Latest posts by Aliq Media (see all)
კუმურდოს ინციდენტის შემეგ შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, რომელიც 3 წელიწადში იგეგმება, ნაპოვნი ძვლები ეკლესიის ეზოში დაიმარხება და ადგილობრივები შეძლებენ სამარხებს ქვაჯვარი (ხაჩქარი) დაადგან.
სამუშაო ჯგუფი, ინციდეტიდან ორი დღის შემდეგ შედგა, რათა სიტუაცია შეაფასოს და გამოსავლის გზები იპოვოს.
სპეციალურად შექმნილმა ჯგუფმა, 6 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ძვლები ხელახლა დაიკრძალოს ეკლესიის ეზოში და მასზე მემორიალური ქვა დაიდგას. სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტებულია, როგორც სახელმწიფო, ასევე სასულიერო პირებისა და ადგილობრივი კუმურდოელებისგან.
სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული შეთანხმება, საქართველოში სომეხთა ეპარქიის ლიდერმა პირადად წარუდგინა კუმურდოს მოსახლეობას.
“ჩვენს თემში არსებულ ორ პრობლემატურ საკითხზე პოზიტიური გამოსავალი მივიღეთ. პირველი, რომ ჩვენი წინაპრების ძვლები ისევ ეკლესიის ეზოში დაიკრძალება. აქ, ძირითადად, არის სომხების ძვლები, თუმცა, რადგან ტაძარი ათასი წლისაა დიდი ალბათობით, შესაძლოა მათ შორის ქართველების ძვლებიც არის. ასე რომ, ამ ძვლების პრობლემა მოგვარებულია – ჩვენი წინაპრების, ჩვენი მღვდლებისა და ჩვენი ბაბუების ძვლებს ამ ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ”, – საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზენ მირზახანიანმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
30 სექტემბრის მოვლენების მთავარი მიზეზი მე-10 საუკუნის ტაძრის ეზოში ხაჩქარის დადგმის მცდელობა იყო. სომეხთა ეპარქიის წინამძღვარის თქმით, მემორიალური ქვა სამარხებზე აუცილებლად დაიდგმება, მაგრამ რა სახით იქნება, ჯერჯერობით ცნობილი არაა.
ეკლესიის ეზოში შეკრებილი დაახლოებით 30 ადამიანი შეთანხმდა, რომ როგორც გარანტი ორ მხარეს შორის ხელშეკრულება გაფორმდეს. თავის მხრივ მათაც შეპირდნენ, რომ ისინი ეკლესიის აღდგენას ბოლომდე დაელოდებიან.
აღსანიშნავია, რომ სოფელში ეკლესიის კუთვნილებაზე არ საუბრობენ, ისევე როგორც არ საუბრობენ ინციდენტის შემდეგ შსს-ს მიერ აღძრულ სისხლის სამართლებრივი სტატიის შესახებ.