Latest posts by Aliq Media (see all)
ევროპარლამენტმა 13 ივნისს, საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია სახელწოდებით – „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ“ ევროპარლამენტმა ხმათა სრული უმრავლესობით დაამტკიცა.
რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, როგორც ევროპული უსაფრთხოების წესრიგის ძირითად პრინციპს.
საქართველოს კონფლიქტის მოგვარება არსებითია ევროპულ კონტინენტზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად. კონფლიქტები და საქართველოს ტერიტორიების განგრძობადი ოკუპაცია წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს ევროპული ქვეყნების სუვერენიტეტისთვის, ნათქვამია ტექსტში.
ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთს, დაასრულოს საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
ამასთან, ევროპარლამენტი რუსეთს მოუწოდებს, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული ხელშეკრულების უპირობო შესრულებისკენ. განსაკუთრებით იმ ვალდებულების შესრულებისკენ, რომელიც გულისხმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებას.