Latest posts by Aliq Media (see all)
9 აპრილს, კახეთის სოფელ წინანდალში მდებარე ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, კომპანია «სილქ როუდ გრუფის» ორგანიზებით გაიმართა თბილისელი, ეთნიკურად სომეხი მხატვრის, გაიანე ხაჩატრიანის პერსონალური გამოფენა. გამოფენა ეძღვნებოდა მხატვრის იუბილეს, ამ დღეს ის 75 წლის გახდებოდა.
კომპანიის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა ჩვენთან საუბარში მოგვიყვა, თუ როგორ დაიბადა წინანდალში გამოფენის ორგანიზების იდეა:
„სახლში იური მეჩითოვი მესტუმრა, რომელიც ჩემს კოლექციაში არსებული გაიანეს ნამუშევრების გადასაღებად იყო მოსული. აღმოჩნდა, რომ ის გაიანეს ნამუშევრების კატალოგის შექმნას აპირებს. მეჩითოვს ვკითხე, ამდენ კარგ საქმეს რომ აკეთებთ, წინანდალში ხაჩატრიანის გამოფენის ორგანიზებას ხომ არ ისურვებდით. ასე, საგაზაფხულო სეზონი, გაიანე ხაჩატრიანის პერსონალური გამოფენით გავხსენით“.
გამოფენის ორგანიზატორმა თათია ღვინერიამ ნამუშევრების შესახებ გვითხრა:
„აქ წარმოდგენილია გაიანეს ცხოვრების სხვადსხვა ეტაპის ნამუშევრები. გამოფენილი კოლექცია საკმაოდ მრავალფეროვანია. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ძალიან დაგვეხმარნენ კერძო კოლექციონერები, რომლებმაც თავიანთი კოლექციებიდან ეს ნახატები მოგვაწოდეს. ძალიან სასიამოვნოა, რომ გამოფენების საგაზაფხულო პერიოდი გაიხსნა სწორედ ამ მნიშვნელოვანი მხატვრის გამოფენით, რომელიც ჩვენი ურთიერთობების გაგრძელების სიმბოლოა და ჭავჭავაძის ტრადიციებს სომხურ კულტურასთან აკავშირებს“.
„გაიანე იმდენად ღრმა პიროვნება იყო, რომ მისი ნამუშევრები არასდროს მეორდება. მე პირველად ვხედავ ამ ნახეტებს და აღფრთოვანებული ვარ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ნამუშევრები რჩება ჩვენთან საქართველოში, რაც შესაძლებლობას გვაძლევს საკმაოდ ხშირად ვნახოთ ისინი“-აღნიშნავს მხატვარი მერუჟან შაჰუმიანი.
„წლების განმავლობაში, გაიანე ცოცხალი კლასიკა გახდა. მას უკვე საქართველოს საზღვრებს გარეთაც აღიარებდნენ. პირველად, როდესაც შევხვდით, გაიანემ ჩემზე უცნაური შთაბეჭდილება მოახდინა, თითქმის არ ლაპარაკობდა, სიტყვები უნდა „ამოგექაჩა“. ის უფრო ხშირი გამოფენების ღირსია“ – ალიქ მედიასთან საუბარში განაცხადა გაზეთ „ვრასტანის“ მთავარმა რედაქტორმა ვან ბაიბურთმა.
საინტერესო ფაქტი მხატვრის ცხოვრებიდან:სკოლის დამთავრების შემდეგ გაიანე ხაჩატრიანი თბილისის ხელოვნების აკადემიაში მოსამზადებელ გაკვეთილებს იღებს, მაგრამ უმაღლეს განათლებაზე უარს ამბობს და შემოქმედებით განვითარებას დამოუკიდებლად აგრძელებს.
საქართველოს პარლამანტის განათლების დეპარტამენტის წამყვანმა სპეციალისტმა, პოეტმა ქეთევან ტომარაძემ, რომელიც წლებია იცნობდა და ურთიერთობა ჰქონდა გაიანესთან, მოგვიყვა მის შესახებ:
„ის განსაკუთრებული იყო, არა მარტო როგორც მხატვარი, არამედ როგორც ადამიანი. დედამისიც ავად იყო, მის მოსანახულებლად ხალხი 15 წუთით რომ მოდიოდა – საათობით რჩებოდა, გაიანეს ნახატებს განსაკუთრებული მიმზიდველი ძალა ჰქონდათ. სხვადასხვა ეროვნების ბევრი მეგობარი ჰყავდა, მათთან ურთიერთობით ის თითქოსდა მდიდრდებოდა. ჩვენ დღემდე არ ვიცნობთ გაიანე ხაჩატრიანს. წელს შემოდგომაზე დიდი გამოფენა, ასევე მისი წიგნის და კატალოგის წარდგენა იგეგმება“.
წინანდალში ჭავჭავაძის სახლს-მუზეუმში გაიანაე ხაჩატრიანის ესკიზები და ფერწერული ტილოები, მომდევნო ორი თვის განმავლობაში იქნება გამოფენილი.