Latest posts by Aliq Media (see all)
მარნეულიდან, დაახლოებით, 20 კილომეტრში ეთნიკური სომხებით დასახლებული წითელსოფელი მდებარეობს, რომლის პირველი მოსახლე ქართულ მიწაზე, ერთი საუკუნის წინ, 1915 წელს დასახლდა. ადგილობრივები ამბობენ რომ, წითელი სოფელს აქ აშენებული წითელი აგურის სახლების გამო ეწოდა.
2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, სოფელში 800 ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა დღეს მათი რიცხვი 600-მდე შემცირდა. სოფლის მაცხოვრებლების თქმით, მოსახლეობის მიგრაცია გართულებულ სოციალურ პირობებს უკავშირდება. წითელსოფელში ადამიანები, ძირითადად, მიწადმოქმედებით არიან დაკავებულები. საძოვრების არარსებობის გამო სოფელში პირუტყვს ვერ შეხვდებით. თუმცა, ხეხილისა და ბოსტნეულის ბაღები მრავლადაა. როგორც თავად ამბობენ, მათ მიწაზე ყველა სახის კომბოსტო ხარობს. ბოსტნეულთან ერთად სეზონური ხილიც მოჰყავთ: მარწყვი, ალუჩა, ბალი და ალუბალი. მოწეულ მოსავალს თბილისში ყიდიან და მათი შემოსავალიც კლიმატურ პირობებსა და ბაზარის მოთხოვნაზეა დამოკიდებული. სიამაყით აცხადებენ, რომ მათი პროდუქტები თბილისის დიდ სუპერმარკეტებში იყიდება.
სოფლის მოხუცებთან კომუნიკაცია მხოლოდ სომხურ ან რუსულ ენაზეა შესაძლებელი. ქართული თითქმის არ იციან, თუმცა ამას რამდენიმე მიზეზით ხსნიან: ადრე სკოლაში ქართულს არ ასწავლიდნენ, სოფელში ქართველები არ ცხოვრობენ და გარშემო აზერბაიჯანული სოფლებია.
ენის არ ცოდნა რომ ბარიერს უქმნით თანხმდებიან. მოსწონთ, რომ ქართული ენის შესწავლას ახალი თაობა მეტ დროს უთმობს.
სომხებით დომინანტურად დასახლებულ სოფელში თუკი ადრე ქართული ენის შესწავლას კვირაში 2 საათი ეთმობოდა, დღესდღეობით, სასწავლო გეგმის მიხედვით 5 საათია გამოყოფილი.
წითელსოფლის საჯარო სკოლაში 6 საკლასო ოთახი და 12 კლასია, სადაც 114 მოსწავლე ორ ცვლაში სწავლობს. მესამე კლასელი ნიკო მეორე ცვლაა და გაკვეთილის დაწყებამდე ჩვენთვის ლექსის მოყოლასაც ასწრებს, თან ოცნებასაც გვიმხელს – ექიმი უნდა რომ გამოვიდეს.
სოფელში სკოლა აქვთ ბაღი კი არა. თუმცა რამდენიმე თვეა ბაღის ფუნქცია წითელსოფლის განვითარების ახალგაზრდულმა ცენტრმა შეითავსა, სადაც სკოლამდელ ასაკის ბავშვებს მოხალისეები სრულიად უფასოდ უტარებენ გაკვეთილებს.
სოფლის ორღობეებში ბავშვების სიმრავლე თვალში მოგხვდებათ, რასაც ვერ ვიტყვით ახალგაზრდებზე. წითელსოფლელი რუბენ პეტროსიანი, რომელიც ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტია ამბობს, რომ სოფლად ახალგაზრდებისთვის დასაქმების საშუალება არ არის, ამიტომ სოფლიდან წასული უკან აღარავინ ბრუნდება.
წითელსოფელში ამბობენ, რომ ეტაპობრივად მათი ყველა პრობლემა გვარდება. ელექტროენერგია აქვთ, სოფელი გაზიფიცირებულია, ერთი წელია რაც გარე განათებაც დაუყენეს, წყალიც კვირაში სამჯერ მოდის. ამ ეტაპისთვის ასფალტის პრობლემა აწუხებთ და იმედოვნებენ ესეც მალე მოგვარდება.
იმირი
ეთნიკური სომხებით დასახლებული სოფლიდან თბილისისკენ მომავალთ გზად მეჩეთი შეგხვდებათ. ეს უკვე აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფელი იმირია.
უკანასკნელი აღწერის მიხედვით სოფელში 1, 235 ადამიანი ცხოვრობს. აქ კი ნამდვილად შეგექმნებათ კომუნიკაციის პრობლემა. სოფლის მაცხოვრებლებმა არ იციან ქართული და უმეტესობა ვერც რუსულად საუბრობს.
მირზოევკა
მარნეულამდე 5 კილომეტრში სამი განსხვავებული კულტურისა და ეთნოსის თანაცხოვრებასაც ნახავთ. ეს სოფელი მირზოევკაა, სადაც ქართველები, სომხები და აზერბაიჯანელები ერთად ცხოვრობენ. თუმცა, აქ თითქმის შეუძლებელია ნახოთ შერეული ოჯახები. ყველა ეთნოსი ცდილობს საკუთარი ტრადიცია, ადათ-წესი და იდენტობა შეინარჩუნოს.
სოფელში მხოლოდ სომხური საჯარო სკოლა ფუნქციონირებს, ქართველი ბავშვები განათლებას მეზობელ სოფელში იღებენ. სირთულეების მიუხედავად, მირზოევკაში მცხოვრები სამივე ეთნოსი ცდილობს ერთმანეთის კულტურას და ტრადიციებს პატივი სცენ, რაც მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას განაპირობებს.