Latest posts by Aliq Media (see all)
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ინიცირებულ ცვლილებებს.
მისი თქმით, არაფერი აქვს საწინააღმდეგო საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩამოსვლისა და მათ მიერ ეკონომიკური საქმიანობის წარმოების, თუმცა დედაქალაქის მერი მიიჩნევს, რომ კანონი უნდა იყოს საქართველოს ინტერესებთან შესაბამისობაში.
„ჩვენ მივესალმებით და არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩამოვიდნენ საქართველოში, აწარმოონ კანონიერი ეკონომიკური საქმიანობა, მიიღონ განათლება, მაგრამ კანონი და წესი უნდა იყოს ისეთი, როგორიც შესაბამისობაში იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან“, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც კალაძემ განაცხადა, აღნიშნული ცვლილებები საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია და კანონში არსებული ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას.
დღეს არსებული კანონმდებლობით, საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის მოწმობის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქემ უნდა შეიძინოს 35 000 აშშ დოლარის ღირებულების უძრავი ქონება. აღნიშნული რეგულაციების მიხედვით, კანონის ხარვეზი მდგომარეობს იმაში, რომ თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძენს საქართველოში 35 000 დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას, ის ერთწლიანი ბინადრობის უფლებას იღებს, მაგრამ თუ ამ საკუთრებას გადასცემს სხვა უცხოელს, ისიც მოიპოვებს ბინადრობის მოწმობას. ერთი ადამიანი ყიდულობს ბინას, ფიქტიურად გადააფორმებს სხვაზე და ახორციელებს ე.წ. კარუსელს. ეს კი ნიშნავს, რომ ერთი უძრავი ქონებით შესაძლებელია განუსაზღვრელი რაოდენობით ბინადრობის მოწმობების გაცემა უცხოელებისთვის.
“ჩვენ უკვე ინიცირებული გვაქვს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, 35 000 დოლარის ნაცვლად, ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად მოთხოვნილი იქნება 100 000 აშშ დოლარის ღირებულების უძრავი ქონება. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომელმაც მიიღო ერთწლიანი ბინადრობის უფლება, გაასხვისებს ან გადასცემს სხვას თავის ქონებას, იგი დაკარგავს ბინადრობის უფლებას. ანუ შეუძლებელი იქნება ერთი უძრავი ქონებით სხვადასხვა პირისთვის ბინადრობის უფლების მინიჭება“, – განაცხადა თბილისის მერმა.