Latest posts by Aliq Media (see all)
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ლამბერტო ზანიერის შეხვდა. მხარეებმა ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და მათი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრაციის მხრივ საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს.
უმაღლესი კომისრის შეფასებით, ამ მიმართულებით, საქართველოში ფუნდამენტური პრობლემები არ არსებობს. თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს ეროვნულ უმცირესობათა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში მაქსიმალური ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის.
ყურადღება გამახვილდა საქართველოში ეროვნული უმცირესობების დაცვის კონტექსტში განათლების სისტემის რეფორმირებაზე. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლებაა და შესაბამისად, ხელისუფლება სისტემაში მასშტაბურ ინვესტიციებს გეგმავს, რაც ხარისხობრივად გააუმჯობესებს საგანმანათლებლო სივრცეს, მათ შორის, ეროვნული უმცირესობებისთვის.