Latest posts by Aliq Media (see all)
ერევნის კულტურულ და ბიზნეს ცენტრ „მოსკოვის სახლში“ იური მეჩითოვის ფოტოებში აღბეჭდილი საქართველო, მთელი თავისი კოლორიტით განთავსდა.
გამოფენაზე სახელწოდებით „საქართველო-ორმაგი გვერდები“ წარმოდგენილი იყო ცნობილი კინორეჟისორის სერგო ფარაჯანოვის მეგობრის – იური მეჩითოვის, ბოლო 40 წლის განმავლობაში თბილისში გადაღებული შავ-თეთრი ფოტოები.
„მეჩითოვი არც ქართველია და არც სომეხი, არც იეზიდი და არც რუსი, მაგრამ ამავე დროს, ჩამოთვლილი ერების ყველაზე კოლორიტული, მრავალსპექტრიანი პიროვნებების ნაწილია“- ასე დაახასიათა მეჩითოვი 12 აპრილს, გამოფენის გახსნისას, ორგანიზაცია „კავკასიური თანამშრომლობის“ თავმჯდომარემ, სომხეთის ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა და საქართველოში სომხეთის ყოფილმა ელჩმა ჰოვანეს მანუკიანმა.
მანუკიანის აზრით, მეჩითოვის ნამუშევრები გამოხატავს თბილისის კოლორიტსა და კულტურას.
„ის ამ სფეროში შემოქმედთა შორის საკმაოდ ცნობილია, ცნობილია ასევე ფარაჯანოვთან შემოქმედებითი კავშირით“,-აღნიშნა მანუკიანმა.
ფოტოგრაფი, ფარაჯანოვის მუზეუმის დირექტორი ზავენ სარგსიანი, „ალიქ მედიასთან“ საუბარში ამობობს, რომ ამ გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები, ჩვენი მეგობარი ქართველი ხალხის ბოლო 40 წლის ყოველდღიურ ცხოვრებას, სირთულეებსა და წარმატებებს ასახავს.
„ისტორიაში ძალიან საინტერესო ეპიზოდები არის, რომლებიც ივიწყება, ხოლო ფოტოები მათ უკვდავს ხდის. ჩვენ მხოლოდ ჩვენი მწუხარება და პრობლემები ვიცით, იმ დროს როდესაც ყველა ერში პოზიტიური და სამწუხარო ეპიზოდები არის და ჩვენ ისინი უნდა ვიცოდეთ,-ამბობს სარგსიანი და აღნიშნავს, რომ მეჩითოვი კარგი ფოტოგრაფია და მრავალი
გამოფენა ჰქონია მსოფლიოს სხვადასხა ქვეყანაში,- ის ძალიან უშუალოა და მასთან კომუნიკაცია ძალიან ადვილია რაც ძალიან მნიშვნელოვანია ფოტოგრაფისთვის, გარდა ამისა, ის ცხოვრობს თავისი ფოტოების გმირების ცხოვრებითა და პრობლემებით“.
იური მეჩითოვს ბევრი ლაპარაკი არ უყვარს, ამბობს, რომ მის მაგივრად – ფოტოები საუბრობენ.
„მე ისეთი ხელოვნების მიმდინარეობა ავირჩიე, რომელიც თვითონ ლაპარაკობს ყველაფერზე, ამის გამო ახსნის საჭიროება არ არის. მადლობელი ვარ ამ გამოფენის მოწყობისთვის“-ამბობს ფოტოგრაფი.
გამოფენა მოეწყო არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიური თანამშრომლობის“ ძალისხმევით. ორგანიზაციის თავმჯდომარე ჰოვანეს მანუკიანი ამბობს, რომ გამოფენა დიდი ხნის დაგეგმილი იყო და უკვე დიდი ხანია, რაც ორგანიზაცია მსგავს ღონისძიებებს ახორციელებს საქართველოსა და სომხეთში.
„ასეთ ღონისძიებებს მიზნად ისახავს, ორი საზოგადოების შესაბამის რგოლებს შორის კავშირის გაღრმავებას. კულტურა, ხალხების მეგობრობის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი რამაა და ხიდებს, რომელთა გადებაც შესაძლებელია კულტურის სხვადასხვა სფეროებში, საზოგადოებისთვის ძლიერი დასაყრდენის როლის შეასრულება შეუძლია“,-ამბობს მანუკიანი.
სომხეთში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელის სვეტლანა ნამჩევაძის აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენაა ქართული სათვისტომოსთვის და დააინტერესებს არა მარტო ქართველებს.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ სასწავლო კომპლექს მხითარ სებასტაცისა და თბილისის 98-ე სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც ქართული და სომხური სიმღერები შეასრულეს.