თითქმის ორი წლის წინ დაიწყებული კარტიკამის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ახლა, მხოლოდ მცირე სამუშაოები დარჩა და სკოლა მზად იქნება სასწავლო პროცესისთვის.
კარტიკამის სკოლაში ამჟამად 300-მდე მოსწავლე სწავლობს. ორი წელია, რაც სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეები ორი ცვლით დადიან მეზობელი სოფელი კულიკამის საშუალო სკოლაში, ხოლო დაწყებითი კლასის მოსწავლეებს გაკვეთილები ნაქირავებ ბინაში უტარდებათ. სკოლის ახალი შენობა საშუალებას მისცემს ადგილობრივ ახალგაზრდებს საბაზისო განათლება საკუთარ სოფელში მიიღონ.
სოფელი კარტიკამის საჯარო სკოლა არის ორსართულიანი, რომელიც განკუთვნილია 600 მოსწავლისთვის. სკოლა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს (MCA Georgia) მიერ განახლდა, რომელიც სკოლების შენობების სარემონტო პროექტებს საქართველოს მთავრობასთან ერთად ახორციელებს.
ქართული კომპანია INTERI PLIUSI ორი წლის განმავლობაში ახორციელებდა კარტიკამის სკოლის სარემონტო სამუშაოებს. ხელშეკრულება კომპანიასთან გაფორმებული იყო ორწლიანი ვადით, 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2017 წლის 3 ივნისამდე. რაც გულისხმობდა, რომ 2017-2018 სასწავლო წელს სოფელ კარტიკამის მოსწავლეები საკუთარ სკოლაში დაიწყებდნენ. თუმცა, INTER PLIUSI-მა არა მხოლოდ დაარღვია რემონტის ვადები, არამედ არ გადაიხადა მუშების ხელფასები და სამშენებლო მასალების თანხები.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი იძულებული გახდა INTER PLIUSI-თან შეეწყვეტა შეთანხმება და ახალი ხელშეკრულება გაეფორმებინა კომპანია Georgian Engineering-თან.
რამდენიმე დღის წინ Jnews ეწვია სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლას და დაათვალიერა სარემონტო სამუშაოების პროცესი.
ფართო და ნათელი დერეფნები, სპორტული დარბაზები და საკლასო ოთახები, ლაბორატორიითა და სუფთა სველი წერტილებით. ეს არის კარტიკამის სკოლის ამჟამინდელი მდგომარეობა.
MCA Georgia იღებს სრულ პასუხისმგებლობას შიდა სამუშაოებისთვის, ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წყლგაყვანილობასა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებაზე.
სკოლის შენობა უკვე მზადაა მოსწავლეების მისაღებად, თუმცა ჯერ კიდევ არის სამუშაოები ჩასატარებელი, მაგალითად, სკოლის ეზო, მოასფალტება, ლანდშაფტი და სხვა.
ადგილობრივი მოსახლეობა ელოდება, როდის დაასრულებს კომპანია Georgian Engineering სამუშაოებს და ბავშვები სრულფასოვნად შეძლებენ სკოლაში სიარულს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021