Latest posts by Aliq Media (see all)
დღეს, ჩვენს საზოგადოებაში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემაა ელიტიზმი. ეს უკვე დიდი ხნის სენია, რომელიც არ გავძლევს ნამდვილი პროგრესის მიღწევის საშუალებას. როდესაც საზოგადოების პრივილეგირებული კასტა სხვა ფენების წარმომადგენლებს არ აძლევს სოციალური წინსვლის საშუალებას და ამას შეგნებულად აკეთებს. როდესაც, სიღატაკე ასეთი ყოვლისმომცველია, რომ მას მთელი საზოგადოების 90 პროცენტამდე შთანთქმული ჰყავს და ელიტა მათ იგნორირებას უკეთებს, და უფრო მეტიც – ამ ადამიანებს ‘ბნელებს’ უწოდებს.
ილია ჭავჭავაძის ‘გლახის ნაამბობი’ ძალიან კარგი საკითხავი მასალაა ელიტიზმისაგან გამოსაჯანმრთელებლად. ეს ერთ-ერთი საუკეთესო წამალია ამ დაავადებისაგან. რადგან, სანამ საზოგადოებაში ელიტიზმი არსებობს – ის ვერასდროს წინ ვერ წავა.
ახლა იმაზე თუ რატომ იყო სომხეთის რევოლუცია წარმატებული და რატომ ვერ ვაღწევთ პროგრესს ჩვენ, საქართველოში. სომხური რევოლუციის ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი რიგითი მოქალაქეა, რომელმაც თვითონვე შექმნა საკუთარი თავი და რომელიც სწორედ მისნაირი ადამიანების ნდობით მოვიდა ხელისუფლებაში და სანამ ის მათ არ უღალატებს – და იმედი ეს არ მოხდება – სომხური რევოლუცია წარმატებული იქნება.
ჩვენთან კი 12 მაისის სოციალური პროტესტის მთავარი პრობელმა სწორედაც რომ ელიტიზმი იყო. ცხადია, პოლიციური სახელმწიფო არანაირად არ არის კარგი და მას ყველამ უნდა ვებრძოლოთ. ეს ასე ხდებოდა მიშა სააკაშვილის დროსაც, შევარდნაძის პერიოდშიც და ახლაც ასე უნდა იყოს. მაგრამ, გააჩნია საპროტესტო მოძრაობის განწყობას მოსახლეობის ეგრეთ წოდებული ქვედა ფენების მიმართ. თუ ამ ქვედა ფენებს ‘ბნელებს’ ვუწოდებთ – მაშინვე ვიკეტებით დილემაში – რამდენად დემოკრატიულია ეს პროტესტი?
სიბნელე და გაუნათლებლობა სოციალური ფენომენია და ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ სიბნელეს ყველა უნდა ვებრძოლოთ. მაგრამ სიბნელის მიზეზი ისევ და ისევ ელიტური კლასის დანაშაულია- ის არ უშვებს იმას, რომ მეტი განათლება მიიღოს ადამიანების უმრავლესობამ. თუ ბნელ ოთახში შუქი არ არის და მასში ადამიანები ერთმანეთს ეჯახებიან, საუკეთესო გზა ამ მდგომარეობიდან გამოსვლისა არ არის ამ ადამიანებს ბნელები ვუწოდოთ. საუკეთესო გამოსავალი სინათლის შემოტანაა ოთახში. სინათლე არის სიბნელისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალება.
‘ბნელის’ ეპითეტს კი პირველ რიგში ელიტის ის წარმომადგენელი იმსახურებს, რომელიც შუქს არ იმეტებს თავისი მეზობლისთვის, ახლობლისთვის და თუნდაც, შორებლისთვის. ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ეს არის. სანამ არ დაიწყება კონკრეტული პროგრამები, რომლებიც საშუალებას მისცემს ადამიანების მეტ რაოდენობას, რომ მიიღონ შესაბამისი განათლება, მანამ ჩვენს ელიტიზმს არაფერი ეშველება. კლასობრივი შოვინიზმი ფობიებს შორის ყველაზე უფრო ოპრესიული და მჩაგვრელი ფორმაა. ის ვრცელდება არა მხოლოდ ქალებზე, სხვა რელიგიისა თუ ორიენტაციის წარმომადგენლებზე, არამედ მოსახლეობის ძალიან დიდ უმრავლესობაზე. კლასობრივი შოვინიზმი უდგას სათავეში ნაციონალიზმსაც, ქსენოფობიასაც, სექსიზმსაც, ჰომოფობიასაც და ყველა დანარჩენ დისკრიმინაციის ფორმას. ელიტიზმი ყველაზე უფრო დიდი ჩაგვრაა.
სომხურმა რევოლუციამ გამირაჯვა იმით, რომ გადალახა ელიტიზმი, რომელიც ცხადია ყველგან არის. ჩვენც ასევე უნდა ვეცადოთ, რომ საკუთარი გზა მოვნახოთ ამ ელიტიზმის გადალახვისაკენ.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ საქართველოს მმართველებს შორის ყველაზე ნაკლები ელიტიზმი სწორედაც, რომ ზვიად გამსახურდიას ახასიათებდა. კლასობრივი შოვინიზმი მას პრინციპში არ ჰქონია. სწორედ იმიტომაც მოხდა, რომ ქართულმა ელიტურმა კლასმა მას სიცოცხლე მოუსწრაფა. ეს რომ არ ყოფილიყო, ვერცერთი იმპერია ვერ დაამარცხებდა იმ ერთობას, რომელიც 1980-იან წლებში იყო საქართველოში.
ახლაც ერთად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ დავამარცხოთ საკუთარი ელიტიზმი, სხვაგვარად რომ ვთქვათ – ამას ამპარტავნება ჰქვია.
ავტორი: ირაკლი კაკაბაძე