კვირიკაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას შსს გამოიძიებს

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხვალიდან, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიებას შსს დაიბრუნებს და მას სათავეში ვიცე-პრემიერი, შსს-ს მინისტრი გიორგი გახარია ჩაუდგება. “მე ყველა ნაბიჯში ვიქნები ჩართული,” -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ჩვენი ხელისუფლება არის ხალხის არჩეული ხელისუფლება. ყოველთვის ვიდექი და ვდგავარ ხალხის გვერდით. არასოდეს მოვრიდებივარ ხალხთან პირდაპირ კომუნიკაციას და სწორედ, ამის გამო გადავწყვიტე მივსულიყავი აქციის მონაწილეებთან, პირველ რიგში მივსულიყავი მოკლული ახალგაზრდა კაცის მამასთან და სხვა გარდაცვლილი ბავშვების მშობლებთან, რომლებიც იქ დგანან. ხვალიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიბრუნებს საქმეს და ვიცე პრემიერი გიორგი გახარია წაიყვანს გამოძიების პროცესს. ის იქნება ხელმძღვანელი და რა თქმა უნდა, მე ყველა ნაბიჯში ვიქნები ჩართული, გავაკონტროლებ არ პროცესს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ხორავას საქმეზე გამოძიებას კომისია უმოკლეს ვადაში დაიწყებს.

“უმოკლეს ვადაში რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება პარლამენტი და დაამტკიცებს კომისიის შემადგენლობას, სადაც რამდენადაც მე ვიცი, შესაძლებელია და კარგიც იქნება ამ შემთხვევაში რომ უმცირესობა იყოს წარმოდგენილი უმრავლესობის სახით და უმოკლეს პერიოდში დაიწყებს კომისია მუშაობას. იმ პერიოდში რა პერიოდიც იქნება ტექნიკურად შესაძლებელი,” – განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება, მომიტინგეების მოთხოვნას მისი გადადგომის თაობაზე, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ “როგორც კი დავრწმუნდები, რომ ჩემს მიერ თანამდებობის დატოვება წაადგება ქვეყანას, არც ერთი წამით ამ ნაბიჯის გადადგმაზე არ დავფიქრდები.” მისი თქმით, ქვეყანაში ჯერ ასეთი სიტუაცია არ დამდგარა.

„მე ჩემი თანამდებობდა არც ერთი ადამიანის უბედურებად არ მიღირს. როგორც კი დავრწმუნდები, რომ ჩემს მიერ თანამდებობის დატოვება წაადგება ქვეყანას, თუნდაც ოდნავ გააუმჯობესებს და განმუხტავს სიტუაციას, მე არც ერთი წამით ამ ნაბიჯის გადადგმაზე არ დავფიქრდები. დღეს ეს სიტუაცია არ არის,” აღნიშნა მან.

კვირიკაშვილმა დაღუპული მოზარდების მშობლებს გამოძიების პროცესში მაქსიმალური ჩართულობის და ინფორმაციის მიღების გარანტია მისცა.

“მინდა გარანტია მივცე დაღუპული ბავშვების მშობლებს, ოჯახის წევრებს, რომ გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე, ყოველდღიურად რა ხარისხითაც ისინი მოინდომებენ ინფორმაციის მიღებას და პროცესში ჩართვას, იმ ხარისხით იქნებიან ჩართული, როგორც შსს-ს მიერ წარმართულ პროცესში, ასევე საგამოძიებო კომისიის მიერ წარმართულ მუშაობაში,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მოკლული არასრულწლოვანის მამა ზაზა სარალიძე თავის ახლობლებთან ერთად, მთავარ პროკურატურასთან მივიდა, სადაც  საპროტესტო აქციას გამართა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მრავალათასიან დემონსტრაციაში გადაიზარდა.

Leave a Reply