Latest posts by Aliq Media (see all)
ჩვენ სრული მზაობა გვაქვს იმისთვის, რომ გავააქტიუროთ სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო ურთიერთობები, გავაღრმავოთ რეგიონული ინტეგრაცია და ვფიქრობთ, ეს იქნება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური სტაბილურობის მომტანი ჩვენს რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან გაფართოებული ფორმატით შეხვედრისას განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-სომხეთის მრავალსაუკუნოვან, კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და ხალხებს შორის არსებულ ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრა.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, განვიხილოთ, როგორ ავითვისოთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის ის გამოუყენებელი პოტენციალი, რომელიც ნამდვილად არსებობს. ჩვენ ეს აღვნიშნეთ პირისპირ შეხვედრაზე. ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა იმისთვის, რომ გავააქტიუროთ სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო ურთიერთობები, გავაღრმავოთ რეგიონული ინტეგრაცია და ვფიქრობთ, ეს იქნება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური სტაბილურობის მომტანი ჩვენს რეგიონში”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივაზე გაამახვილა ყურადღება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. კარენ კარაპეტიანმა გიორგი კვირიკაშვილს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ მოგვენატრა ასეთი ატმოსფერო, როგორიც აქ დაგვხვდა. ვეთანხმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებებს, ჩვენი ურთიერთობების მაღალი დონისა და პოტენციალის შესახებ. ჩვენ აქ ჩამოვედით ძმური და საქმიანი განწყობით და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოლაპარაკებები იქნება ახალი სტიმული ჩვენს ურთიერთობებში არსებული პოტენციალის გამოყენებისთვის. ჩვენ გვსურს, შევქმნათ გარემო, რათა ბიზნესმენებს მიეცეთ საშუალება, ჩაერთონ სხვადასხვა პროექტში”, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
გაფართოებული შეხვედრისას, მხარეებმა ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე იმსჯელეს. ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის მიმართულებით.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და ხაზი გაუსვეს მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას სახელმწიფოების განვითარების პროცესში.
გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ჯანდაცვის, შრომისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს შორის, ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, ხელშეკრულება გაფორმდა.