მაიკ პომპეო – შეერთებული შტატები მთიან ყარაბაღში შექმნილი ჰუმანიტარული საგანგებო ვითარების საპასუხოდ ახალ დახმარებას აცხადებს

შეერთებული შტატები მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებების შეწყვეტას და მთიანი ყარაბაღის ჰუმანიტარულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით ახალ დახმარებას აცხადებს. ამის შესახებ განცხადებას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის აპარატი ავრცელებს.

“შეერთებული შტატები მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის აქტიური საომარი მოქმედებების შეწყვეტას. ბოლოდროინდელი საომარი მოქმედებების დაწყებიდან, შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა ძალადობის შეჩერებისკენ და დაგმო სამხედრო ესკალაცია, რამაც მნიშვნელოვანი მსხვერპლი გამოიწვია, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში. ჩვენ კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს პატივი სცენ თავიანთ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს.

ბოლოდროინდელი ბრძოლების დასრულება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, რაც შეიძლება სწრაფად განაახლონ ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან მოლაპარაკებები, რათა განაგრძონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მდგრადი პოლიტიკური გადაწყვეტა ჰელსინკის საბოლოო აქტის პრინციპების – ძალის გამოუყენებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და ხალხთა თვითგამორკვევისა და თანასწორი უფლებების საფუძველზე, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, შეერთებული შტატები სრულად არის ჩართული ამ ძალისხმევაში.

ჩვენი დიპლომატიური ჩართულობის პარალელურად, შეერთებული შტატები $5 მილიონ დოლარს ჰუმანიტარული დახმარების სახით გამოყოფს, რათა მხარი დავუჭიროთ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და სხვა პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაოს საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაზარალებული ხალხის დასახმარებლად. ამ დაფინანსებით, 2019 ფისკალური წლის შემდეგ, სომხეთსა და აზერბაიჯანში აშშ-ის ჰუმანიტარული დახმარება $10 მილიონ დოლარს გადააჭარბებს. დაფინანსებაში შედის თითქმის $3.9 მილიონი დოლარის დახმარება COVID-19 პანდემიის საპასუხოდ, მოწყვლადი მიგრანტებისთვის, იძულებით გადაადგილებული პირებისა და თემებისთვის, რომელიც მათ მასპინძლობს. ახალი დახმარება, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ გამოყო, ხელს შეუწყობს ადგილობრივ ძალისხმევას კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებს მიაწოდოს საკვები, თავშესაფარი, სამედიცინო თუ სხვა გადაუდებელი დახმარება. აშშ-ის მთავრობის ჰუმანიტარული ექსპერტები აგრძელებენ ამ კრიზისის გავლენის შეფასებას. ვაფასებთ საერთაშორისო საზოგადოებაში ჩვენი არსებული პარტნიორების წვლილს და მოვუწოდებთ სხვა მთავრობებს, შეუერთდნენ ამ ძალისხმევას ახალი და მზარდი მხარდაჭერით”, – აღნიშნულია განცხადებაში.