მოვაჭრეების მიმართვა პრეზიდენტს

ახალქალაქის ბაზრობის მოვაჭრეებმა ბაზრობის მდგომარეობის შესახებ უმაღლეს ხელისუფლებას წერილით მიმართეს.

ბაზრობის მოვაჭრეები წლების განმავლობაში ბაზრობის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება იმ მოტივით, რომ მოვაჭრეები პარკის ტერიტორიაზე არიან განლაგებულნი, უარს აცხადებს მათ დახმარებაზე.

 „ხალხი უკმაყოფილოა აქ არსებული პირობებით: სახურავიდან წყალი წვეთავს, ადამიანები ტალახში და წყალში ვაჭრობენ. ორი წელია ადგილობრივ გამგეობას თხოვნით მივმართავთ, რომ სამუშაო პირობები შეგვიქმნან, მაგრამ უშედეგოდ. ბიუჯეტში ფული გვაქვს, რითაც ნორმალური, საშუალო დონის პავილიონის აშენება შეგვიძლია, თუმცა ისინი გვპასუხობენ, რომ ეს არის პარკის ტერიტორია და არ გააჩნიათ უფლებამოსილება რამე შეცვალონ“ – აცხადებს ბაზრის ტერიტორიის მოიჯარე – ადამ აივაზიანი.

ბაზრობაზე დასაქმებულმა 68 ადამიანმა ტერიტორიის სტატუსის შეცვლისა და სავაჭრო ცენტრად გადაკეთბის თაობაზე პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს წერილით უკვე მიმართა. აღსანიშნავია, რომ თითქმის 30 წელია ვაჩაგან ვანციანის სახელობის პარკი სავაჭრო ტერიტორიად გამოიყენება, სადაც დაახლოებით 100 ადამიანი ვაჭრობს.

„ძეგლს არ შევეხებით, გპირდებით, რომ ძეგლის ირგვლივ მიმდებარე ტერიტორიას გავასუფთავებთ, დანარჩენ ტერიტორიას კი სავაჭრო ცენტრად გადავაკეთებთ. თვეში ადგილობრივ ბიუჯეტს 2510 ლარით ვავსებ, იმის ნებართვა მაინც მოგვცენ, რომ მთლიანი ტერიტორია ერთი სახურავის ქვეშ მოვაქციოთ და ასფალტი დავაგოთ, ასე ადამიანები სუფთა გარემოში მაინც იმუშავებენ – განაცხადა ადამ აივაზიანმა.

jnews.ge

Leave a Reply