Latest posts by Aliq Media (see all)
2023 წლის 22 თებერვალს, „ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის“ (JNews) ორგანიზებით, შედგა ახალაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 4 მოშორებული სოფლიდან ახალგაზრდების შეხვედრა. შეხვედრისმიზანი იყოიმ პრობლემებზე საუბარი, რომლებიც ახალგაზრდობას სოფლებში აწუხებს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან ამ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ედუარდ აღსარიანი და საკრებულოს წევრები – სედა მელქუმიანი საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, გენადი ელიზბარიანი სივრცითი და ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე და სოღომონ ასლანიანი, სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე. ამ შეხვედრის ფარგლებში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ახალგაზრდებს სოფ. ხავეთიდან დაპირდა, რომ თუკი სოფელში 4-ზე მეტი აღსაზრდელი ეყოლებათ, აუცილებლად უზრუნველყოფდნენ მათ ტრასნპორტირებას უახლოეს საბავშვო ბაღში (იხ. 10:56-11:30 წთ.). როგორც ირკვევა, სოფელში 15-მდე სკოლამდელი ასაკის ბავშვია. მიუხედავად ამისა დღესდღეობით აქ იგივე სიტუაციაა და არაფერი შეცვლილა – ბავშვები კვლავ ვერ დადიან საბავშვო ბაღში, რაც ზღუდავს მათ უფლებას მიიღონ სკოლამდელი განათლება. მსგავსი სურათი გვხვდება სოფ. ხავეთთან ერთ გზაზე მდებარე სოფლებში ერინჯა და დაბნია.
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით ერთადერთი ჩანაწერი გვხვდება – „სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია, მშენებლობის“ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სოფ. კულიკამის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, რისთვისაც გამოყოფილია 158,4 ათასი ლარი (იხ. სურათი 1). სამწუხაროდ, ბიუჯეტში არ გვხვდება ჩანაწერი სოფ. ხავეთის აღსარდელთათვის უახლოეს საბავშვო ბაღში ტრანსპორტირების თაობზე.
სურათი 1. წყარო: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი
„ალიქ მედია“ დაუკავშირდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერს, მელქონ მაკარიანს, რომელმაც თავის საუბარში აღნიშნა, რომ სოფ. ხავეთში საბავშვო ბაღის მშენებლობა, დღეის მდგომარეობით, არ წარმოადგენს პრიორიტეტულ საკითხს, ხოლო ტრანსპორტით უზრუნველყოფა მოხდება მშობლების მხრიდან შესაბამისი მიმართვის შემთხვევაში: „დღეის მდგომარეობით, სოფ. ხავეთში საბავშვო ბაღის მშენებლობა არც ბიუჯეტში გვაქვს გათვალისწინებული და არც პრიორიტეტული საკითხია, ჯერ-ჯერობით, არაა ხელსაყრელი აქ საბავშვო ბაღის მშენებლობა, დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამ ეტაპზე გზების პრობლემას ვაგვარებთ. რაც შეეხება აღსაზრდელთა ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას უახლოეს საბავშვო ბაღში, ეს საკითხი დამოკიდებულია თავად მათ მშობლებზე, თუ მოგვმართავენ აღნიშნული თხოვნით, შევეცდებით, რომ რამე გავაკეთოთ“, – აღნიშნა მელქონ მაკარიანმა.
“ალიქ მედია“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფ. ხავეთის საბავშვო ბაღის ასაკის მქონე ბავშვების რამდენიმე მშობელს ესაუბრა. საუბრისას მათ გვითხრეს, რომ ისინი ითხოვენ საბავშვო ბაღის აშენებას და არ არიან თანახმა იმაზე, რომ მუნიციპალიტეტმა გამოყოს აღსაზრდელთათვის ტრანსპორტი უახლოესი სოფლის საბავშვო ბაღში ტრანსპორტირებისთვის, ვინაიდან არ ენდობიან, ეშინიათ, მარტო გაუშვან ბავშვები. ყველაზე ახლოს მდებარე სოფლები, სადაც საბავშვო ბაღია, სულდა (ხავეთიდან 10 კმ-თი არის მოშორებული) და კარწახია (კიდევ უფრო შორს, ვიდრე სულდა).
„არ გვინდა ტრანსპორტირება, აგვიშენონ საბავშვო ბაღი. გზა გრძელია, ვის მივანდოთ ჩვენი შვილები?“, – ამბობს მშობელი სოფელ ხავეთიდან.
„რომც გამოყონ ტრანპორტი, გვეშინია, გზაში ვინ უნდა მიხედოს ბავშვებს, გზა გრძელია, არც სულდა და არც კარწახი, ახლოს არაა სოფ. ხავეთთან, ბუნებრივია, მძღოლი ვერ მიხედავს – საჭესთან იყოს თუ ბავშვები მიხედოს? ამას სჯობს სოფელში ააშენონ, 15-მდე საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვი გვყავს, თან ამ საბავშვო ბაღმა შეიძლება ემსახუროს მეზობელ სოფლებსაც – ერინჯას და დაბნიას“, – ამბობს მშობელი სოფელ ხავეთიდან.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღის მშენებლობა, რადგან ვინც ჯერ ბაღში მიდის და მერე სკოლაში, იმას ნაკლებად უჭირს სწავლა, უფრო განვითარებულია, ასე თუ ისე იციან ფერებიც, დათვლაც 10-მდე და ა.შ. პირად მაგალითს მოგიყვანთ – ჩემს შვილს გაუჭირდა პირველ კლასში სწავლა, რატომ? საბავშვო ბაღში რომ წასულიყო, ასე არ იქნებოდა, ვფიქრობ. იყო საუბარი ტრანსპორტირების უზრუნველყოფის თაობაზე, მაგრამ პირადად მე არ ვეთანხმები, როგორ დავტოვოთ ბავშვები მარტო?“, – თქვა კიდევ ერთმა მშობელმა სოფელ ხავეთიდან.
შიშებს იზიარებს თუმცა ალტერნატიულ გამოსავალზე საუბრობს კიდევ ერთი მშობელი. „ცუდია, რომ არ გვაქვს სოფელში საბავშვო ბაღი, მაგრამ იქნებ და გამოსავალი ვიპოვოთ – ვთქვათ, ტრანსპორტი რომ გამოგვიყონ და მძღოლის გარდა, კიდევ ერთი თანამშრომელიც აიყვანონ, რომელიც მიხედავს ბავშვებს გზაში და ვფიქრობ, მშობლებსაც ნაკლებად შეეშინდებათ, მარტო გაუშვან ბავშვები ტრანსპორტით სხვა სოფელში, საბავშვო ბაღში“, – განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა.
დღეს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 17 საბავშვო ბაღია, საიდანაც 3 ქ.ახალქალაქშია, ხოლო 14 – სოფლებში (მუნიციპალიტეტში ჯამში 65 სოფელია). სულ 28 სოფელია, საიდანაც გადაჰყავთ ბავშვები უახლოეს საბავშვო ბაღებში, ეს სოფლებია: იხტილა, მერენია, ბოზალი, კორხი, მაჯადია, ბავრა, ხოსპიო, მურჯახეთი, ზაკვი, ბუღაშენი, ტურცხი, ბეჟანო, ალათუმანი, აგანა, სირქვა, ბუზავეთი, დადეში, ორჯა, კარტიკამი, ოკამი, აბული, არაგვი, აზმანა, აფნია, ქარცები, ღადოლარი, ბურნაშეთი და ლომატურცხი. იხ. სოფლების სია საიდანაც საჭიროა ბავშვების გადაყვანა უახლოეს საბავშვო ბაღებსა და სკოლებში
ყოველივე ზემოთგანხილულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაპირება სოფ. ხავეთის აღსაზრდელთათვის ტრანსპორტირების უზრუნველყოფის თაობაზე, არ შესრულებულა. საკითხი გადაუჭრელად და გაურკვევლად რჩება. „ალიქ მედია“ ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას და სიახლეებს მომავალშიც გაგაცნობთ.
ეს სტატია მომზადებულია BREN (მედეგობის გაძლიერება აღმოსავლეთ სამეზობლოში) პროექტის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია IWPR-ის (ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის) მიერ. მასში გამოთქმული შეხედულებები, მიგნებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა არ გამოხატავდეს BREN-ის პროექტის ან IWPR-ის მოსაზრებებს.