Latest posts by Aliq Media (see all)
პროლოგი
ბოლო რამდენიმე წელია, როცა ძველ თბილისის ქუჩებში ვსეირნობ, განსაკუთრებული შეგრძნება მეუფლება; ეს გრძნობა ჩემს ბავშვობას უკავშირდება და იმ ადგილს, სადაც დავიბადე და გავიზარდე – ძველი თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე, წარსულში კოლმეურნეობის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, იტალიურ ინტერნაციონალურ ეზოში. დღეს იქ აღარ ვცხოვრობ და სწორედ მას შემდეგ, როცა ამ მიდამოებში ვხვდები – გული საოცარი სითბოთი და ცოტათი სევდით მევსება.
ასე მგონია ყველა ის ადამიანი, ვინც აქ დღემდე ცხოვრობს – ნაცნობი თუ უცნობი – ყველა ჩემიანი და ძალიან ახლობელია… მიყვარს მათთან ურთიერთობა, მიყვარს ეს ქუჩები და ჩიხები, რომლებიც თან წყნარი და ამავდროულად ხმაურიანიცაა, მიყვარს ამ ქუჩებში მოხეტიალე ტურისტების ცნობისმოყვარე მზერის თვალიერება, როცა ქალაქის არ ცოდნის გამო ინგლისურად გზას გეკითხებიან, მიყვარს იტალიური სახლების ეზოებიდან ხმამაღლა მოლაპარაკე ადამიანების შეძახილები, აქ ყველა ერთ ოჯახად ცხოვრობს, ჭირს და ლხინს ერთად იზიარებენ – ძველი თბილისი – ეს სხვა თბილისი და სხვა კოლორიტია – რაღაცნაირად შენია; და ეს ყველაფერი საოცრად მამშვიდებს.
დიდიხანია აქ აღარ ვყოფილვარ. დღეს კი აქ ვარ – კონკასთან, ერთი ადამიანი უნდა გავიცნო, წინასწარ ვიცი, ის უზომოდ თბილი და ლაღი იქნება, ამ უბანში სხვანაირები არ ცხოვრობენ, თან მხატვარია, თან ჩემი ასაკის – მგონი მომეწონება… ვიცი რომ კონკადან კიბეებს უნდა ავყვე და ნიშნიანიძის ქუჩის კუთხეში მოვხვდე, სახლის ნომერი ვიცი, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ ზუსტ მისამართზე მოვხვდი… (როგორც ჩანს ყველა ქუჩა არ მახსოვს))
ტელეფონს ვიღებ და ვრეკავ – პასუხი არ აყოვნებს – ალო, გისმენთ! – მპასუხობს საოცრად თბილი ხმა.
ირენა, გამარჯობა მგონი დავიკარგე, არ ვიცი სწორად თუ მოვედი …
რა პრობლემააა, ახლავე გამოვალ… (უკვე მომწონს – გავიფიქრე ჩემდაინებურად )
და აი ისიც – თანამედროვე – გამხდარი, გრძელი, შავი თმით, სიგარეტით ხელში – ნამდვილი ხელოვანი – თანამედროვე ხელოვანი ქალი, საოცარი ღიმილით და პოზიტიური განწყობით სტუმრის მიმართ.
ნელა მივუახლოვდით იტალიური ეზოს ტიპის სახლს, რამდენიმე კიბე ავიარეთ და შევედით ჯადოსნურ სამყაროში, სადაც ირენის ორი ფისო შეგვეგება- ჯუნა და რაფაელა(თეთრი და ფაეროვანი, როგორც რაფაელო); ნიშნად მოსალმებისა ორივე კუდით ფეხზე შემეხო.
ამ სახლში მე და დედა ვცხოვრობთ და ეს ორი კატა- დაიწყო ირენმა, სანამ ინტერვიუს ოფიციალურ მხარეზე გადავიდოდით; მიყვარს ჩემი სახლი – ის ხომ ძველი თბილისის ნაწილია, თან აქ დავიბადე და გავიზარდე, ასე მგონია სხვაგან ვერ ვიცხოვრებ – კორპუსს ვგულისხმობ, ასეთ სახლებში სხვანაირი ურთიერთობებია, რის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმომიდგენია…
მისაღებ ოთახში თვალში ირენის მიერ ხელით მოხატული ოთახის კარი, კომოდი და პატარა მაგიდა მომხვდა.
ირენა, ეს თავად მოხატე? (მინდოდა დავრწმუნებულიყავი)
რა თქმა უნდა (იღიმის).
როდესაც გარშემო კიდევ ერთხელ კარგად მიმოვიხედე, მივხვდი რომ ნიჭიერი მხატვრის საოცრად მყუდრო სახლში მოვხვდი, სადაც თავად ირენი, მე და მხატვრის მიერ შექმნილი ტილოები ერთ მთლიანობაში გაერთიანდა, თავი უცებ ზღაპარში მეგონა – ამ ყველაფერს ძველი სახლებისთვის ჩვეულ, ოდნავ გადახუნებულ კედლებზე გამოფენილი ირენის ნამუშევრები განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა, თაროებზე კი ირენის მიერ შექმნილი თოჯინები თითქოს გაცოცხლდნენ და სტუმართმოყვარე, საოცრად აზრიანი თვალები შემომანათეს. ჯადოსნური სამყარო – ძველი თბილისის ისტორიის ფრაგმენტებით – ასე შემიძლია დავახასიათო ადგილი, სადაც, გამოგიტყდებით და საოცრად კომფორტულად ვიგრძენი თავი.
ირენ, როდის მიხვდი რომ ხატვა შენი პროფესია გახდებოდა?
რაც თავი მახსოვს- ხატვა სულ მიყვარდა, ბავშვობიდან ვხატავ. დედაჩემი დღემდე ინახავს ბავშვობაში დახატულ ჩემს ნახატებს. პატარაობაში ორი გატაცება მქონდა – ძალიან მიყვარდა თოჯინები და ხატვა — ხო და დღემდე ასეა (იცინის).
საოცარი ისაა, რომ ბავშვობაში არც სამხატვრო სკოლაში მივლია, და არც კერძოდ ვემზადებოდი. ხატვა დედამ მასწავლა. რომ გავიზარდე და სკოლა დავამთავრე, დედამ ერთ-ერთი ინსტიტუტი მირჩია, სადაც უნდა ჩამებარებინა, მაგრამ პატარა სასწაული მოხდა – ინსტიტუტში საბუთების შეტანა ზუსტად ერთი დღით დავაგვიანეთ. როგორ შეგვეშალა საბუთების ჩაბარების თარიღი არც კი მახსოვს, მაგრამ ის კი კარგად მახსოვს, რომ იმ დღეს ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობდა. ისევ დღის წესრიგში დავაყენე საკითხი ჩემი მომავალი პროფესიის შესახებ და თამამად განვაცხადე – მინდა მხატვარი გავხდე-თქო. დედა დამთანხმდა. მოსამზადებელ კურსებზე სულ ცოტახნით სიარული საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტი გავმხდარიყავი.
ხელოვნების ინსტიტუტი 1997 წელს ორი სპეციალობით დავამთავრე – ვარ ფერმწერი და სცენოგრაფი (თეატრის მხატვარი).
2000 წელს საქართველოს მხატვართა კავშირში გავწევრიანდი;
2016 წლიდან კი საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის თავმჯდომარე ვარ.
როდის დაიწყე როგორც სცენოგრაფმა მუშაობა?
როგორც სცენოგრაფმა საქართველოს სხვადასხვა თეატრების სცენაზე ( გრიბოედოვის თეატრი, თავისუფალი თეატრი, თეატრი ათონელზე, ცხინვალის თეატრი, გორის თეატრი და სხვ.) 20-ზე მეტი სპექტაკლი გავაფორმე. ყველაფერი კი თეატრალური სკოლა-სტუდია „ბერიკები“-თ დაიწყო. ჯერ კიდევ მე-4 კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა ამ სტუდიაში მოვხვდი. მახსოვს – საშინლად ვღელავდი; კარგი იდეები მქონდა, მაგრამ ტექნიკური მიმართულებით ბევრი რამ არ ვიცოდი და სამუშაო პროცესის მსვლელობის დროს ამ ყველაფერს ნელ-ნელა ვსწავლობდი. აი ასე დავიწყე „ბერიკები“-ს პატარა სცენით….
გავიდა წლები და წილად მხვდა პატივი და ბედნიერება დიდი რეჟისორის – ბატონი გოგი თოდაძის სპექტაკლების მხატვარი გავმხდარიყავი. ჩემთვის, როგორც მხატვრისთვის, ყვეალაზე საინტერესო დადგმები თავისუფალი თეატრის სპექტაკლი „ქვრივთა ნუგეშის მცემელი“, გრიბოედოვის თეატრის სცენაზე დადგმული „ ჩიპოლინო“ და „ ამელიას ბედნიერება“ იყო. ამ სპექტაკლებისთვის დეკორაცია და კოსტიუმები შევქმენი.
რას ნიშნავს შენთვის ფერწერა?
ფერწერა ჩემთვის ყველაფრის საფუძველია, მაგრამ პერიოდულად, საკმაოდ დიდი ხნით, მისგან რაღაცნაირად ვირიყები. მივდივარ მისგან თეატრში, თოჯინებთან, ან პროექტებს ვუთმობ დროს. ამიტომ, როცა ისევ ფერწერას ვუბრუნდები, ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს თავიდან ვიწყებ მასთან გაცნობას, აი ისე როგორც სტუდენტობის დროს – და ეს ყველაფერი უსასრულო პროცესს ემსგავსება, სასიამოვნო უსასრულო პროცესს. ზოგადად ფერწერა თუ შეიძლება ასე ითქვას – ძალიან მომთხოვნი პროფესიაა, მასში მთლიანად უნდა ჩაიძირო, მე ჯერ ეს არ გამომდის, თუმცა ამ ეტაპამდე აუცილებლად მივალ.
მოდი ორიოდ სიტყვა შენი ნამუშევრების თემატიკაზეც გვითხარი – რა ან ვინ არის შენი ნახატების მთავარი თემა?
2000-იანი წლებიდან დღემდე ხშირად ერთ თემას ვუტრიალებ – ვხატავ თბილისელებს, კერძოდ ქუჩაში მდგომ ვაჭრებს, ღარიბებს, მეძავებს… ჩემს ნახატებზე სხვადასხვა ყოფით სცენებსაც შენიშნავთ. თბილისელები ჩემს პერსონაჟებში უამრავ ნაცნობ ადამიანს ამოიცნობენ, ჩვენ ყველა მათ ხშირად ვხედავთ ქუჩებში.
ალბათ ძველი თბილისის ტერიტორიას გულისხმობ…
ძირითადად კი, ახლო-მახლო ტერიტორიას, ეს ადგილი თბილისის ცენტრია და აქ ბევრი ადამიანი იყრის თავს.
ზოგჯერ ისე ხდება, რომ დღეების განმავლობაში ვაკვირდები ადამიანებს, შემდეგ ამ დაკვირვების შედეგის გადმოტანას ვცდილობ ტილოზე. რამდენჯერმე ასეთი მომენტიც მქონია: დავინახე სცენა, მომიზღვავდა ემოცია, ემოციამ გონება დამიბინდა… ამ დროს ვგრძნობ, რომ უნდა გავიქცე, ძალიან სწრაფად უნდა გავიქცე სახლისკენ, რომ მეხსიერებიდან ნანახმა სურათმა წაშლა ვერ მოასწოს.
და ასწრებ?
მოდით ერთ ამბავს მოგიყვებით: რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა კოლმეურნეობის ბაზარი სრულიად შემთხვევით ფანტასტიურ სცენას შევესწარი- ბაზარში მოვიდა ცნობილი „სოლოლაკელი მარინა“ (იგივე „გიჟი მარინა“) თეთრ საქორწილო კაბაში. ისეთი „პერფორმენსი“ მოაწყო, რამდენიმე წუთის განმავლობში არ წყდებოდა ოვაციები და აპლოდისმენტები. – ეს იყო 100%-იანი ფურორი! მერე მარინა ყასაბებმა მიიპატიჟეს დახლებთან, სადაც პრაქტიკულად წამებში მცირე ტრაპეზა მოეწყო – აი აქ, მარინამ თავისი „ჭიქიანი ნომერი“ შეასრულა… ნანახით მიღებული ემოცია იმდენად ძლიერი იყო, რომ სახლში მივირბინე – სიტყვის სრული მნიშვნელობით და ეგრევე ხატვა დავიწყე – ასე შეიქმნა ტილო „მარინა საქორწილო კაბაში“. შეხედეთ ნახატს და თავად განსაჯეთ – მოვასწარი?
უდაოდ მოასწარი…
მაქვს უარყოფითი ემოციების შედეგად შექმნილი ნახატიც. ისევ ამ ტერიტორიაზე, ბაზრის მიმდებარედ ერთი ღარიბი მოხუცი, უსახლკარო ქალი დაეხეტებოდა, მისი ნავსაყუდელი ძველი უნივერსამის სიახლოვეს იყო. მოწყალებას კი ბაზარში ითხოვდა. ერთ მშვენიერ დღეს ბაზარში ვიყავი პროდუქტის საყიდლად და უცებ უცნაური ტირილის ხმა შემომესმა – აღმოჩნდა, რომ მოხუცებული ყველის გამყიდველთან ყველის სათხოვნელად მისულა, გაცოფებულ გამყიდველს კი თურმე უცემია. სწორედ ეს მოხუცებული ქალი დავხატე სახლში მოსულმა, თუმცა ცემის სცენის გარეშე. ასეთი რაღაცეების შემხედვარეს გული საოცარი დარდით მევსება.
მოდი უარყოფით ემოციებზე ნუღარ ვისაუბრებთ და შენს ნამუშევრებს დავუბრუნდეთ. რა ტექნიკით ხატავ?
ჩემი ნახატები ძირითადად ზეთით შესრულებული ფერწერული ტილოებია.
ამ კედლებზე უამრავი ნახატია – შენი საყვარელი ნახატი თუ გაქვს?
ცხადია მაქვს – ეს ბებიაჩემის პორტრეტია, რომელიც ძალიან მიყვარს, მის გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე დავხატე. თოჯინა „მეყვავილეც“ ბებიას მივუძღვენი, შესაბამისად ეს თოჯინაც ძალიან მიყვარს.
ჩემი შემდეგი კითხვა სწორედ თოჯინებს უკავშირდება – მოდი მკითხველს მოუყევი შენს ულამაზეს ქმნილებებზე.
თოჯინების შექმნა 1999 წელს დავიწყე, ჩემი ნამუშევრები პატარა ზომისაა, ფიგურები შესრულებულია პაპერკლეისაგან და კოსტიუმზე მუშაობისას არ ვხმარობ ქსოვილს, რასაც აქ ხედავთ – ეს მხოლოდ ქსოვილის იმიტაციაა.
პირველი თოჯინა რაღაცნაირად ექსპრომტად შევქმენი – ერთი პერიოდი ბოთლების გაფორმებით ვიყავი გატაცებული. ერთ მშვენიერ დღეს ასეთი აზრი მომივიდა: ქალის თავი გამოვძერწე და გადავწყვიტე ის ბოთლის თავსახურად გამომეყენებინა. ჩანაფიქრის განხორციელებისთანავე – მივხვდი, რომ თავს ტანი უფრო მოუხდებოდა, ვიდრე ბოთლი – და თითებმა თავისით დაიწყეს ძერწვა, თუმცა ტანის ფუნდამენტს ბოთლი წარმოადგენს. ჩემი თოჯინების პირველი სერია – „წელიწადის დროებია“ – ოთხი ქალბატონი: ცივი, მაგრამ ჰაეროვანი ზამთარი, თბილი, აყვავებული გაზაფხული, ცხელი, ვნებიანი ზაფხული და ქარიანი შემოდგომა.
თოჯინების შექმნა – ეს საკმაოდ არაპროგნოზირებადი, გარკვეულწილად მისტიური პროცესია. შეიძლება ითქვას, რომ თოჯინებსა და ჩემს, როგორც მათ ავტორს შორის ზღვარი პრაქტიკულად არ არსებობს. ზოგჯერ მეჩვენება, რომ ეს არსებები თავად მკარნახობენ იმას, თუ როგორები უნდა იყვნენ. სწორედ ამ მომეტში ქრება ბარიერი ჩემსა და მათ შორის; და მეც, როგორც დომინანტი, იმ მომენტში ვწყვეტ არსებობას და მთლიანად ვიძირები მუშაობის პროცესში, თითქოს „მთლიანი მე“ მხოლოდ ჩემი თითებია, რომლებიც ამ საოცრებების ქვეყანაზე მოვლენაში მეხმარებიან. აქ მთავარია მიაყურადო, გაიგო მათი ხმა, რადგან თუ ამას ვერ შეძლებ, მაშინ არც ის დაიწყებს „სუნთქვას“ და საკუთარ დაბადებას შეეწინააღმდეგება.
ისინი თავად უნდა იყვნენ კმაყოფილები, მათ უნდა ჰქონდეთ საკუთარი „გავლილი ცხოვრება“, თავისი ისტორია. მათ უნდა ისუნთქონ. სუნთქვა – ეს მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. მე მხოლოდ მაშინ ვასრულებ მუშაობას, როდესაც ვხვდები და ვხედავ მათ კმაყოფილ გამოხედვას ჩემი მისამართით. ვინმე თუ მეუბნება, რომ შენი თოჯინები სუნთქავენ – ეს არის ყველაზე დიდი კომპლიმენტი ჩემთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს უმაღლესი შეფასებაა ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის.
ირენი ბოლო პერიოდი პროექტებითაა დაკავებული და ეს საქმიანობა, მას თითქმის მთელ დროსა და ენერგიას ართმევს. როგორც თავად ამბობს, ამ პროექტების მთავარი დამსახურება ის არის, რომ უკვე დავიწყებას მიცემული მხატვრების სახელები კვლავ გაჟღედა, რესტავრაცია ჩაუტარდა უნიკალურ ტილოებს, შეიქმნა კატალოგები.
პროექტებზე, რომლებსაც შეიძლება ჩემი შვილობილებიც კი ვუწოდო, ჩემთან ერთად მუშაობდა ერთი ჯგუფი, რომლის არ ხსენებაც არ შემიძლია – ყვება ირენი, მაგრამ განსაკუთრებით გამოვყოფდი ორ ადამიანს – ჟანა სარუხანოვას – პროექტების კოორდინატორს და დავით ანდრიაძეს – ტექსტების ავტორს. ყოველთვის მხარში გვედგა ანაიდა ბოსტანჯიანი – არაჩვეულებრი მთარგმნელი ქართულიდან სომხურ ენაზე, თავისი საქმის ნამდვილი ოსტატი და ზოგადად უნიკალური ქალბატონი. სამწუხაროდ ის წელს გარდაიცვალა.
რაც შეეხება თავად პროექტებს:
პირველი პროექტი – სომეხი მხატვრები საქართველოში ჰაკობ ჰოვნათანიანიდან გაიანე ხაჩატურიანამდე. დიდი ისტორიის ფრაგმენტები – 2011 წლით თარიღდება. პროექტის ფარგლებში სომხური წარმომავლობის ქართველი მხატვრების მიერ შექმნილ ტილოებზე წარმოდგენილი იყო თბილისური სამხატვრო სკოლის 200 წლიანი ისტორია, მისის განვითარების ეტაპები. გამოფენებზე მთლიანად 29 მხატვრის 120 ნამუშევარი გამოიფინა, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს ფერწერის, გრაფიკის, კინოსა და თეატრალური ხელოვნების განვითარებაში.
გამოფენების გარდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, სომხეთის კულტურის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და სომხეთის საელჩოს მხრიდან უზრუნვეყოფილ იქნა სამენოვანი (ქართული, სომხური, ინგლისური) კატალოგის გამოცემა, რომლის პრეზენტაციაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მოეწყო.
მეორე პროქტის სახელწოდებაა: ძველი ტფილისი. სურათები ქალაქის ცხოვრებიდან. MARGINALIA.
პროექტი 2014-15 წლებში შედგა და მის ფარგლებში გამოფენა და სამენოვანი კატალოგის გამოცემა დაიგეგმა.
გამოფენაზე დამთვალიერებლების წინაშე თვითნასწავლი მხატვრები: კარაპეტ გრიგორიანცი, ვანო ხოჯაბეკოვი, ვაღარშაკ ელიბეკიანი წარსდგნენ.
ტფ(თბ)ილისი – ახალი ბაბილონი – ეს გახლავთ მესამე პროექტი, რომელიც ასევე 2014 წელს განხორციელდა. მისი მთავარი მიზანი XX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ხუთი წამყვანი სომეხი მხატვრის სამენოვანი ალბომის გამოცემა იყო. ეს მხატვრები არიან: ალბერტ დილბარიანი (დილბო), ლევ ბაიახჩევი, რობერტ კონდახსაზოვი, გაიანე ხაჩატურიანი, ზულეიკა ბაჟბეუკ-მალიკოვა. ამ გამოცემისთვის სპეციალურად დაიწერა ღრმა შინაარსის ესეები.
პროექტის მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს კულტურისადა ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სომხეთის კულტურის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და სომხეთის საელჩო; ასევე სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია და კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრი „ჰაიარტუნ“-ი.
ჯერ-ჯერობით ბოლო, რიგით მეოთხე პროექტი – „ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვია“, რომელიც მხატვრის დაბადებიდან 125 წლისთავს და გარდაცვალებიდან 50 წელს მიეძღვნა. ეს პროექტი სხვა წინა პროექტებისგან განსხვავებით არ გახლავთ საქართველო-სომხეთის ერთობლივი პროექტი. ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველად გამოიფინა ბაჟბეუკ-მელიქოვის ნამუშევრები, რომლებიც საქართველოში ინახება. გამოფენა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შედგა. ეხლა კი ჩვენი შემოქმედებითი კოლექტივი მხატვრის ალბომ-მონოგრაფიაზე მუშაობს, წიგნი წელს გამოიცემა. პროექტი კი საქართველოს კულტურისადა ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეგიდით განხორციელდა.
და ჩვენი საუბრის დასასრულს ერთი კითხვა მაქვს: ოდესმე თუ გაგიჩუქებია შენი ნახატი ან თოჯინა?
სურათებს ვჩუქნი, თოჯინებს ძალიან იშვიათად, მაგრამ კი, ყოფილა ასეთი შემთხვევები.
არ გენანება?
არა, არ მენანება – როცა ვიცი, რომ ჩემი ნამუშევარი კარგ ხელში ხვდება, არ მენანება.
კითხვაზე „საყვარელი მხატვარი თუ გყავს?“ ირენმა მიპასუხა, რომ ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხი არ აქვს, თუმცა მაინც დასძინა:
„ბევრი მხატვარი მომწონს, მაგრამ ნახევარღმერთებად მიმაჩნია – ლეონარდო და მიქელანჯელო“.
მადლობა ირენ მასპინძლობისთვის და საინტერესო საუბრისთვის.
ეპილოგი
გარეთ მოსაღამოვდა. რამდენიმე საათმა ისე გაირბინა, ვერც კი შევამჩნიე – ყოველთვის ასეა, დრო სწრაფად მაშინ გარბის, როცა არ გინდა, როცა პოზიტიურ, გემოვნებიან ხელოვანს სტუმრობ გარშემო სამყაროს ვარდისფერი სათვალით უყურებ, ცხოვრებაც უფრო გიადვილდება და გიხარია, რომ ქვეყნად არსებობენ ირენ ოგანჯანოვას მსგავსი კეთილი, თბილი, მხიარული, დადებითი ადამიანები.
გაზაფხულის თბილი საღამო ირენთან სტუმრობამ უფრო გაათბო, ძველი თბილისის სურნელს კი ეხლაც, რამდენიმე დღის მერეც ვგრძნობ.
ავტორი: ნათია ჯავახიშვილი