ერევნის არჩევნები: წინასწარი მონაცემებით ბლოკი “ჩემი ნაბიჯი” ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, ერევნის უხუცესთა საბჭოს რიგგარეშე არჩევნებზე ამომრჩეველთა 43,65%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.

ამჟამად, ბიულეტენების დათვლის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა წინასწარი შეფასებით, “ჩემი ნაბიჯი” თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე ლიდერობს.

ერევანში დღეს უხუცესთა საბჭოს რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა. მასში, 12-მა პოლიტიკურმა ძალამ მიიღო მონაწილეობა. საბოლოოდ ბრძოლა ქალაქის მერის თანამდებობისთვის მიმდინარეობს, რადგან მას სწორედ უხუცესთა საბჭო აირჩევს.

ამ არჩევნების შედეგების მიხედვით გაირკვევა არა მხოლოდ ის, თუ ვინ დაიკავებს მერის თანამდებობას, არამედ ისიც, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას ანიჭებენ ერევნელები უპირატესობას. დედაქალაქში დღეს მთელი ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობს.

აღსანიშნავია, რომ შარშან ერევნის უხუცესთა საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 40,99% -მა.