ჩატარდა, ასევე იყო პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით. თუმცა, 1992 წლისგან განსხვავებით, პროპორციული სიით გამსვლელი ბარიერი 5%-მდე გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ამ არჩევნების შემდეგ ჩატარებულ არცერთ არჩევნების შედეგად პარლამენტში ამდენი პარტია არ შესულა.
აქვე აღვნიშნოთ, რომ 1999 წლის არჩევნებისთვის ბარიერი 7%-მდე გაიზარდა, რაც 2008 წლამდე აღარ შეცვლილა, 2008 წელს კი ბარიერი 5%-მდე შემცირდა და ძალაში დარჩა 2012 და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც. 2020 წლის არჩევნების დროს ბარიერი 1 პროცენტი იყო.
ზემოთ განხილული შემთხვევები მოწმობს, რომ საზოგადოებაში ყოველთვის მაღალია სურვილი პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის, რაც ნიშნავს, რომ საზოგადოება მრავალპარტიული სისტემა სურს. ამას მოწმობს ის, პოლიტიკურად მრავალფეროვანი ლანდშაფტი რომელიც, იქმნებოდა ხოლმე მაშინ, როცა ხელისუფლება ხელოვნურად არ ცდილობდა პარლამენტში მოსახვედრი კრიტერიუმების გართულებას.
სრულიად პროპორციული სისტემაზე გადასვლის დაპირება, როგორც წინა ასევე, მოქმედ ხელისუფლებასაც ჰქონდა. მეტიც, ქართულმა ოცნებამ 2017 წლის კონსტიტუციის ცვლილების დროს, მასში ჩაწერა, რომ 2024 წლიდან საქართველოში სრულად პროპორციული სისტემა უნდა ამოქმედებულიყო. აღნიშნული ნაბიჯი არაერთგვაროვნად შეფასდა.
მოვლენების დაჩქარებამ 2019 და შემდგომ წლებში განვითარებულმა პროცესებმა გამოიწვია. კერძოდ, 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან “მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის” სესიას რუსულ ენაზე გაუძღვა რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რასაც ოპოზიციისა და მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. მასშტაბურ საპროტესტო აქციაზე მოქალაქეებმა მოითხოვეს იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე, საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს პროპორციული სისტემით. 20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩაატარებდნენ- ბუნებრივი ბარიერით.
თუმცა პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩნევდა, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა. 2020 წელს კი საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა.
19 აპრილის შეთანხმება “ქართულმა ოცნებამ” 2021 წლის აგვისტოში ანულირებულად გამოაცხადა, თუმცა მმართველი პარტია იძლეოდა პირობას, რომ ბარიერს 2%-მდე მაინც დაწევდა – 2021 წლის სექტემბერში პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა ცვლილება საპარლამენტო არჩევნების 2%-იანი ბარიერით ჩატარების შესახებ. მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი ოპოზიციამაც დაუჭირა, მაგრამ მეორე და მესამე მოსმენა აღარ ჩატარებულა.
2022 წლის ივლისში საგანგებო ბრიფინგზე “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ და ამჟამინდელმა პრემიერმა, ირაკლი კობახიძე განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნები 2%-იანი ბარიერით იმ შემთხვევაში ჩატარდებოდა, თუ ქვეყანა დეკემბერში კანდიდატის სტატუსს მიიღებდა. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველომ სტატუსის დაპირება და 12 რეკომენდაცია, 2023 წლის ნოემბერში კი ევროკომისიის დადებითი დასკვნა მიიღო, მაგრამ მმართველი პარტია ბარიერის დაწევაზე მსჯელობას აღარ აპირებს.
“ქართული ოცნება” ოპოზიციის ლიკვიდაცია სურს
როგორც სტატიაში განხილული მოვლენებიდან ჩანს, მივიღეთ მოცემულობა, სადაც სრულად პროპორციული არჩევნები ტარდება მაღალი საარჩევნო ბარიერით, ამასთან პარტიებს ბლოკებად გაერთიანება აღარ შეუძლიათ. მსგავსი შეზღუდვები ჩრდილს აყენებს, იმ სიკეთეს, რომლის მოტანაც მრავალპარტიული საკანონმდებლო ორგანოს შეუძლია ჩვენნაირი ახალგაზრდა დემოკრატიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას სურს არჩევნების სრული პროპორციული წესითა და დაბალი ბარიერით ჩატარება და მრავალპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბება, „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად ცდილობს, აღნიშნულს ხელი შეუშალოს. მეტიც, იგი არჩევნებში უფრო და უფრო რადიკალური და ანტიდემოკრატიული დაპირებებით მოქმედებს. სწორედ, ამ პროცესიის გაგრძელება, მმართველი ძალის მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაპირება.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 29 აპრილს რეგიონებიდან თბილისში მმართველი პარტიის მიერ სპეციალურად აქციისთვის ჩამოყვანილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა. თავის ვრცელ გამოსვლაში მან გაამყარა შეთქმულების თეორია, რომელიც „ომის გლობალურ პარტიას“ საქართველოს იდენტობისა და სუვერენიტეტის გამანადგურებელ ძალად წარმოაჩენს და ოპონენტების, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ რეპრესიები დააანონსა, რაც 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში პარტიის გამარჯვებას მოჰყვება. ეს განცხადება კი „ქართული ოცნების“-თვის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი და მთავარ დაპირებად იქცა.
საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, მმართველი პარტია აპრილში გაღერებული მუქარა ხელახლა გააჟღერა და წინასაარჩევნო დაპირებად აქცია. ანუ მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი დაპირებაა ყოფილი მმართველი პარტიის- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და მასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული ოპოზიციური პარტიების აკრძალვა.
„ქართულ ოცნებას“ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო განზრახვა აქვს, მმართველ პარტიას მეოთხე ვადით სურს ხელისუფლებაში დარჩენა და თანაც, საკონსტიტუციო უმრავლესობით.
ამას კი იმით ასაბუთებს, რომ ასაკრძალია „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“, „ნაცმოძრაობა თავისი სატელიტებით და მემკვიდრე პარტიებით“, რაც, ხელისუფლების მაღალჩინოსნების განმარტებითვე, გულისხმობს ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებზე 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვს.
„მე ვფიქრობ, რომ პარტიის აკრძალვის ლოგიკური გაგრძელება იქნება მანდატების გაუქმებაც. არ შეიძლება, დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის დამნაშავე წევრები სარგებლობდნენ ისეთი სტატუსით, როგორიც არის საქართველოს პარლამენტის წევრობა. ეს იქნებოდა ლოგიკური გაგრძელება“- თქვა პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მოგვიანებით მან დააკონკრეტა, რომ “კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაში“ იგულისხმებიან: „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ერთად არჩევნებში მონაწილე სხვა ჯგუფები („სტრატეგია აღმაშენებელი“), „ახალი“, „დროა“, „გირჩი“, „ლელო“, „გახარია – საქართველოსთვის“.
ჟურნალისტის რეპლიკას, ასეთ შემთხვევაში პარლამენტი ერთპარტიული იქნება, პრემიერმა ასე უპასუხა:
„არაფერი არ ხდება ასეთ დროს. მოლდოვის პარლამენტი არის პრაქტიკულად ერთპარტიული, მაგრამ ყველა მიესალმება მოლდოვის პარლამენტს. იგივე მოხდება საქართველოშიც. ერთნაირი სტანდარტი უნდა მოქმედებდეს ყველა კანდიდატ ქვეყანაში…“
აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წლის 19 ივნისს მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა პრორუსული პარტია „შორი“. მოსამართლეებმა მიიჩნიეს, რომ პარტია მოქმედებდა კანონის უზენაესობის პრინციპების საწინააღმდეგოდ და საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, პარტიის მოქმედ დეპუტატებს მანდატები არ გაუუქმეს, ისინი მუშაობას აგრძელებენ, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები.
მმართველი პარტიის („მოქმედება და სოლიდარობა“) გარდა, მოლდოვის პარლამენტში წარმოდგენილი არიან კომუნისტებისა და სოციალისტების ოპოზიციური ბლოკი და დამოუკიდებელი დეპუტატები.
აქვე აღვნიშნოთ, იმისთვის, რომ ხელისუფლებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს და კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანოს, საჭიროა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა 150-წევრიან პარლამენტში მინიმუმ 113 სადეპუტატო მანდატი მიიღოს. „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდა მეცხრე მოწვევის პარლამენტში (2016-2020 წწ).
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა “ქართული ოცნების” მიერ ოპოზიციის აკრძალვის გეგმასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. მილერმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ოცნების ნაბიჯები ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან შეუსაბამოა და დემოკრატიულ ღირებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის.
“აშშ მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” მზარდად ანტიდემოკრატიული რიტორიკით და ქმედებებით კვლავ ღრმად შეშფოთებულია. განცხადებები, რომლებიც ოპოზიციის აკრძალვის გეგმას აცხადებს, ამის მორიგი მაგალითია”. – თქვა მილერმა.
ამერიკელი დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა National Journal-თან ინტერვიუში ისაუბრა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და თქვა, რომ შეშფოთებულია ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის განცხადებით. მისი დასკვნით, მმართველი გუნდი „ავტოკრატიულ რეჟიმად გადაქცევაზე საუბრობს. “მათ სურთ, იყვნენ დიქტატურა და არა დემოკრატია“, – განაცხადა შაჰინმა.
„მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსის” წევრის, ჩეხი ევროპარლამენტარის, მარკეტა გრეგოროვას შეფასებით, ოპოზიციის აკრძალვა ეწინააღმდეგება დემოკრატიის რაობას და დე ფაქტო სახელმწიფოს მიტაცება იქნება.
საექსპერტო წრეების შეფასებით, საქართველოში „აგენტების კანონის“ („რუსული კანონი“) საბოლოო მიღებისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის რისკის ქვეშ დაყენების შემდეგ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, ახლა შეეცდება ოპოზიციის გაჩუმებას. რეალურად, მმართველ გუნდს საქართველოში, საბოლოო დიქტატურის დამყარება სურს.
ქართულ-ევროპული ინსტიტუტის (EGI) ხელმძღვანელის, პოლიტოლოგი გიორგი მელაშვილის თქმით, ბევრი საუბარია „ქართული ოცნების“ გამოხტომებზე, „პოლიტიკური ველის გასუფთავების მცდელობაზე“, დიქტატურის დამყარების სურვილზე და და ზოგადად, ოცნების მიერ ყველა პოლიტიკური პარტიის მოშორების ქაჯურ იდეაზე. ყველა, ეს იდეა არის სამარცხვინო, გაუგონარი და ლაჩრული. ასეთი იდეები აშკარად ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პროცესებს.
მისი თქმით, „ქართული ოცნებას“ წარსულშიც ჰქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა და შეეძლო მსგავსი ნაბიჯების გადადგმა, თუმცა ოცნებისთვის მნიშვნელოვანი იყო ენმ-ის არსებობა, რადგან მმართველმა გუნდმა ენმ გამოიყენა, როგორც საფრთხე მოქალაქეების დასაშინებლად და ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
ძირითადი პოლიტიკური პარტიების რაოდენობა განსაზღვრავს სისტემას, რომელიც შექმნილია ამათუიმ ქვეყანაში, ამის მიხედვით კი გამოყოფენ სამი ტიპის სისტემას, ესენია ერთპარტიული, ორპარტიული და მრავალპარტიული პოლირიკური სისტემები. მათგან თითოეულს მისი დამახასიათებელი ნიშნები გააჩნია, ხშირ შემთხვევაში კი ქვეყნის პოლიტიკური მიმართულებასა და მმართველობის სახეზეც მიუთითებს.
ერთპარტიული სისტემა დამახასიათებელია ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმებისთვის. “ავტორიტარულ სახელმწიფოებში პარტია არსებობს მხოლოდ იმისთვის, რომ ჩაახშოს პოლიტიკური ალტერნატივები, ისევე, როგორც სახალხო კონსენსუსი. ხშირად, როგორც მმართველი რეჟიმის მთავარი იარაღი, იგი გამოიყენება სახელმწიფო ძალა უფლების განსამტკიცებლად და პოლიტიკური ოპოზიციის აღსაკვეთად. ტოტალიტარულ სახელმწიფოებში პარტია მასებზე ზემოქმედებისა და ინდივიდუალიზმის ჩახშობის ხარჯზე იდეოლოგიურ ვაკუმში მათ გაერთიანებას ახდენს.