Latest posts by Aliq Media (see all)
უკვე რამდენიმე წელია ჯავახეთის სკოლებში სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული პრობლემები მოუგვარებელი რჩება. სომხური ენისა და ლიტერატურის წიგნები ჯავახეთის სკოლებში იმდენად დაძველებული და გაცვეთილია, რომ მათი გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელია, სომხეთიდან კი ახალი წიგნების ჩამოტანა ისევ ვერ ხერხდება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ირწმუნებინ, რომ ისინი საკითხის გადაწყვეტას ცდილობენ.
სააგენტო jnews.ge.-ის ინფორმაციით, საქართველო სახელმძღვანელოების საკითხთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას წლების განმავლობაში ცდილობს. „ჩვენ გადავწყვიტეთ საქრთველოში მცხოვრები ეროვნებით სომეხი და აზერბაიჯანელი მოსწავლეებისთვის
სახელმძღვანელოები საქართველოში შევადგინოთ და ისინი მთლიანად ეთნიკური უმცირესობების მოთხოვნებს მოვარგოთ. ამ ეტაპზე მზად გვაქვს წიგნების ნიმუშები პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით; რაც შეეხება მე-7-9 კლასის სახელმძღვანელოებს – მათზე მუშაობა ყველა კრიტერიუმის გათვალისწინებით გრძელდება. ჩვენი – ეროვნებით სომეხი თანამშრომლის დახმარებით ვადგენთ პროექტს, რომელიც სომხურ ენაზე დაიბეჭდება. მსგავსი პროექტი შარშანაც გვქონდა, თუმცა უსახსრობის გამო ის ვერ განხორციელდა. პრობლემის მოგვარებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართეთ, ვთხოვეთ ექსპერტების მხარდაჭერა გრამატიკის სახელმძღვანელოს საკითხში“ – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ეთნიკური უმცირესობების ენობრივი ჯგუფების კოორდინატორმა – დესპინე ქოიავამ.
სააგენტოს ინფორმაციით, წიგნებში უამრავი გრამატიკული და აზრობრივი შეცდომაა, თუმცა ეს პრობლემა ახალი წიგნების გამოცემისთანავე მოგვარდება.
„ახალი წიგნები მალე გამოიცემა და ძველ წიგნებში დაშვებული შეცდომები მთლიანად გამოსწორდება. უფრო დიდი ყურადღება მიექცევა თარგმანის ხარისხსაც“ – დასძენს კოორდინატორი.