Latest posts by Aliq Media (see all)
სამცხე ჯავახეთში დამდგარა რუსეთში სამუშაოდ გამგზავრებული მამაკაცების დაბრუნების დრო. ყოველი ოჯახი ამ პერიოდში გადის „აღორძინების“ პერიოდს.
ბავშვების ბედნიერი და მონატრებული სახეები, შვილების მოლოდინში დედების ცრემლიანი თვალები და მეუღლეთა მორცხვი სახეები მეტყველებს იმაზე, რომ კაცები ბრუნდებიან რუსეთიდან.
სოფლებში ქალები ლაპარაკობენ, თუ რომლის მეუღლემ რამდენი ტანსაცმელი, ტკბილეული და, რა თქმა უნდა, რამდენი ფული ჩამოიტანა ოჯახის სარჩენად.
ოჯახის უფროსის არყოფნა თითოეული წევრისთვის მძიმე პრობლემაა, მაგრამ განშორება ყველაზე მკაფიო გავლენას ბავშვებზე ახდენს, რადგან ისინი ვერ აკონტროლებენ ემოციებს.
„მამებთან განშორება განსაკუთრებით ნეგატიურ გავლენას ახდენს ბავშვებზე, განსაკუთრებით კი ვაჟებზე. როგორც ცნობილია, მცირეწლოვანი ბავშვები პირველ რიგში ქცევის ნიმუშად იღებენ თავიანთ მამებს. მაგრამ რადგან ისინი 8-9 თვის განმავლობაში არ იმყოფებიან ოჯახში, მამა-შვილის ფსიქოლოგიური ურთიერთობა მიმდინარეობს არასწორად“ – ამბობს ფსიქოლოგი ზაურ ზადოიანი.
არმენი, რომელიც ახლახან დაბრუნებულა სოფელში, ამბობს, რომ სამსახურს არ ჩივის მიუხედავად იმისა, რომ 7 თვის განმავლობაში ოჯახიდან შორს იმყოფება, ახერხებს თანხის გამომუშავებას. ამ თანხით მისი ოჯახი წელს ახალი ავეჯის შეძენასა და ახალი წლის ღირსეულად დახვედრას აპირებს.
„რა ვქნათ, სხვა გამოსავალი არა გვაქვს. თუ დავრჩებით სოფელში, ფქვილისა და შეშის ფულიც არ გვექნება. ადრე უფრო რთული იყო, ახლა კი ინტერნეტის საშუალებით ნებისმიერ დროს შემიძლია ვესაუბრო ბავშვებსა და ოჯახის წევრებს, ასე მეტნაკლებად მაინც შემიძლია თვალი ვადევნო, თუ როგორ იზრდებიან ბავშვები“.
საზღვარგარეთ ფულის საშოვნელად გამგზავრების შემთხვევაში სასწორზე დებენ მატერიალურ კეთილდღეობასა და სრულყოფილი ოჯახის გაგებას. ფსიქოლოგის აზრით, ზამთრის პერიოდში სამცხე-ჯავახეთში ოჯახი „აღორძინების“ ეტაპს გადის. ხოლო გაზაფხულზე ბედნიერება კვლავ ტოვებს ამ ოჯახებს, ოჯახის უფროსები კვლავ გაემგზავრებიან ფულის საშოვნელად…
ახალი წელი კი არის ის ერთადერთი დღესასწაული სამცხე-ჯავახეთში, როდესაც ოჯახის ყველა წევრი თავმოყრილია ერთ ჭერქვეშ.
წყარო: jnews.ge