საქართველოს მთავრობის მეთაურის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრით დაიწყო.
გიორგი გახარიას პატივსაცემად სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ქართველ კოლეგას ნიკოლ ფაშინიანმა პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
მხარეებმა ყურადღება ორმხრივ კეთილმეზობლურ ურთიერთობასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილეს.
“ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს – ეს არის ჩვენი ისტორია და ჩვენი წინაპრები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ჩვენს ორ ხალხს შორის მეგობრობას. დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გავართმევთ თავს ჩვენზე დაკისრებულ ამ ვალდებულებას. მინდა დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, მეტი იმუშაოს იმისთვის, რომ ქართულ-სომხური ურთიერთობები გახდეს კიდევ უფრო ეფექტური, ჩვენი თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს, ვთანხმდებით, რომ შეგვიძლია ის კიდევ უფრო განვავითაროთ, რათა მეტი სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს ხალხს, მათ შორის ეკონომიკაში, მშენებლობაში, ინფრასტრუქტურაში, კულტურაში, სპორტში და ყველა მიმართულებით”,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ქართველ კოლეგას ოფიციალური ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა. ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარი პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანა დაასახელა.
“მოხარული ვარ, აღვნიშნო, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა კიდევ უფრო უმჯობესდება ყველა სფეროში. პრემიერ-მინისტრად ჩემი წელიწადნახევრიანი მუშაობის პერიოდში ყველაზე კარგ მიღწევად აღვნიშნავდი სომხურ-ქართული ურთიერთობების მაღალ დონეზე აყვანას, რაც, ვფიქრობ, ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგად, კიდევ უფრო გაუმჯობესდება”, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021