ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე არა ბაბლოიანი მიიღო.

ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგას ბორჯომის ხეობაში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში სომხეთის მიერ გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მძიმე დროს სომხეთის თანადგომა კეთილმეზობლური ურთიერთობების ნათელი მაგალითია.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს. მათი თქმით, საქართველო და სომხეთის რესპუბლიკა მიმდინარე წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავს აღნიშნავენ, თუმცა, ქართველ და სომეხ ხალხებს ერთმანეთთან მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის შეფასებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა სულ უფრო დინამიური და პროდუქტიული ხდება, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საპარლამენტო დიპლომატიას. ირაკლი კობახიძემ კოლეგას საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები გააცნო და აღნიშნა, რომ მათი მიზანი ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და საქართველოს პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციაა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ მედიისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობებისა და საპარლამენტთაშორისო კავშირების მნიშვნელობაზე.

„მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო სომხური მხარის მიმართ ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესში საქართველოს თანადგომისა და დახმარებისთვის, სხვა პარტნიორებთან ერთად, ეს იყო კეთილმეზობლური ურთიერთობების ძალიან ნათელი მაგალითი და კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა სომხეთს ამ მხარდაჭერისა და დახმარებისთვის.
წელს აღვნიშნავთ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25-ე წლისთავს, თუმცა, ჩვენს ხალხებს შორის მეგობრული კავშირები საუკუნეებს ითვლის. ამ საიუბილეო თარიღის გათვალისწინებით, ბატონი სპიკერის ვიზიტს კიდევ უფრო დიდი სიმბოლური დატვირთვა ენიჭება. მოხარული ვართ, რომ ამ წლების მანძილზე, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობები ძალიან დინამიურად ვითარდება, სულ უფრო მეგობრული და პროდუქტიული ხდება. საქართველოსთვის პრიორიტეტულია მეზობლებთან პარტნიორული ურთიერთობა, მშვიდობიანი ურთიერთობების განვითარება, რაც ძალიან მკაფიოდ არის დაფიქსირებული იმ რეზოლუციაში, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2016 წლის დეკემბერში საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ. გარდა ამისა, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გათვალისწინებით, ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და სომხეთს შორის კავშირებს. საპარლამენტთაშორისო კავშირებისა და საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერების გზით, ჩვენ წვლილს შევიტანთ ამ კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებაში.
ჩვენ დღეს ვისაუბრეთ მრავალ საკითხზე და შევთანხმდით, რომ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ორი ქვეყნის პარლამენტებში ჩამოყალიბებულ მეგობრობის ჯგუფებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, ასევე, ხალხთა შორის ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მხარეები მჭიდრო საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

„სტუმრებს გავაცანით საქართველოში მიმდინარე დინამიური რეფორმები, რომლებიც ხორციელდება სხვადასხვა სფეროში, რომელთა მიზანია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაცია, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ეკონომიკის გაძლიერება და ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ასევე, ჩვენი პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია.

შეხვედრაზე საუბარი გვქონდა იმაზე, რომ ორი ქვეყნის ხალხებს შორის ურთიერთობების გაძლიერება არა მხოლოდ ეკონომიკური განვითარების, არამედ სოციალურ-კულტურული კავშირების, ხალხთაშორისი ურთიერთგაგებისა და პატივისცემის გაძლიერების ძალიან კარგი საშუალებაა.

შესაბამისად, შევთანხმდით, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ამ პროცესებს. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძალიან მჭიდრო ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება და საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო აქტიურ და მჭიდრო სახეს მიიღებს.

მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოში ვიზიტისთვის და ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და ამას ბოლო პერიოდში ხშირი მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტებიც ადასტურებს.

„დღეს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და სხვადასხვა სფეროში დინამიური განვითარება და წინსვლაა. ბოლო პერიოდში, სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს ხელმძღვანელი პირების გაცვლითი ვიზიტები, სხვადასხვა დონის აქტიური ურთიერთობა ჩემი ნათქვამის ნათელი მტკიცებულებაა“, – განაცხადა არა ბაბლოიანმა.

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის თქმით, შეხვედრაზე ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავების ახალი პერსპექტივები დაისახა.

„მადლიერებით აღვნიშნავ, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარება დაფუძნებულია ურთიერთნდობაზე. ბოლო წლებში შეიმჩნევა აქტივობა სომხურ-ქართულ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში და საპარლამენტო დიპლომატიის საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია, ახალი ძალა შევმატოთ ორმხრივ ურთიერთობებს. ამის შემდეგ საჭიროა, უფრო ხშირად შევხვდეთ და უფრო ხშირი იყოს საპარლამენტო დელეგაციების ურთიერთვიზიტები და მეგობრობის ჯგუფების ურთიერთობა. ჩვენ მრავალ სფეროში გვაქვს შესაძლებლობა თანამშრომლობის განვითარების, ერთმანეთის დახმარებისა და გამდიდრების. მოხარული ვარ, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს შესაძლებლობა მოგვეცა, განგვეხილა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის საკითხები და დაგვესახა მრავალმხრივი ურთიერთობების ახალი პერსპექტივები. ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ახალი სტიმულის მიცემას სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს განვითარების და რეგიონში მშვიდობის დამყარებისთვის, ჩვენი ორი, მეგობარი ხალხების სასარგებლოდ“, – განაცხადა არა ბაბლოიანმა.

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ქართველ კოლეგას დაბადების დღეც მიულოცა.
„ამავდროულად, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვეწვიეთ საქართველოს პარლამენტს ბატონი ირაკლის დაბადების დღეზე და შესაძლებლობა მოგვეცა, პირადად მოგველოცა დაბადების დღე“, – განაცხადა არა ბაბლოიანმა.

parliament.ge

Leave a Reply