Latest posts by Aliq Media (see all)
თუ დავაკვირდებით, თბილისში ტურისტების დიდ ინტერესს დედაქალაქის ძველი და ისტორიული შენობები იწვევს, რომლებიც დღეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებენ. ერთ-ერთი ასეთი შენობაა, მაჩაბლისა და ამჟამად, ასათიანის ქუჩების კუთხეში (მაჩაბლის 17 ნომერში), რომელიც 1908 წელს, მეოცე საუკუნის დასაწყისში, თბილისში მოღვაწე, არქიტექტორ ღაზარ სარქისიანის პროექტით აშენდა. სახლს რამდენიმე წლის წინ, რესტავრაცია ჩაუტარდა. განსაკუთრებულ ყურადღებას სადარბაზო და შიდა ეზო იქცევს, რის გამოც, ამ ადგილას ტურისტებისა და ქალაქის გიდების ნაკადი ყოველდღიურად არ წყდება.
როგორც ამბობენ, თბილისის ისტორიას ამშვენებენ ადამიანები, რომლებმაც თავიაანთი მოღვაწეობით ამ ქალაქის განუმეორებელი და კოლორიტული სახე შექმნეს. ერთ-ერთი, სწორედ ცნობილი არქიტექტორი ღაზარ სარქისიანი იყო.
1900 წელს ღაზარ სარქისიანმა პეტერბურგის სამოქალაქო ინჟინერთა ინსტიტუტი დაამთავრა, შემდეგ კი თბილისში ჩამოვიდა. ის ქართული, თბილისური მოდერნის ფუძემდებელია. მიიჩნევა ქართველი არქიტექტორების თაობების აღმზრდელად. იყო საქართველოს სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი. გარდაიცვალა 1946 წელს. მისი დაპროექტებულია, მაგალითად, მარჯანიშვილის თეატრის შენობა, ბამბის რიგი, თბილისის 43 შრომითი სკოლა, სახლები გრიბოედოვის, მარჯანიშვილის ქუჩებზე, რევოლუციამდელ თბილისში, ყველაზე დიდი საცხოვრებელი სახლი ქალაქში -მანთაშევის საცხოვრებელი, შემოსავლიანი სახლი, რომელიც გალაკტიონის ქუჩაზე მდებარეობს. ამბობენ, ღაზარ სარქისიანი თბილისში, მეოცე საუკუნის დასაწყისში, მისმა მეგობარმა, აქაურმა ვაჭარმა კალანტაროვმა, სწორედ მაჩაბლის 17 ნომერში, ცნობილი შენობის ასაგებად ჩამოიყვანა.
ის რომ, შენობა არქიტექტორ ღაზარ სარქისიანის პროექტით აშენდა, არავინ დავობს. თუმცა, კითხვის ნიშნებს ბადებს ფაქტი, ეკუთვნოდა თუ არა ეს სახლი მიხეილ კალანტაროვს და ცხოვრობდა თუ არა ამ სახლში მხატვარი ნიკო ფიროსმანი. ორი თემა, რომელზეც ჟურნალისტები და ქალაქის გიდები, მაჩაბლის 17 ნომერში მისულ ტურისტებს სიამაყით უყვებიან.
მიხეილ კალანტაროვის შვილიშვილი ნიკა კალანტაროვი ამბობს, რომ მის წინაპრებს და ოჯახს, მაჩაბლის 17 ნომერში არასდროს უცხოვრიათ: „ჩვენ ვცხოვრობდით (ყოფილი ენგელსის) ასათიანის 42 ნომერში, მესამე სართულზე. ჯერ კიდევ, არიან ის ადამიანები ცოცხლები, ვისაც ბაბუაჩემი ახსოვს. ჩვენი ოჯახის, ფაქტობრივად ორი თაობა ცხოვრობდა ამ სახლში – ბაბუაჩემი და მამაჩემი. საბჭოთა კავშირის დროს, სახლი კომუნალური საცხოვრებელი გახდა. ჩვენ მხოლოდ ორი ოთახი დაგვიტოვეს. შემდეგ, მამაჩემმა სხვაგან მიიღო ბინა და გადავედით.
მე თვითონ მიკვირს, რატომ უკავშირებენ ბაბუაჩემის სახელს მაჩაბლის სახლთან. ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ იყვნენ კალამკაროვები, მთის ებრაელები. რატომ გახდნენ კალანტაროვები, ჩემთვის უცნობია. ამასთან, რამდენადაც მე ვიცი, იმ ადამიანს ნიკოლოზი ერქვა და არა მიხეილი“.
შვილის სიტყვებს ადასტურებს მედეა კალანტაროვაც: „მახსოვს, ჩემი მამამთილი ამბობდა, რომ ჩვენს მოპირდაპირე სახლში, მაჩაბელზე ვაჭარი კალამკაროვი ცხოვრობდა…“
ნიკა კალანტაროვის ოჯახში ინახება საგვარეულო ალბომი და ნივთები, რომლებიც დღემდე შემორჩა. მისივე თქმით, მისი ბაბუა მიხელ კალანტაროვი 1869 წელს დაიბადა. წოდებით ლეიტენატი იყო. გამოირა პირველი მსოფლიო ომი და 1968 წელს გარდაიცვალა.
„მე 7 წლის ვიყავი ბაბუა რომ გარდაიცვალა, მაგრამ მახსოვს, გარეგნობით ძალიან მომხიბვლელი იყო. ჰქონდა საცხენოსნო ქარხანა. მას ყველა იცნობდა და ფაქტობრივად ცოცხალ ლეგენდად დარჩა. თუნდაც იმიტომ, რომ არ დახვრიტეს. 1918 წლის რევოლუცია, ისე როგორც ბევრ ოჯახს, ჩვენს ოჯახსაც შეეხო. ჩვენი ნათესავებიდან, ბევრი დახვრიტეს, ბევრმა საქართველო დატოვა. საბედნიეროდ, რამდენადაც მე ვიცი, ბერიასთან საერთო ნაცნობების გამო, ბაბუა და კონკრეტულად ჩვენი ოჯახი გადარჩა. დღეს, წარსულიდან მოგონებები, საგვარეულო ალბომი და ნივთები, ბაჟბეუქ-მელიქოვის 1895 წელს შექმნილი ნამუშევარი, მაგიდა, ბუფეტი, სამოვარი და კიდევ რამდენიმე ნივთი შემოგვრჩა. უბრალოდ გადასვლა-გადმოსვლაში ბევრი საგვარეულო ნივთი დაიკარგა“, – ამბობს ნიკა კალანტაროვი.
მიუხედავად იმისა, რომ თაობებს შორის დიდი განსხვავებაა და ნიკა კალანტაროვი ასაკით პატარა იყო, ახსოვს რომ იმ, სახლში ბევრი საინტერესო და ცნობილი ადამიანი ცხოვრობდა. მათ შორის: ფიზიოასტროლოგი ამბარცუმიანი, გულბეკიანი, მისი ბიძა რუბენ მამულიანი და სხვები. „ბევრი რამის გახსენება შეიძლება. მაგრამ მე ხშირად ვუსვამ ხაზს იმას, რომ სხვანაირი ადამიანები და გამორჩეული თაობა იყო. მახსოვს, 1972 წელს კულინჯაროვთან ერთად, რუბენ მამულიანის ჩამოსვლა“.
კალანტაროვების ოჯახს უკავშირდება ნიკო ფიროსმანის ცხოვრებაც. ნიკა კალანტაროვმა ოჯახის წევრებისგან იცის რომ, ფიროსმანი მათ ოჯახში ცხოვრობდა. „ფიროსმანი სოფლიდან პაპაჩემის მამამ ჩამოიყვანა და ჩვენთან სახლში ცხოვრობდა. რომ ამბობენ, ფიროსმანს განათლება არ ჰქონდაო, სიმართლე არ არის. რამდენადაც მე ვიცი, განათლება მისცეს. მან სამი ქართული, რუსული და სომხური ენები იცოდა. მას რუბენ მამულიანის დედა, ვირჯინია შეუყვარდა, რის გამოც პაპაჩემმა სხვაგან გადაიყვანა. მათი ქორწინება არ შეიძლებოდა. ვირჯინია აზნაურების წარმომადგენელი იყო. მოგეხსენებათ, მაშინ ასეთი დრო იყო. 28 წლის იყო ფიროსმანი ჩვენი ოჯახიდან რომ წავიდა. ვიცი რომ, ბაბუაჩემმა 100 მანეთი მისცა, საკუთარი საქმე რომ დაეწყო“.
მზევინარ ხუციშვილი