მოსკოვს სომხეთში აშშ-ის დაფინანსებულ ბიოლაბორატორიებზე წვდომის მიღება სურს

“ჩვენ ახლა მემორანდუმზე ვმუშაობთ. შარშან ჩემი პირადი დავალებით რუსი სპეციალისტები ამ ობიექტებზე დაუშვეს, რათა ისინი დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ რუსეთისთვის ეს რაიმე საფრთხეს არ შეიცავს. მათ არანაირი სამხედრო დანიშნულება არ აქვთ, ეს ბიოლაბორატორიები წმინდა სამედიცინო მიზნებისთვის გამოიყენება. ვფიქრობ, ჩვენი კოლეგები რუსეთიდან ამაში უკვე დარწმუნდნენ, –  განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსულ კომერსანტთან ინტერვიუში, ჟურნალისტის კითხვაზე სომხეთში არსებულ ბიოლაბორატორიებთან დაკავშირებით, რომელზეც მიმდინარე წლის ნოემბერში ერევანში სერგეი ლავროვის ვიზიტის დროს მემორანდუმი უნდა გაფორმდეს.

რუსი ჟურნალისტის კითხვაზე, აღნიშნული მემორანდუმით იქნება თუ არა გათვალისწინებული ისიც, რომ რუს სპეციალისტებს შეუზღუდავი წვდომა ჰქონდეთ სომხეთის ლაბორატორიებთან, ფაშინიანი პასუხობს:

“ეს ლაბორატორიები სომხეთის საკუთრებაა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სხვათა შორის, ეს ლაბორატორიები ღირებულია და მნიშვნელოვანია სომხეთისთვის. მადლობელი ვართ ჩვენი ამერიკელი კოლეგების იმისთვის, რომ სომხეთში ფინანსურად დაუჭირეს მხარი იმ თანამედროვე ლაბორატორიებს, რომელიც სომხეთის ბიოლოგიურ უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. ფაქტიურად, ეს საჩუქარია, ძვირფასი საჩუქარი.

ჩვენ კიდევ ვმუშაობთ მემორანდუმის ტექსტზე. ამ დოკუმენტის მთავარი მიზანი არის ყველა მხარის ინტერესის დაცვა, რათა არცერთ ჩვენს პარტნიორს ამასთან დაკავშირებით არ ჰქონდეს რაიმე შიში”, – ამბობს ფაშინიანი.

რუსულ და სომხურ მხარეებს შორის დიალოგი სომხეთში არსებული ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობის საკითხზე რამდენიმე წლის წინ დაიწყო.


საქართველოში მოქმედი ლუგარის კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და სამთავრობო მედიის მიერ მიმდინარეობს. კამპანიას სოხუმსა და ცხინვალშიც შეურთდნენ. რუსი, აფხაზი და ოსი მაღალჩინოსნები პერიოდულად ავრცელებენ განცხადებებს ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობაზე.

აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი ლუგარის კვლევითი ცენტრის შესახებ გადაუმოწმებელი ინფორმაცია და შეთქმულების თეორიები რუსულ მედიაში მისი ექსპლუატაციაში შესვლიდან (2013) ვრცელდება.

პენტაგონში მიიჩნევენ, რომ მოსკოვი სინამდვილეში ცდილობს მისივე ბოლოდროინდელი ქმედებებისგან ყურადღების გადატანას.

“პენტაგონი არ ქმნის ბიოლოგიურ იარაღს ლუგარის ცენტრში. ეს რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიაა, რომელსაც დასავლეთის წინააღმდეგ აწარმოებს და არაერთ ფრონტზე რუსეთის ცუდი ქმედებებისგან ყურადღების გადატანას ცდილობს”, – განაცხადა პენტაგონის სპიკერმა ერიკ პაჰონმა.

წყარო – ნეტგაზეთი