ერევნის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს პატიმრობა ორი თვით გაუხანგრძლივა

ერევნის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს პატიმრობა ორი თვით გაუხანგრძლივა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა არამ ორბელიანმა განუცხადა.

„სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობა კიდევ ორი თვით გაახანგრძლივოს. რა თქმა უნდა, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის კანონებს. ჩვენ გავასაჩივრებთ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის მეორე პრეზიდენტი გასული წლის 28 ივლისს დააკავეს. სომხეთის სააპელაციო სასამართლომ 13 აგვისტოს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და რობერტ ქოჩარიანი ორთვიანი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

სასამართლომ ქოჩარიანის დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება 2008 წლის პირველ მარტს, აქციის დარბევის საქმესთან დაკავშირებით გამოიტანა. შემდეგ სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ საკასაციო სასამართლოში გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება, რის შემდეგაც საქმე ხელმეორედ დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს განსახილველად.

7 დეკემბერს კი სომხეთის სააპელაციო სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის დაპატიმრების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

interpressnews.ge