„ჰაიარტუნ“ ცენტრი სომხური ტრადიციების შენარჩუნების სადარაჯოზე

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცეტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში, ახალგაზრდა გიტარისტის, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული ევგენი მიქელაძის მუსიკალური სასწავლებლის სტუდენტის, ლევონ ალოიანცის პირველი სოლო კონცერტი გაიმართა. კონცერტზე გიტარისტმა კლასიკურ მუსიკასთან ერთად, ფლამენგოც შეასრულა.

„მუსიკასთან ერთად ცხოვრება საინტერესოა და მინდა, ის ემოციები რასაც მე ვიღებ, ხალხსაც გადავცე. ეს ჩემი პირველი სოლო კონცერტია, თუმცა სხვადასხვა ინსტრუმენტალურ ჯგუფთან ერთად, მონაწილეობა მაქვს მიღებული „კარიტასის“ საქველმოქმედო კონცერტებში“, ამბობს ლევონ ალოიანცი.

„ჰაიარტუნ“ ცენტრი 2010 წელს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ინიციატივით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს, რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენის ბორის სააკოვის და საქართველოს სომეხი ბიზნესმენების რაფიკ აღაჯანიანის, სამველ აღეკიანის, არამ სიმონიანის, ნელსონ პეტროსიანის, კიმ საფაროვის, არამ სანოსიანის, ვიტალი მანასიანის, სამველ მანუკიანის და არკადი მანუკიანის მფარველობით ჩამოყალიბდა. ოფიციალურად ის 2011 წელს ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II-ის მიერ, საქართველოში მისი უწმიდესობის საპატრიარქო ვიზიტის დროს გაიხსნა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის მთავარ საკათედრო „სურბ გევორგ“ ეკლესიაში ჩამოყალიბებულმა „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრმა, შექმნის პირველივე დღეებიდან დაიწყო მშობლიური ენის შენარჩუნების, ისტორიული და რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნის, ეროვნული ჩვევებისა და ტრადიციების აღდგენის, სომხურ-ქართული კულტურული კავშირების გამყარების მიმართულებით მუშაობა.

სომხური ხელოვნების სახლში ეწყობა გამოფენები, წიგნების პრეზენტაციები, დისკუსიები, შეხვედრები, ღირსშესანიშნავ თარიღებისადმი მიძღვნილი საღამოები, ასევე ფესტივალები, რომლებიც ყოველ შაბათ-კვირას ხალხმრავალს ხდის ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზს.

კულტურის განყოფილება თანამშრომლობს საქართველოში მოქმედ სომეხ შემოქმედებთან და ორგანიზაციებთან: საქართველოს სომეხ მწერალთა კავშირი „ვერნატუნ“; სომხურ-ქართული ლიტერატურული კავშირები „კამურჯ“; საქართველოს სომეხი ინტელიგენციის კავშირი; საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირი; ახალციხის ახალგაზრდული საგანმანათლებლო-კულტურის ცენტრი; ნინოწმინდის „რაფაელ ჯავახ“ საგანმანათლებლო-კულტურული ცენტრი და სხვა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრში არსებობს სხვადასხვა შემოქმედებითი წრეები. „ნერსეს შნორჰალი“ საბავშვო გუნდია, სადაც მოზარდები სწავლობენ სომხურ- ხალხურ და პატრიოტულ სიმღერებს. ისინი ასრულებენ კლასიკურ, სასულიერო, ხალხური მუსიკალური ხელოვნების ნიმუშებს და, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკაში ორგანიზებულ კონკურსებსა და ფესტივალებში იღებენ მონაწილეობას.

არსებობს ასევე, სამოყვარულო ახალგაზრდული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ტარონ“; ვოკალურ-ინსტრუმენტალური საესტრადო ანსამბლი, სადაც  სომეხი მოზარდები სწავლობენ თანამედროვე საესტრადო მუსიკალურ ინსტრუმენტებზე – გიტარაზე, ბას გიტარაზე, დასარტყამ და კლავიშებიან ინსტრუმენტებზე დაკვრას.

დუდუკის კლასში, ბავშვები გარდა იმისა, რომ სწავლობენ დუდუკის დაკვრას, ეცნობიან გამოჩენილი სომეხი მედუდუკეების სახელებს, მათ ცხოვრებას და მოღვაწეობას. დოლის კლასში მოსწავლეებს მიეწოდებათ ეროვნული მუსიკალური ინსტრუმენტების შექმნის ისტორია, ცნობები საკრავების ოსტატი შემსრულებლების შესახებ. ხოლო, ესთეტიკური აღზრდის ჯგუფში, შაბათ-კვირას სამი წლის ასაკიდან სასკოლო ასაკამდე ბავშვები სწავლობენ ხატვას, ძერწვას, სახვითი ხელოვნების ნიმუშების შექმნას და აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონსკურსებსა და ფესტივალებში.

შემოქმედებით წრეში გაწევრიანების შემდეგ სავალდებულოა სომხური ენის ცოდნა. ისინი, ვინც არ იციან სომხური ენა, გადიან სომხური ენის სწავლების ორწლიან კურსს „ჰაიარტუნ“ ცენტრში.

„მე ვთვლი რომ, ადამიანი სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, მან აუცილებლად უნდა იცოდეს საკუთარი ენა და კულტურა. თბილისელ სომხებს წინაპრებისგან დიდი მემკვიდრეობა შემოგვრჩა, რომელთა დიდი ნაწილი შესწავლილი არ არის. თუმცა ჩვენ არ გვაქვს უფლება, საუკუნეების წინ, ჩვენი წინაპრების მიერ შექმნილი კულტურა დავივიწყოთ. ამასთან, ჩვენ სომხებს და ქართველებს გვგონია რომ ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ სამწუხაროდ ადამიანების უმრავლესობა, ჯერ კიდევ სტერეოტიპებით ცხოვრობს. ამიტომ „ჰაიარტუნ“ ცენტრი გარდა იმისა, რომ სომხური კულტურის გაცნობასა და შენარჩუნებაზე მუშაობს, ის ასევე, ხელს უწყობს ქართულ-სომხური კულტურების დაახლოებას. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს კულტურის სამინისტროსთან და სხვა დაწესებულებებთან, ვაწყობთ ერთობრივ ღონისძიებებს. აუცილებელია კულტურების დაახლოება, მაგრამ არა ასიმილაცია“, – ამბობს „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორი ლევონ ჩიდილიანი.

„ჰაიარტუნ“ ცენტრის კულტურული მოღვაწეობის ერთ-ერთი მიმართულებაა სომხებით დასახლებულ რაიონებში, სომხური კულტურული ცხოვრების ხელშეწყობა. ამ მიზნით ცენტრი სხვადასხვა ღონისძიებებს ახორციელებს.

„ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით კულტურული ასოციაციები შეიქმნა ახალციხეში კულტურის გაერთიანება „ვაჰრამ გაიფეჭიან“, ჯავახეთის ახალგაზრდა მხატვართა ასოციაცია, ნინოწმინდის საგანმანათლებლო-კულტურული და ახალგაზრდული ცენტრი „რაფაელ ღარსლიან“. ბათუმში „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიასთან მოქმედი, ალექსანდრე მანთაშევის სახელობის საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ცენტრი.

მზევინარ ხუციშვილი

 

 

Leave a Reply