„მრავალეროვანი საქართველო“, ორგანიზაცია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების მხარდასაჭერად

საქართველოში ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით, არაერთი ორგანიზაცია მუშაობს. თუმცა, ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და პირველ ორგანიზაციად საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ შეგვიძლია დავასახელოთ, რომლის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს ეთნიკურ, რელიგიურ და ლინგვისტურ უმცირესობათა პოტენციალის აქტივაცია, უფლებების დაცვა და განვითარება; კონფლიქტების გადაჭრა და პრევენცია, მშვიდობის აღმშენებლობა და სამოქალაქო თანხმობა; დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციისათვის ხელშეწყობა; დეცენტრალიზაციის პროცესებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დამკვიდრებისათვის ხელშეწყობა, ადგილობრივი სათვისტომოების განვითარება; კულტურათშორისი დიალოგისა და გაცვლის განვითარება, საზოგადოებაში ეთნოსთაშორისი ურთიერთობების ჰარმონიზაცია.

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი 18-წლიან მუშაობას დადებითად აფასებს: „ნელი ტემპით მივდივართ. ვფიქრობ, შედეგი მეტი უნდა გვქონდეს, მაგრამ ჩვენს რეკომენდაციებს ხშირად არ ითვალისწინებენ. თუმცა, ჩვენი ორგანიზაცია მაინც წარმატებით მუშაობს, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ პირველებმა წამოვწიეთ ეთნიკური უმცირესობების პრობლემები, აქტუალური გავხადეთ და გარკვეულ შედეგსაც მივაღწიეთ.

მინდა გითხრათ, რომ ადამიანებმა, რომლებიც დღეს პოლიტიკაში არიან, ან წარმატებით მუშაობენ ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე, სწორედ „მრავალეროვან საქართველოში“ დაიწყეს აქტიური მოღვაწეობა. ჩვენ ხელი შევუწყეთ რეგიონებში არასამთავრობო სექტორის, გარკვეულწილად, ადგილობრივი მედიის განვითარებას, საზოგადოებაში წამოვწიეთ სამოქალაქო ინტეგრაციის, განათლების, კულტურის სფეროს საკითხები.

„მრავალეროვანი საქართველოს“ დამსახურებაა რომ, დროულად მოხდა რატიფიცირება ჩარჩო კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით თვითმართველობის განვითარებასთან დაკავშირებით. აქტიურად ვლაპარაკობთ, დისკუსიებს ვმართავთ დასავლურ და ევროპულ ღირებულებებზე. რაც მთავარია,  მოსახლეობის ნდობა მოვიპოვეთ, რადგან ჩვენს პრინციპებს, ღირებულებებს არ ვღალატობთ და ადამიანებს უანგაროდ ვეხმარებით“.

საერთო სამოქალაქო მოძრაობა – მრავალეროვანი საქართველო  1999 წელს დაარსდა. იგი აერთიანებს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკურ, რელიგიურ და ლინგვისტურ ჯგუფებს. ამასთან, 18 სათვისტომოსა და 56-მდე საზოგადოებრივ ორგანზიაციასთან თანამშრომლობს, რომლებიც საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკურ, რელიგიურ და ლინგვისტურ ჯგუფებთან ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროში მუშაობენ.

რეგიონებში პროგრესი და წინ გადადგმული ნაბიჯები არის, თუმცა პრობლემები ჯერ კიდევ რჩება. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი გადასახედიდან სომხური და აზერბაიჯანული თემები იზოლირებულად აღარ ცხოვრობენ, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კომუნიკაციის პრობლემა რჩება. „თუ წინა წლებთან შედარებას გავაკეთებთ, დღეს გვყავს თაობა, რომელიც სხვანაირად ფიქრობს. ეს თაობა სამოქალაქო პოზიციებზე დგას. შეიცვალა პოლიტიკური ელიტის მიდგომებიც. მიხვდნენ რომ, აუცილებელია ეთნიკური უმცირესობების ინტეგრირება საზოგადოებაში და, რომ ინტეგრაცია, კონსოლიდაცია ორმხრივი პროცესია.

ყველა რეგიონში სხვადასხვა პრობლემებია, თუმცა ენობრივი ბარიერი ყველაზე დიდ შეზღუდვებს ქმნის. სამწუხაროდ, ჩვენთან ასეთი მიდგომაა, ისწავლე ენა და გექნება ინფორმაცია. ეს არასწორი დამოკიდებულებაა. იმისათვის რომ, ადამიანმა რაღაც ისწავლოს უნდა ჰქონდეს მოტივაცია, ან უნდა ეშინოდეს. ქვემო ქართლის მაგალითს მოვიყვან. დღესდღეობით, ადამიანები ბაზარში ყველა ქართულ ენაზე ლაპარაკობს. თვითონ ისწავლეს, რომ პროდუქცია გაყიდონ. მიეცათ დასაქმების საშუალება და, გაჩნდა სტიმულიც ესწავლათ ქართული ენა. ამასთან, ქართულ არხებთან წვდომა არ აქვთ და ფაქტობრივად, სხვა ქვეყნების საინფორმაციო სივრცეში ცხოვრობენ“, – ამბობს არნოლდ სტეფანიანი.

მოძრაობა  მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს და ძირითადი აქტივობები მიმართულია საქართველოს დედაქალაქსა და ხუთ რეგიონში, სადაც წარმოდგენილია ეთნიკური, ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნება – ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, კახეთი და აჭარა. მოცემულ რეგიონებში მუდმივად მუშაობენ „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლობები. ორგანიზაცია მიისწრაფვის ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმებად აღიარებისაკენ.

„მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მათ მიერ შემუშავებული პროექტები ნელ-ნელა ანგრევს ბარიერებს, სტერეოტიპებს, მაგრამ უკეთესი შედეგის მისაღწევად აუცილებელია საკითხისადმი სწორი მიდგომა და დამოკიდებულებების შეცვლა: „თუ განვითარება გვინდა, პირველ რიგში აუცილებელია შეიცვალოს ეთნიკური უმცირესობების აღქმა. გაიზარდოს ნდობა, რომ ხელი არ შეგვიშალოს მეზობელი ქვეყნების გეოპოლიტიკურმა თამაშებმა, რომლებიც საკუთარი მიზნების განსახორციელებლად მუდმივად ცდილობენ ზეგავლენა ჰქონდეთ უმცირესობებზე“.

მზევინარ ხუციშვილი

 

Leave a Reply