მომგებიანი გარიგება მზესთან

იმ ფაქტს, რომ მზის შუქი ელექტროენერგიად გარდაიქმნებოდა და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა დაახლოებით მეოთხედი საუკუნის წინ სომხეთში ნაკლებად სარწმუნოდ თვლიდნენ.

ხაჩიკ საჰაკიანი ერთ-ერთი იყო იმ მცირერიცხოვანთაგან, რომელიც გარდა რწმენისა, დაკავებული იყო მზისგან ელექტროენერგიის მიღებით, თუმცა როგორც თავად ამბობს, სამოყვარულო დონეზე.

მწვანე ტექნოლოგიებით გატაცება რომ უფრო ფართო და მასშტაბურ სამუშაოდ ექცია, ამ საქმეში 2015 წელს საჰაკიანს ნდობა გამოუცხადეს და მხარი დაუჭირეს ევროკავშირმა და ავსტრიის განვითარების სააგენტომ. მოგვიანებით მათ შეუერთდა გაეროს განვითარების სააგენტოს „გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამაც“ და გიუმრიში დააარსდა ფონდი „მწვანე ტექნოლოგიების სომხური ცენტრი“.

საქმიანობის დაწყებიდან ათი წელიც კი არ არის გასული, თუმცა მწვანე ტექნოლოგიების სომხური ცენტრის საქმიანობით სარგებლობენ რესპუბლიკის თითქმის ყველა რეგიონში. ფონდმა სომხეთში დანერგა განახლებადი ენერგეტიკული რესურსებისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების სისტემები, ასევე შეიმუშავა როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივი დარგობრივი პოლიტიკა.

ფონდის დირექტორი ხაჩიკ საჰაკიანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თავიანთი საქმიანობის საგანმანათლებლო ნაწილს, რომლის წყალობითაც მზის ტექნოლოგიები არა მხოლოდ ბიზნესად გადაიქცევა, არამედ ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარგი გახდება.
პროგნოზებმა გაამართლა. დღეს უკვე საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული იმის პრაქტიკა, რომ მზისაგან მაქსიმალური სარგებელი მიიღონ. „ნებისმიერი ტექნოლოგიის ეფექტურობას ჩვენ ვაფასებთ მაშინ, როდესაც ბიზნესი იწყებს მის გამოყენებას, დღეს კი ყველა ჩვენთაგანი ხედავს, რომ ყველაზე მცირე სერვის ცენტრიდან დაწყებული მსხვილ საწარმოებამდე იყენებენ განახლებად, ანუ რეგენერაციულ ენერგიას“, – ამბობს საჰაკიანი.

სფერო ვითარდებოდა, მზის სისტემების რაოდენობა იზრდებოდა, მაგრამ არ გვყავდა სპეციალისტები – ხელოსნები, რომლებიც დაამონტაჟებდნენ და საჭიროების შემთხვევაში შეაკეთებდნენ ამ სისტემებს. სწორედ ის დრო იყო, ტექნიკური მიმართულების საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი პროფესია დაგვენერგა. ამ მიზნით, ოთხი წლით ადრე ფონდმა – „მწვანე ტექნოლოგიების სომხურმა ცენტრმა“, მიმართა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. შეთავაზება მიიღეს და, დროის მოთხოვნის შესაბამისად, შეიქმნა სპეციალობა – „განახლებადი ენერგეტიკული სადგურების მონტაჟი და მომსახურება“.
2020 წლიდან დღემდე რესპუბლიკის რეგიონების ცხრა საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება არა მხოლოდ განათლებას აძლევს მრავალ სტუდენტს, არამედ მუშაობის ფართო შესაძლებლობებს სთავაზობს. უახლოეს მომავალში ამ სიას კიდევ ორი ​​კოლეჯი დაემატება.

ერთ-ერთი დაწესებულების, გიუმრის მე-4 პროფესიული სახელმწიფო სასწავლებლის დირექტორი, ქნარიკ აჰარონიანი ამბობს, რომ მათ სასწავლებელში ამ ახალ პროფესიას ეუფლებიან, მათ ეს ინოვაციური იდეა მიიღეს, განახორციელეს და ამის გამო არასდროს უნანიათ. დღესდღეობით სტუდენტებს აქვთ როგორც პროფესია, ისე სამუშაო.
„ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ხარისხიან განათლებას, მაგრამ განათლებას არავითარი ღირებულება არ ექნებოდა, თუკი კურსდამთავრებულს სტაბილური შემოსავლის მიღებით ვერ უზრუნველვყოფდით. აი, ეს არის სწორედ ასეთი პროფესია“.
ფონდის შემდეგი ნაბიჯი იყო სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისი სახელმძღვანელოს შექმნა. უცვლელი პარტნიორების წყალობით დღეს უკვე სტუდენტის მაგიდაზეა წიგნი „მზის ენერგეტიკული სადგურების მონტაჟი და ტექნიკური მომსახურება“, რომლის ელექტრონული ვერსიაც ხელმისაწვდომია.

„სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისთვის, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოიძიოს, წაიკითხოს და პროფესიული ცოდნა მიიღოს“, – ამბობს ხაჩიკ საჰაკიანი და სიამაყით აცხადებს, რომ წიგნი მთელ მსოფლიოში გახდა პოპულარული. შეთავაზებაც კი მიიღეს, რომ ითარგმნოს და გავრცელდეს მოლდოვასა და საქართველოში.
ფონდის წევრები მწვანე ენერგიის მრავალ დადებით მხარესთან ერთად კიდევ ერთ ასპექტს გამოყოფენ: განახლებადი ენერგია აგვარებს ბევრ ეკოლოგიურ პრობლემას.

დადასტურებულია, რომ მზის სადგურის მიერ წარმოებულ ერთ კვტ/სთ ენერგიაზე ატმოსფეროში 0,4 კგ ნახშირორჟანგი არ გამოიყოფა, ეს კი დიდი რიცხვია ისეთი ქვეყნისთვის, როგორიცაა სომხეთი.

„გარდა ამისა, ჩვენ გამოვთვალეთ, რომ ლორეს რეგიონში სატყეო ზონაში მცხოვრები თითოეული ოჯახი, რომელიც იყენებს მზის ენერგიას, წელიწადში 4-5 ხეს არ ჭრის, – ამბობს საჰაკიანი და ამატებს, – შირაქის ოლქს რაც შეეხება, აქ სხვა პრობლემაა, ჩვენ არ გვაქვს ტყეები, სამაგიეროდ ხალხი საწვავად ბრიკეტირებულ ნაკელს იყენებს, რის გამოც ნიადაგი ეკოლოგიურად სუფთა სასუქს მოკლებულია“.

ფონდის თავჯდომარე განგაშს ტეხს: სომხეთი ენერგოუსაფრთხოების სერიოზული პრობლემების წინაშე დგას, გამოწვევები მრავალნაირია, შიში იმისა, რომ ერთ მშვენიერ დღეს გაზი აღარ გვექნება, დამოკლეს მახვილივით კიდია თითოეული ჩვენგანის თავზე.
შედარებით დამოუკიდებლები რომ ვიყოთ, აუცილებელია გამოვიყენოთ ბევრი განახლებადი ენერგეტიკული რესურსი.

ჩვენს კაშკაშა მზეზე თვალის დახუჭვა და ენერგეტიკული პოტენციალის გამოუყენებლობა მიზანშეწონილი არ არის, მით უმეტეს, რომ მზის ენერგეტიკული რუკის მიხედვით სომხეთის მიმართ მზე ძალიან გულუხვია. უფრო ნათლად რომ წარმოვიდგინოთ, აღვნიშნავთ, რომ ჩვენს ყველაზე დაბალ ენერგოეფექტურ ლორესა და ტავუშის რეგიონებშიც კი მაჩვენებელი 40 პროცენტით აღემატება ევროპის ყველაზე მაღალ ეფექტურ ზონებს.

ფონდი მიზნად ისახავს, რომ უახლოეს მომავალში ახალი სპეციალობა – „განახლებადი ენერგეტიკული სადგურების მონტაჟი და ტექნიკური მომსახურება“, საშუალო პროფესიული დაწესებულებიდან უნივერსიტეტებში გადაიტანოს, რათა კვალიფიციურმა ინჟინრებმა მზის სადგურები არა მარტო შეაკეთონ, არამედ დააპროექტონ კიდეც ისინი.

ავტორი: ანნმან მინასიან, “ალიქ მედია არმენია”